საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელი – რაიმონ დომენეკი ფრიად აზარტული და ყომარბაზი კაცი ყოფილა. საფრანგეთის ნაკრებიდან “უპარდონოდ“ დათხოვნილ რაიმონს, სხვადასხვა ქალაქში ხშირად ხედავენ კაზინოებში მწყაზარი სახით მჯდომს. რაიმონის საყვარელი თამაში პოკერია. როგორც ფრანგი ჟურნალისტები წერენ, მათი თანამემამულე მწვრთნელი, კაზინოს მოყვარული კაცის კვალობაზე, საკმაოდ კარგი მოთამაშეც არის და ხშირად ბრუნდება სახლში მოგებული თანხით ჯიბეამოვსებული.
ბოლო პერიოდში, დომენეკს თავისუფალი დრო თავზე საყრელი აქვს და კაზინოში ყომარბაზობის პარალელურად, თურმე ავტობიოგრაფიულ წიგნსაც წერს. როგორც იცით, დომენეკი მწვრთნელობამდე ახალგაზრდობაში საკმაოდ კარგი ფეხბურთელიც იყო და მკითხველისთვის ბევრი საინტერესო რამ ექნება მოსაყოლი. ევროპაში ბოლო წლებში უამრავმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა გამოსცა საკუთარი ავტობიოგრაფიული წიგნი და უსაზღვროდ ამბიციური ფრანგი მწვრთნელი ასეთ შანსს ხელიდან აბა, როგორ გაუშვებს...









