საქართველოს მორაგბეთა 2014 წლის ჩემპიონის წოდებისთვის ბრძოლას თბილისის “ლოკომოტივი” და ბოლნისის “ყოჩები” გააგრძელებენ, რომლებიც მომდევნო ეტაპზე მცირე ფინალის საგზურისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
“ლოკომოტივი” “ავჭალაზე” “ჯიქებს” 1000 მაყურებლის წინაშე დაუპირისპირდა და საწყის 20 წუთში იმხელა უპირატესობა მოიპოვა, რომ ბევრმა საქმე მოთავებულად ჩათვალა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ორი ჯარიმით და ლელოთი ბექა წიკლაურმა 11-ქულიანი უპირატესობა მოუტანა. 30-ე წუთზე რამაზ ხარაზიშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა და ტაიმი 11:3 დასრულდა.
მეორე ტაიმის მე-8 წუთზე მანვე ჯარიმით სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა, 5 წუთში დევი დევსურაშვილმა ლელოთი წონასწორობა აღადგინა, ხარაზიშვილმა კი, ზუსტ გარდასახვას სამიოდე წუთში ჯარიმა მიაყოლა და ანგარიში 16:11 გახდა. მალევე “ჯიქები” მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა, რადგან ნიკოლოზ სუხაშვილი სინბინით დაისაჯა და მე-60-ე წუთზე “ლოკომოტივმა” უპირატესობა გიორგი გეგიას ლელოში ასახა. გარდასახვა არაზუსტი იყო და 64-ე წუთზე ხარაზიშვილმა “ჯიქები” კვლავ დააწინაურა, მაგრამ წიკლაურმა ჯარიმითვე კიდევ ერთხელ წონასწორობა 78-ე წუთზე აღადგინა. მატჩი ფრედ 19:19 დასრულდა და დებულების თანახმად, შემდეგ ეტაპზე ის გუნდი გავიდა, რომელსაც კონკრეტულ თამაშში მეტი ლელო ჰქონდა გატანილი, ასეთი კი, “ლოკომოტივი” იყო. პრინციპში, ისევ დებულების თანახმად, ეს მაჩვენებელი ტოლი რომ ყოფილიყო, რკინიგზელებს შემდეგ ეტაპზე გასვლა მეტოქის მიერ მიღებული ყვითელი ბარათის გამოც ექნებოდა და შემდეგი მუხლით, რეგულარულ ჩემპიონატში უკეთესი ადგილის დაკავების გამო, მეორე ეტაპზე მაინც ის გავიდოდა.
მეორე მატჩში ბოლნისის “ყოჩები” ქუთაისის “აიას” “შევარდენზე” დაუხვდა და მოულოდნელად, საკმაოდ დამაჯერებლად 20:7 იმარჯვა. ქუთაისელები მხოლოდ 20 წუთი, მეორე ტაიმის დებიუტში ფლობდნენ უპირატესობას, დანარჩები 60 წუთი კი, “ყოჩების” იყო და შემდეგ ეტაპზე ბოლნისელები დამსახურებულად გავიდნენ. მათ შეხვედრის დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიში გახსნა, მაგრამ ჯერ ლელო ვერ გაიტანეს, მერე კი, თემურ სოხაძეს ორ-ორი ჯარიმა და არეკნი (აქედან ერთი 60 მეტრიდან), ხოლო შავლეგ მახარაშვილს ერთი არეკნი გაუცუდდა.
ანგარიში მე-16 წუთზე სოხაძემ გახსნა, როდესაც მისმა გუნდმა მოლით შეუტია, მეტოქე დაჯარიმდა და გუნდის კაპიტანმა 22 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. “აიას” წონასწორობის აღდგენა მალევე შეეძლო, მაგრამ დამრტყმელს ამჯერად ქარმა ხელი შეუშალა. 25-ე წუთზე “ყოჩებმა” მეტოქეს მოლით შეუტია და მესამე მიძალების შემდეგ ბაჩანა გოგიშვილმა ბურთი ჩათვლის მოედანში დაამიწა, ხოლო სოხაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ორიდე წუთში ლელო უკვე ქუთაისელებმა გაიტანეს, რაც უკანახაზელთა შეცდომებს მოჰყვა. მათ ფეხით გადაკიდებული ბურთი ვერ დაიმორჩილეს, ქუთაისელებმა ჩახურვა მოასწრეს და რამდენიმე დარტყმის შემდეგ ლელო ბექა ყურაშვილმა გაიტანა, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახვა გამოიყენა. და მაინც, ბოლნისელებმა სათამაშო უპირატესობის გამოყენება მოახერხეს და სოხაძემ 32-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა. მას შემდეგი დარტყმა გაუცუდდა და ტაიმი 13:7 დასრულდა.
