ლევან ყენიას ტრავმა, საბედნიეროდ, სერიოზული არ აღმოჩნდა. გელზენკირხენის “შალკეს” 20 წლის ნახევარმცველმა, 7 იანვარს, გუნდის ვარჯიშზე მარცხენა ფეხის კოჭი დაიზიანა, თუმცა, 8 იანვარს ინდივიდუალურად ივარჯიშა – სირბილი, აჩქარებები, ოღონდ ბურთის გარეშე. ფიზმომზადების მწვრთნელებთან ერთად, “შალკეს” თავკაცი, ფელიქს მაგათიც გულისყურით ადევნებდა თვალს ლევანის ვარჯიშს.
მაგათმა 7 იანვარსვე განაცხადა, საშიში არაფერი ჩანს და იმედია, ლევანი მალე ისევ მწყობრში იქნებაო. ჯერჯერობით, ასეცაა. კონკრეტულად როდის შეძლებს ქართველი თამაშს, ეს კვლავ უცნობია. 9 იანვარს, “ხუმარები” თურქულ “კარაბუკსპორს” ხვდებიან ტესტ-მატჩში და სავარაუდოდ, ყენია ამ მატჩსაც გამოტოვებს. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია.
შეხსენებისთვის, მაგათის გაწვრთნილებმა წინა ამხანაგური შეხვედრა თურქეთის სუპერლიგის ლიდერ “ტრაბზონსპორთან” 0:3 წააგეს.
ილია ნანობაშვილი









