რაგბი

11:24 | 1.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ყოჩებმა” ბრძოლა მოიგო

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ჩემპიონატის მე-13-ე ტური ორი საინტერესო თამაშით განახლდა. ბოლნისში ის გუნდები თამაშობდნენ, რომლებიც ერთმანეთს საპლეიოფო ექვსეულის საგზურს ეცილებიან, ხოლო თბილისში საჩემპიონო ამბიციის მქონე გუნდებმა ითამაშეს.

ქვემო ქართლში, “თეიმურაზ სტეფანიაზე” გამართული მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, უაღრესად დაძაბულად წარიმართა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ “ყოჩები” და “არმაზი” თანაბარძალოვანი გუნდები არიან და მათ შორის გამართულ შეხვედრებში გამარჯვებას ის გუნდი მიაღწევს, რომელიც კონკრეტულ მომენტში უკეთ იქნება მომზადებული, უშუალოდ მოედანზე დავალებებს უკეთ შეასრულებს და ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს. ასეთი იმ დღეს “ყოჩები” იყო, რომელმაც მეტოქე 15:9 დაამარცხა და ამით მთავარ მიზანს - პლეი ოფში თამაშს მაქსიმალურად მიუახლოვდა.

 “არმაზმა” რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, უმთავრესად გადაწყვეტილებების მიღებაში. მათ შეეძლოთ, რომ ჯარიმით ანგარიში გაეთანაბრებინათ და მეტის მიღწევაზე მერე ეფიქრათ, მაგრამ მეტოქის წელში გაწყვეტა გადაწყვიტეს, რამდენჯერმე ლელოზე ითამაშეს, მიზანს ვერ მიაღწიეს და საბოლოოდ მარცხი განიცადეს. “ყოჩებმა”, რომელიც სამჯერ დაისაჯა ყვითელი ბარათით და დაახლოებით 7 წუთი 13 კაცის ამარა ითამაშა, ბოლომდე თავგანწირვით იბრძოლა, მოწინააღმდეგეს დაუფასებლობა (ჯარიმების კარში არ დარტყმით) არ აპატია და პირველ წრეში განცდილი 6-ქულიანი მარცხისთვის ღირსეული რევანში აიღო.

თამაშის დაწყებამდე მორაგბეებმა და სტადიონზე შეკრებილმა არცთუ მრავალრიცხოვანმა მაყურებელმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო უკრაინაში დაღუპულ ადამიანებს, მერე კი, დავით კიკნაძემ ცენტრიდან არეკნით სცადა ანგარიშის გახსნა, მაგრამ ბურთი ვერ აწია. ამის შემდეგ ინიციატივა ბოლნისელთა მხარეს გადავიდა, რომელმაც მეტოქეს ძალისმიერ ორთაბრძოლებში აჯობა, რაქში სტუმრებზე უკეთ ითამაშა და ორჯერ კონტრშეტევაზე ლელოს გატანის შანსიც მიეცა.

ფეხით რამდენიმე გადაკიდების შემდეგ, თემურ სოხაძემ საკუთარი 22-ის მისადგომებთან დაიჭირა ბურთი, დაიძრა და ხაზი გაჭრა. ცენტრამდე ასულმა იერიშში რატი ხუციშვილი ჩართო, მაგრამ მან კიდევ უფრო მარცხნივ პასის გაკეთება დააგვიანა და მეტობა გამოუყენებელი დარჩა. სამაგიეროდ, ბოლნისელებმა თამაშგარისთვის ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს და სოხაძემ მე-6-ე წუთზე ანგარიში გახსნა. სამიოდე წუთში იმ მატჩის საუკეთესო მორაგბე სოხაძემ დაახლოებით 38 მეტრიდან არეკნი ზუსტად დაჰკრა და საკუთარ გუნდს კიდევ 3 ქულა შემატა.

