ფეხბურთი

2:20 | 29.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყენია: კონტრაქტი “ფორტუნასთან” და სავარაუდოდ, 10 ნომერი

ლევან ყენიამ 2+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა დიუსელდორფის ”ფორტუნასთან”. როგორც “მსოფლიო სპორტი” წერდა, 22 წლის ქართველი ნახევარმცველი ხუთშაბათ დილით ჩავიდა გერმანიაში, სამედიცინო შემოწმება გაიარა და დღეს საღამოს კონტრაქტიც გააფორმა.

ასევე შევიტყვეთ, რომ სავარაუდოდ, ლევანი “ფორტუნაში” 10 ნომერი იქნება. 

ყენიას ახალი კლუბი მეორებუნდესლიგელია: გასული სეზონი დიუსელდორფელებმა ბუნდესლიგაში ბოლოსწინა ადგილზე დაასრულეს და გავარდნენ. გეცოდინებათ, ქართველი  გელზენკირხენის “შალკეში” თამაშობდა, თუმცა 2009 წლის ოქტომბერში კოჭის მძიმე ტრავმა მიიღო და სამი ოპერაცია გადაიტანა.

ყენია შარშან ზაფხულს გადავიდა “შალკედან” ლვოვის “კარპატიში” და ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და უკრაინული პრესისგან ქებაც არ აკლდა.

დიუსელდორფი, ქართველებისთვის იღბლიანი ქალაქი (1981 წელს ხომ თბილისის “დინამომ” სწორედ იქ მოიგო თასების თასის ფინალი), რურის მხარეშია.

“ფორტუნა” გერმანიის ჩემპიონი ერთხელ, 1933 წელს გახდა. თასი კი ორჯერ მოუპოვებია – 1979 და 1980 წლებში.      

 

0.136964