ფეხბურთი

20:45 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყენიამ მაინც ითამაშა, რამოსმა კობახიძეს ტაიმი დაუთმო

გერმანიის II ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში, დიუსელდორფის "ფორტუნამ" შინ ვერ მოუგო დრეზდენის 'დინამოს" – 1:1. ლევან ყენია წინა დღეებში ვერ ვარჯიშობდა და როგორც თავად თქვა, სავარაუდოდ, ვერ ითამაშებდა, თუმცა 77-ე წუთზე მაინც შეიყვანა მწვრთნელმა. "ფორტუნა" მე-15 ადგილზეა, თუმცა ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა და რურელები ლიდერს მხოლოდ 6 ქულით, მესამეადგილოსანს კი 3 ქულით ჩამორჩებიან.

რუსეთში მახაჩყალის "ანჟიმ" გასვლაზე 2:2 ითამაშა "ტომთან". გია გრიგალავა ბოლო წუთზე შეიყვანეს მინდორზე. "ანჟი" მე-14 ადგილზეა 4 ქულით – მოგების გარეშე. "ამკარი" – "რუბინი" 0:0 დასრულდა. სტუმართა შორის, საბა კვირკველია სათადარიგო იყო. "რუბინი" მეექვსე ადგილზეა.

უკრაინაში "დნიპრომ" შინ 1:0 სძლია "ტავრიას" და მეორე ადგილზეა. როგორც იქნა, ხუანდე რამოსმა სანდრო კობახიძე პრემიერლიგაში სასტარტოში დააყენა, თუმცა შესვენებისას შეცვალა. რაც შეეხება ჯაბა კანკავას, მან სრულად ითამაშა და პირველივე წუთებში ყვითელი ბარათი მიიღო.  N

დანიაში "ორჰუსმა" შინ 0:1 წააგო "ვიბორგთან" და მესამე ადგილზე დარჩა. ქართველთაგან მხოლოდ დავით სხირტლაძემ ითამაშა, კერძოდ, 57-ე წუთზე შეიყვანეს. დავით დევდარიანი სათადარიგო იყო, ხოლო მათე ვაწაძე განაცხადში არ გახლდათ – საკმაო ხანს ტრავმა ჰქონდა და ორიოდე კვირის წინ დაიწყო თამაში, თუმცა "ვიბორგთან" მაინც არ დააყენა მწვრთნელმა.

ლატვიაში, თამაზ პერტიას გაწვრთნილმა "სკონტომ" გასვლაზე 2:0 აჯობა "ილუკშტესს”' და 8-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, თუმცა თორნიკე თარხნიშვილის "ვენტსპილსს" 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. "სკონტოდან" ირაკლი კლიმიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ლადო დათუნაშვილი კი 77-ე წუთზე შევიდა მინდორზე. "ილუკშტესიდან" შეუცვლელად გაისარჯნენ გიორგი ხუმარაშვილი და ჯემალ ჯალიაშვილი, გიორგი ტუხაშვილი კი 68-ე წუთზე შეცვალეს. "ილუკშტესი" ბოლოსწინა ადგილზეა. 

"ვენტსპილსმა" შინ 0:0 ითამაშა "დაუგავპილსთან". მასპინძელთაგან თარხნიშვილს არ უთამაშია, სტუმართა შორის კი 90 წუთი დაჰყვეს მინდორზე გიორგი ჩიხრაძემ და ბიძინა ცინცაძემ, ხოლო მამუკა ღონღაძე 63-ე წუთზე შეცვალეს. "ვენტსპილსზე" ვთქვით, ხოლო "დაუგავპილსი" კი მესამეზეა.

აზერბაიჯანში გიორგი ჩიხრაძის "სიმურგმა" 3:1 სძლია "სუმგაითს" და მეხუთე საფეხურზეა.

"იაგელონიამ" პოლონეთის ექსტრაკლაში 6:0 მოუგო "რუხს", თუმცა გიორგი ფოფხაძე და ახალგამოჯანმრთელებული ნიკა ძალამიძე განაცხადში არ ყოფილან. "იაგელონია" მეხუთე ადგილზეა.

0.118564