მალე საბა ნიკოლავას ჯარიმით მიეცა ჩამორჩენის შემცირების შანსი, მაგრამ დაახლოებით 40 მეტრიდან არაზუსტად დაარტყა. 23-ე წუთზე რაქში თამაშის წესი უკვე “არმაზმა” დაარღვია და სოხაძემ 38 მეტრიდან ანგარიში 9:0 გახადა. ამის შემდეგ სტუმართა გუნდმა თამაში დაალაგა, ირაკლი აბუსერიძე ჯარიმებს სწრაფად ათამაშებდა, ზოგადად, თბილისელებმა ტემპს უმატეს და მასპინძელთა გუნდსაც პრობლემები შეექმნა.

“არმაზმა” მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 5-10 მეტრში რამდენჯერმე მიიღო ჯარიმის შესრულების უფლება. ისინი მხოლოდ ლელოს გატანაზე ფიქრობდნენ და ჯარიმებს სწრაფად ათამაშებდნენ, “ყოჩები” 10 მეტრის წესის დაცვას ვერ ახერხებდა და რეფერიმ შეცვლაზე შესული ბექა გუგეშაშვილი გაასინბინა. გიორგი სოსელია ყველა ჯერზე ძლიერად ასკდებოდა დაცვის ზღუდეს, მაგრამ ბოლნისელებმა ამ მიძალების განმუხტვა შეძლეს, 33-ე წუთზე კი, ნიკოლავამ დაახლოებით 40 მეტრიდან ჯარიმა უკვე კარში დაარტყა და ანგარიში 9:3 გახდა.

თამაში რომ განახლდა “ყოჩები” მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. რეფერიმ მაღალი ბოჭვისთვის ბაჩანა გოგიშვილი გაასინბინა და მასპინძლები რამდენიმე წუთით 13 კაცის ამარა დარჩნენ. მიუხედავად ამისა, გაჭირვებაში მასპინძელთა შერკინება მაგრად დადგა და თავად მოიპოვა ჯარიმის შესრულების უფლება. მერეც, სანამ გოგიშვილი მოედანს დაუბრუნდებოდა, მათ კიდევ ერთხელ მიიღეს ჯარიმის დარტყმის უფლება, მაგრამ სოხაძეს არცთუ კარგი პოზიციებიდან ორივე დარტყმა გაუცუდდა და ტაიმი 9:3 დასრულდა.

სამაგიეროდ, მეორე ტაიმის დასაწყისში მას გასატანი პოზიციიდან მიზანმა აღარ უმტყუნა და “ყოჩებს” 9-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა. მიუხედავად ამისა, “არმაზმა” მაღალ ტემპში თამაში გააგრძელა, აბუსერიძე ხშირად ცვლიდა შეტევების მიმართულებებს და ბოლნისელებს პრობლემები ექმნებოდათ, მაგრამ სათამაშო უპირატესობის ლელოში ასახვა სტუმრებმა ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, ნიკოლავამ 45-ე და 56-ე წუთებზე ჯარიმებით სხვაობა სარაგბო საზომებით მინიმუმამდე დაიყვანა და თამაში კიდევ უფრო დაიძაბა.

ისე ჩანდა, რომ “არმაზი” მეტოქეს საბოლოოდ გატეხდა და მატჩის ბედს შემოატრიალებდა, მაგრამ თბილისელებმა ამჯერადაც იუარეს ჯარიმების კარში დარტყმა და წონასწორობის აღდგენა. ისინი ყველა ჯერზე ბურთს სწრაფად ათამაშებდნენ და მაინცდამაინც ლელოს გატანა სურდათ, თუმცა, ბოლნისელთა დაცვა ამჯერადაც მაგრად დადგა. ნიკოლავამ ჯარიმა კარში 66-ე წუთზე დაარტყა, მაგრამ კარის გასწვრივ დაახლოებით 40 მეტრიდან მიზანი ვერ გაისწორა, დაახლოებით ერთ წუთში კი, რეფერიმ “არმაზელთა” სასარგებლოდ მორიგი ჯარიმა დანიშნა.

