ფეხბურთი

12:38 | 24.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყენია “ზანქტ-პაულის” დაუზავდა

გერმანიის საფეხბურთო მე-2 ბუნდესლიგის მე-8 ტურში, დიუსელდორფის “ფორტუნა”, სადაც ლევან ყენია  თამაშობს, სტუმრად “ზანქტ-პაულის” დაუზავდა – 1:1.

ქართველი შემტევი ნახევარმცველი, “ფორტუნას” სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. დიუსელდორფელებმა ანგარიში 47-ე წუთზე, ბურკინა-ფასოელი არისტიდე ბანსეს დარტყმის შემდეგ გახსნეს. “ზანქტ-პაულიმ” საპასუხო გოლი 83-ე წუთზე გაიტანა და მისი ავტორი ფლორიან კრინგეა.

“ამ თამაშისთვის მზადების ფარგლებში ბევრი ვიმუშავეთ საიმისოდ, რომ თავი კარგად დაგვეცვა. სამწუხაროა, რომ სამი ქულა ვერ ავიღეთ. თუმცა, მომდევნო მატჩისთვის უფრო თავდაჯერებულები მოვემზადებით”, – იუწყება ყენიას სიტყვებს “ფორტუნას” ოფიციალური ვებგვერდი.

“ფორტუნას” 9 ქულა აქვს და 18 გუნდიან მე-2 ბუნდესლიგაში მე-13 ადგილზეა.

თურქეთის სუპერლიგის მე-5 ტურში, “ქაისერისფორი”, რომელსაც ზურა ხიზანიშვილი კაპიტნობს, შინ “ტრაბზონსფორთან” 0:1 დამარცხდა.

ხიზანიშვილი, რომლმაც ცოტა ხნის წინ, ეროვნული ნაკრებიდან წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა, მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ქაისერს” 4 ქულა აქვს და 18-გუნდიან სუპერლიგაში მე-15 პოზიციაზეა.

ლიტვის A ლიგის 30-ე ტურში, გათამაშების აუტსაიდერმა “ტაურასმა” გასვლაზე “სუდუვასთან” 1:3 წააგო. “ტაურასში” ირაკლი თვალავაძემ სრულად ითამაშა, ხოლო მის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში მყოფი გიორგი ჩარგაზია, 68-ე წუთზე შეცვალეს. “ტაურასს” ბოლო, მე-9 ადგილი უკავია 5 ქულით. 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116924