რაგბი

19:55 | 15.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ყოჩებმა” “ჯიქები” წააქცია, “ლელო” ლიდერად დაბრუნდა

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატის მე-11 ტურის მეორე დღის ცენტრალურ მატჩში, ბოლნისის “ყოჩებმა” “ჯიქებს” დაძაბულ ბრძოლაში 10:3 აჯობა და საპლეიოფო ექვსეულში დაბრუნდა.

“შევარდენზე” ქარიშხალი ქროდა და ამან თამაშს თავისი კვალი დაატყო. ისე მოხდა, რომ ტაიმებში ქულები მხოლოდ იმ გუნდებმა აიღეს, რომლებიც ზურგქარში უტევდნენ და მთლიანობაში, “ყოჩებმა” უკეთ რომ ითამაშეს დამსახურებულადაც გაიმარჯვეს. ბევრი იყო ტექნიკური წუნი, რაც საქართველოს ჩემპიონატში იშვიათი ისედაც არ არის და უამინდობაში კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა.

პირველ ტაიმში ქარი “ჯიქების” სასარგებლოდ ქროდა, მაგრამ შერკინებაში ბოლნისელთა უპირატესობა გამოიკვეთა და ამით მათ თამაშის დაბალანსება მოახერხეს. თუმცა, ისინი ფეხით მეტოქის ნახევარზე გადასვლას ვერ ახერხებდნენ და ბრძოლა უმეტესად მათ მხარეს მიმდინარეობდა. მაგრამ პირველი ხიფათი შეცდომას მოყვა - თემურ სოხაძის დაბალი დარტყმული ნიკოლოზ ბიწაძეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა, ის საკუთარი ნახევრიდან დაიძრა, არეულ დაცვაში გასხლტა და დაახლოებით 40 მეტრი ირბინა.

მცველებმა მოიერიშის შეჩერება საკუთარი 22-ის ხაზთან მოახერხეს, მაგრამ მთელი გუნდი თამაშგარეში ჩარჩა და ჯარიმაც დაინიშნა, რომელიც ნუგზარ გიორგაძემ 3 ქულად აქცია. ეს მე-14 წუთზე მოხდა და მალევე გიორგაძემ ჯარიმა 45 მეტრიდან დაჰკრა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. ტაიმის შუიდან ინიციატივას ქარის საწინააღმდეგოდ მოთამაშე “ყოჩები” დაუფლა და ნიკოლოზ ჩხიკვაძისა და გიორგი ტყეშელიაძის გარღვევების შემდეგ, ლევან შენგელია ლელოსაც გაიტანდა, მაგრამ მეტოქის 22-ში ბურთი ვერ შეიმაგრა.

“ჯიქებმა” ბურთი ფეხით არცთუ შორს მოიგერია და რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ გიორგი ბეგაძემ მარცხენა ფლანგზე ლევან გოგოლაშვილი მოძებნა, რომელმაც ფეხით ორჯერ ითამაშა, მაგრამ მეორე ჯერზე ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში ბურთი მეტოქეს მოხვდა და აუტში გავიდა. ამას მოლით მიძალება მოყვა, მაგრამ ესეც უშედეგო იყო და კონტრშეტევაზე სალელოვე შანსი უკვე “ჯიქებს” მიეცათ, თუმცა იერიშის ფლანგზე გაშლის ნაცვლად, სადაც აშკარა მეტობა ჰქონდათ, მათ ფეხით თამაში არჩიეს და შანსი გაანიავეს.

ამასობაში მოედანზე დავით ხიდეშელი გამოჩნდა, რომელიც კარგად ჩაერთო თამაშში და მეტოქეს პრობლემები მრავლად შეუქმნა. ტაიმის ბოლოს მან საკუთარი ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში რთულ სიტუაციაში მიიღო ბურთი, მაგრამ ფინტებით ყველას გასცდა და დაახლოებით 30 მეტრი იარა. “ყოჩებს” ჩამორჩენის გაქვითვა ჯარიმითაც შეეძლო, თუმცა ქარის წინააღმდეგ დარტყმას ხელდახელ თამაში არჩია და ტაიმი 0:3 დასრულდა.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად “ჯიქების” იერიშებით დაიწყო. ახლა მათ არ დაარტყეს ჯარიმები კარში, მაგრამ აუტებშიც ძალიან ცუდად ურტყეს. 48-ე წუთზე სოხაძეს დაახლოებით 38 მეტრიდან ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, მაგრამ ჯარიმა არაზუსტი იყო. ამაზე “ჯიქებმა” 15-მეტრიანი მოლით უპასუხა, რის შემდეგაც დიმიტრი კალანდაძემ არეკნით სცადა უპირატესობის გაზრდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო. 56-ე წუთზე რეფერიმ ბაჩანა გოგიშვილი რომ გაასინბინა, “ჯიქებმა” მეტობის გამოყენების იმედად შერკინება ირჩია, მაგრამ შეცდა და ინიციატივაც სრულად მეტოქეს გადააბარა.