ეს გიორგი ბეგაძემ გააპროტესტა და მსაჯმა ლაპარაკისთვის ჯარიმა 10 მეტრით გადაწია, რაზეც ბოლნისელთა 9 ნომერმა ტაში დაუკრა და მსაჯმაც მას ყვითელი ბარათი უჩვენა. “არმაზმა” ამჯერადაც სცადა მეტობის გამოყინება და ანგარიშის გათანაბრების ნაცვლად ერთბაშად დაწინაურება ისურვა. მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში დავით კიკნაძემ ფეხით ითამაშა, მაგრამ ბურთს ვეღარ შეყვა. სამაგიეროდ, ის დავით ხიდეშელმა აიტახა, თავისუფალ ფლანგზე თითქმის ცენტრამდე ირბინა, მერე ფეხით ითამაშა და სტუმრები საკუთარი ჩათვლის მოდენიდან რამდენიმე მეტრიდან საკუთარი 22-ის ხაზამდე დააბრუნა.

იქიდან ხელდახელ შეტევის მცდელობისას “არმაზი” რაქში დაჯარიმდა და სოხაძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა - 15:9. ახლა თბილისელები იძულებული იყვნენ ლელოზე ეფიქრათ და არეული თამაში გაჩაღდა, მაგრამ აქ ისევ ბოლნისელებმა იხეირეს და ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს. პოზიცია ურიგო არ იყო და სოხაძეს შეეძლო ბედი ეცადა, მაგრამ შავლეგ მახარაშვილმა სწრაფად გათამაშება გადაწყვიტა და შანსი დაიკარგა. მერე სოხაძემ 40 მეტრიდან არეკნის გატანა სცადა და ზეიმიც დაიწყო, მაგრამ რეფერიმ ბურთს ძელებსშუა არ გაუვლიაო და თბილისელებს მოგების შანსი დარჩათ. “ყოჩებმა” ამჯერადაც შეძლო თავის დაცვა, მერე ბურთი აუტში გადაგზავნა და ბოლნისელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვებით არა მხოლოდ ექვსეულში გაიმყარეს პოზიციები, არამედ ოთხეულში მოხვედრის და პლეი ოფში მასპინძლობაზე ფიქრის შანსი მიიღეს. მიუხედავად მარცხისა, “არმაზმა” პრემიალური ქულა რომ ჩაიწერა ექვსეულში დაბრუნება მოახერხა, თანაც, მას მეტოქეებზე ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული ეს “ჯიქებთან” გარკვეულ უპირატესობას აძლევს.

მეორე მატჩი თბილისში, “ავჭალაზე” გაიმართა და მისი პირველი ტაიმი განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა. “ლოკომოტივმა” ვახტანგ კავთიძის ჯარიმით გახსნა ანგარიში, გიორგი ზაქაშვილის სინბინის შემდეგ, მეტობით ისარგებლა და ალეკო ზაბახიძემ ლელოთი ანგარიში 8:0 გახადა. მაგრამ არმიელებმა ტაიმის მეორე ნახევარში თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლეს და ბახვა კობახიძემ ჯარიმით სხვაობა შეამცირა, ხოლო 29-ე წუთზე ბექა ბიწაძემ ლელოთი წონასწორობა აღადგინა.

ტაიმი 8:8 დასრულდა, მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში კი, “არმიამ” მნიშვნელოვანი უპირატესობა. კობახიძემ ჯარიმას მალე არეკნი მიაყოლა, 56-ე წუთზე მანვე ლელო გაიტანა და გარდასახვა გამოიყენა, ხოლო 63-ე წუთზე ჯარიმით ანგარიში 24:8 გახადა. მატჩის მიწურულს “ლოკომოტივმა” ლელოს გატანა შეძლო და გარდასახვაც გამოიყენა, მაგრამ 15:24 დამარცხდა და უქულოდ დარჩა, “არმია” კი, მინიმუმ ერთი დღით გალიდერდა და დღეს “ლელოსა” და “ბათუმის” შედეგს ელოდება.  

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი

XIII ტური. 28 თებერვალი

ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 150 მაყურებელი

ყოჩები (ბოლნისი) - არმაზი (თბილისი) 15:9 (9:3)

ყოჩები: 15. შავლეგ მახარაშვილი, 14. ლუკა კვარაცხელია, 13. რატი ხუციშვილი (გიგი გაბუნია 50), 12. გიორგი ხარშილაძე, 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. თემურ სოხაძე, 9. გიორგო ბეგაძე; 1. ბაჩანა გოგიშვილი, 2. დავით ხიდეშელი, 3. ლევან შენგელია (გიორგი ხოსიტაშვილი 57), 4. რატი ურუშაძე, 5. დავით გრძელიშვილი, 6. გიორგი წიკლაური (ბექა გუგეშაშვილი 19), 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ნიკა ჩხიკვაძე (თეიმურაზ ჯინჭარაძე 34-43).