მეორე ტაიმში ქარი “აიას” სასარგებლოდ უბერავდა და სათამაშო უპირატესობა ქუთაისელთა ხელში გადავიდა. საწყის 20 წუთში მათ ლელოს გატანის შანსიც მიეცათ, მაგრამ ბოლნისელებმა თავგანწირული დაცვა ითამაშეს და მეტოქეს დაღლა რომ დაეტყო, ახლა უკვე მათ დაიბრუნეს უპირატესობა. ისინი ხელდახელ ცდილობდნენ თამაშს, მაგრამ მეტოქის დაცვის ხაზში ნაპრალი 73-ე წუთამდე ვერ იპოვეს. სოხაძეს არეკნი კი გაუფუჭდა, მაგრამ მერე თავის ნახევრიდან ხელდახელ შეუტია, ოთხ მეტოქეს გასცდა და უპირატესობა შექმნა. იერიში რატი გარუჩავამ გააგრძელა და ცოტა რომ იარა ბურთს ფეხი წაკრა, მას გიორგი ხარშილაძე მიყვა, ფეხით ერთხელაც ითამაშა და ლელოთი “აიას” საქმე მოუმთავრა, ხოლო სოხაძემ გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, “აია” და “ჯიქები” საჩემპიონო ბრძოლას გამოეთიშნენ. 10 ან 11 მაისს, მცირე ფინალის საგზურისთვის ერთმანეთს “ყოჩები” და “ლოკომოტივი” შეხვდებიან, ხოლო “არმია” და “ლელო” იმ გუნდის ვინაობას გაარკვევენ, რომელიც ფინალში ნაადრევად გავა.
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი
3 მაისი. პლეი ოფი. პირველი ეტაპი
თბილისი. “ავჭალა”. 1000 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) - ჯიქები (თბილისი) 19:19 (11:3)
(ლელოებით 2:1 შემდეგ ეტაპზე გავიდა “ლოკომოტივი)
ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. გ. ბიწაძე, 13. ქავთარაძე, 12. კავთიძე, 11. ჩიტიძე, 10. გო. ჭინჭარაული, 9. ზაბახიძე; 1. დ. გასვიანი (თავბერიძე 80+), 2. გენებაშვილი, 3. მაღალდაძე (ზარიძე 51), 4. ხულუაშვილი, 5. გეგია, 6. ფოფხაძე, 7. ბერიშვილი, 8. კიკვიძე (ტალახაძე 34).
2 ლელო: წიკლაური, გეგია
3 ჯარიმა: წიკლაური
ჯიქები: 15. კიკნაძე, 14. ნ. ბიწაძე, 13. ბერძული, 12. დევსურაშვილი, 11. ხარაზიშვილი, 10. კალანდაძე (სვანიძე’უმც. 79), 9. გი. ჭინჭარაული; 1. ხატიაშვილი (ოქრომელიძე 67), 2. მამრიკიშვილი, 3. ოქრიაშვილი, 4. მჭედლიშვილი, 5. შენგელია, 6. მოგელაშვილი, 7. ტუჩაშვილი (ტრაპაიძე 51), 8. სუხაშვილი.
1 ლელო: დევსურაშვილი
1 გარდასახვა: ხარაზიშვილი
4 ჯარიმა: ხარაზიშვილი
1 სინბინი: სუხაშვილი
თბილისი. “შევარდენი”. 500 მაყურებელი
ყოჩები (ბოლნისი) - აია (ქუთაისი) 20:7 (13:7)
ყოჩები: 15. კვარაცხელია (ხუციშვილი 79), 14. გეგენავა, 13. ხარშილაძე (აბდუშელიშვილი 79), 12. გარუჩავა, 11. გოგოლაშვილი, 10. სოხაძე, 9. შ. მახარაშვილი (ბეგაძე 75); 1. გოგიშვილი (შენგელია 53), 2. ხიდეშელი, 3. ხოსიტაშვილი (ჯინჭარაძე 66), 4. ურუშაძე, 5. გრძელიშვილი (ტვილდიანი 74), 6. გუგეშაშვილი (ხვისტანი 76), 7. ტყეშელიაძე (მაისურაძე 80), 8. ნ. ჩხიკვაძე.
2 ლელო: გოგიშვილი, ხარშილაძე
2 გარდასახვა: სოხაძე
2 ჯარიმა: სოხაძე
აია: 15. ძნელაძე, 14. აბრამიძე, 13. ფრუიძე, 12. ირემაძე (სინაურიძე 75), 11. კვერნაძე, 10. ჯინჭველაშვილი (ბაბუნაშვილი 50), 9. როხვაძე (თ. თუთბერიძე 75); 1. რატიაშვილი (ლომსიანიძე 74), 2. მატკავა (სალდაძე 65), 3. ტ. ჩხიკვაძე (ულუმბელაშვილი 41), 4. შალამბერიძე (გიორგაძე 74), 5. ჩიტეიშვილი (ჯავახია 63), 6. რევიშვილი, 7. დანგაძე, 8. ყურაშვილი.
1 ლელო: ყურაშვილი
1 გარდასახვა: ჯინჭველაშვილი
10-11 მაისი. პლეი ოფი. მეორე ეტაპი
ლოკომოტივი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)
არმია (თბილისი) - ლელო (თბილისი)