მიუხედავად იმისა, რომ “ყოჩები” კაცნაკლული თამაშობდა, მათ სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, მეტოქის 22-ში დამკვიდრდნენ და გადაწყვეტილებების მიღებისას შეცდომა რომ არ დაეშვათ, ლელოსაც გაიტანდნენ. ორი გამოუყენებელი შანსის შემდეგ, მათ 5-მეტრა დერეფანი მოიგეს, მოლით წინ წაიწიეს, მერე მას ხიდეშელი მოწყდა და ლელო თითქმის ძელებსშუა გაიტანა. ეს 63-ე წუთზე მოხდა, სოხაძის გარდასახვა კი, ძელმა აისხლიტა. 66-ე წუთზე ბოლნისელებს გასინბინებული მორაგბე რომ დაუბრუნდათ, წინა ეპიზოდის ადგილიდან კვლავ მოლი ააგორეს და მთელი გუნდით მეტოქის ჩათვლის მოედანში შევიდნენ. სოხაძემ ბურთი ძელებსშუა ამჯერადაც ვერ გააძვრინა - 10:3.

“ჯიქებს” თამაშის გადასარჩენად ლელო-გარდასახვა ჭირდებოდა, მაგრამ “ყოჩები” ვეღარ გადაძალა და ბოლოს შავლეგ მახარაშვილს ჯარიმა რომ გაეტანა, მეტოქეს პრემიალური ქულის გარეშეც დატოვებდა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. ამრიგად, “ყოჩებმა” სატურნირო ცხრილში ერთბაშად ორი ადგილით წაიწია და მე-5 საფეხურზეა, მაგრამ მხოლოდ ქულას უგებს “ჯიქებს”, რაც დარჩენილ მატჩებში მაყურებელს დიდ ბრძოლებს პირდება.

პარალელურ მატჩში “ლელომ” ოთხი ლელო გაუტანა “აკადემიას”, 32:0 იმარჯვა, პრემიალური ქულაც მიითვალა და სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა. შაბათ-კვირას მორიგი ტურის თამაშები გაიმართება, რის შემდეგაც პირველობა დიდ შესვენებაზე გავა.     

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. XI ტური

15 დეკემბერი

თბილისი. “შევარდენი”. 150 მაყურებელი
ყოჩები (ბოლნისი) - ჯიქები (თბილისი) 10:3 (0:3)

ყოჩები: 15. შ. მახარაშვილი, 14. გოგოლაშვილი (გაბუნია 76), 13. ხარშილაძე, 12. ხუციშვილი, 11. კ. მახარაშვილი, 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი (ჯინჭარაძე 73), 2. ცუცქირიძე (ხიდეშელი 30), 3. ლ. შენგელია, 4. ხვისტანი, 5. გრძელიშვილი, 6. გუგეშაშვილი (ჯინჭარაძე 56-66; მალაღურაძე 66), 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე.

2 ლელო: ხიდეშელი

1 სინბინი: გოგიშვილი (56)

ჯიქები: 15. კიკნაძე, 14. ბიწაძე, 13. ბერძული, 12. კუპრეიშვილი, 11. კალანდაძე, 10. გიორგაძე (შარმაზანაშვილი 48), 9. ჭინჭარაული (ნადირაძე 72); 1. ბარბაქაძე (ხატიაშვილი 41), 2. სვანიძე (ოქრომელიძე 34), 3. ოქრიაშვილი (გაგნიძე 41), 4. გოგოლიძე (ტრაპაიძე 67), 5. მჭედლიშვილი, 6. გ. შენგელია, 7. ტუჩაშვილი, 8. სუხაშვილი.

1 ჯარიმა: გიორგაძე

 

თბილისი. “ავჭალა”.

ლელო (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 32:0 (10:0)

ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ხეცურიანი, 13. კორკელია, 12. ცერცვაძე (კოპაძე 61), 11. ნიჟარაძე (ჯოგლიძე 71), 10. ხმალაძე, 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე, 2. ბელქანია (ლომთაძე 61), 3. მელიქიძე (კვერნაძე 55), 4. ხორბალაძე, 5. ქოიავა, 6. ბუბუტეიშვილი, 7. მძინარიშვილი, 8. ნიკოლაიშვილი.

4 ლელო: ბუბუტეიშვილი, კორკელია, ხმალაძე, საჯარიმო

3 გარდასახვა: ყიასაშვილი

2 ჯარიმა: ყიასაშვილი

აკადემია: 15. მათიაშვილი, 14. კალანდარიშვილი, 13. სიჭინავა, 12. ილურიძე, 11. ჭუაძე, 10. ქოპილაშვილი, 9. ჯ. ღამბაშიძე; 1. ფეიქრიშვილი (წვერავა 41), 2. ალხაზაშვილი, 3. გ. ღამაშიძე (მაზმიშვილი 41), 4. გოგლიძე, 5. ლუარსაბიშვილი, 6. ნიბლაძე, 7. შუბითიძე, 8. გოგოლაძე.

1 სინბინი: ქოპილაშვილი (56)

 

1              ლელო                           11         8          0          3            279-138            29
2 ლოკომოტივი 11 8 0 3 255-192 36
3 აია 10 8 0 3 207-121 36
4 არმია 11 7 1 3 285-183 36
5 ყოჩები 11 6 1 4 254-220 30
6 ჯიქები 11 5 2 4 230-173 29
7 არმაზი 10 6 0 4 190-206 26
8 ხარები 11 1 0 10 125-267 7
9 აკადემია 11 1 0 10 112-289 7
10 ბათუმი 9 1 0 8 135-283 6

 

 

მომდევნო ტური. 21-22 დეკემბერი

აკადემია - ყოჩები, ჯიქები - არმაზი, ლოკომოტივი - აია, ბათუმი - არმია, ხარები - ლელო

0.130126