4 ჯარიმა: სოხაძე

1 არეკნი: სოხაძე

3 სინბინი: გუგეშაშვილი, გოგიშვილი, ბეგაძე

არმაზი: 15. ბაჩო ჩხაიძე (რეზო ბროძელი 65), 14. ლაშა სირაძე, 13. საბა ნიკოლავა, 12. ვილიამ კაიფაჯიანი, 11. ალეკო ხუციშვილი, 10. დავით კიკნაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე (გიორგი მისრიაშვილი 73); 1. თორნიკე ჯიბლაძე (არჩილ ბეჟიაშვილი 61), 2. ვაჟა თაგაური, 3. ირაკლი ბუკია (გიორგი მარგველანი 41), 4. ნიკოლოზ გიგაური, 5. მიხეილ არჩუაშვილი (შოთა კანდელაკი 41), 6. ვახტანგ ამირანაშვილი, 7. ოთარ მინაშვილი, 8. გიორგი სოსელია.

3 ჯარიმა: ნიკოლავა

 

თბილისი. “ავჭალა”.

არმია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 24:15 (8:8)

არმია: 15. კობახიძე, 14. ტუჩაშვილი, 13. გაბროშვილი, 12. გაგოშვილი, 11. ნუცუბიძე, 10. ნინიძე (ბაირამაშვილი 67), 9. ღვინჯილია (ჯინაშვილი 63); 1. კაკოვინი (ქორიძე 64), 2. მეკოკიშვილი (მამუკაშვილი 51), 3. ზაქაშვილი (გურგენიძე 47), 4. ცხადაძე, 5. დ. ჩიტიძე, 6. თხილაიშვილი (ჟღენტი 38), 7. თავართქილაძე (დარასელია 54), 8. ბ. ბიწაძე.

2 ლელო: ბიწაძე, კობახიძე

1 გარდასახვა: კობახიძე

3 ჯარიმა: კობახიძე

1 არეკნი: კობახიძე

1 სინბინი: ზაქაშვილი

ლოკომოტივი: 15. გ. ბიწაძე, 14. თ. ჩიტიძე, 13. ფ. გასვიანი (ქავთარაძე 47), 12. კავთიძე, 11. ჟამუტაშვილი, 10. ჭინჭარაული, 9. ზაბახიძე; 1. დ. გასვიანი (ელოშვილი 30, ბალიაშვილი 63), 2. გენებაშვილი, 3. ზარიძე (კვანტრიძე 51), 4. ხულუაშვილი, 5. ტალახაძე (გეგია 46), 6. ფოფხაძე (ახვლედიანი 63), 7. თავბერიძე, 8. ბერიშვილი.

2 ლელო: ზაბახიძე, ჭინჭარაული

1 გარდასახვა: ჭინჭარაული

1 ჯარიმა: კავთიძე

1 სინბინი: ბერიშვილი

 

1      არმია                                                                    13           9           1           3           363-212           45           
2 ლელო 12 9 0 3 317-146 44
3 აია 12 9 0 3 267-155 41
4 ლოკომოტივი 13 9 0 4 298-235 40
5 ყოჩები 13 8 1 4 284-243 38
6 არმაზი 12 7 0 5 208-227 31
7 ჯიქები 13 5 2 6 253-204 31
8 ხარები 13 2 0 11 155-322 11
9 აკადემია 12 1 0 11 126-304 8
10 ბათუმი 11 1 0 10 155-378 6

 

 

1 მარტი

თბილისი. “შევარდენი”. 14:00 საათი

აკადემია (თბილისი) - ხარები (რუსთავი)

თბილისი. “ავჭალა”. 16:30 საათი

ლელო (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)

2 მარტი

ქუთაისი. “დინამო”. 15:30 საათი

აია (ქუთაისი) - ჯიქები (თბილისი)

 


0.138443