ბლოგი

14:39 | 10.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყარაჩოღლურ თარგზედ ნათქვამი

მინამ გულში ეს ოხერი დარდი ჩაინავლებოდეს და ვარამ-ბალღამიც ყელსა სწვამს, მოდით ჩვენი “მილანის” გულ-ბოყდამწველი წარსული კიდევ ერთხელ მოვიგონიოთ ძმანო და კიდევ ერთხელა ვთქოთ რომა, მხოლოდ შავ-წითელი პერანგი ვერ იზამს დიდ-დიდ ამბებსა. მოდით ძმანო, გაიზიარეთ ჩვენი კაეშანი და ჩვენი ტკივილი რომელიცა რომა, ამ ჩვენმა ბედდამწვარმა “მილანმა” კიდევ ერთხელ მოგვაყენა და ვინ იცის, კიდევ რამდენჯერ გაგვიფუჭებს სიყრმესა და ყმაწვილკაცობას. სადა ხარ ჩემო პავლიკა ჩეზარიჩო, სამი ნომერი რომ გეხატა ზურგზე და შენი დანახვისას ტალიკ-ტალიკ თავდამსხმელებსაც კი მუხლები რომ უკანკალებდათ. მოდი, აიღე ხელში ეს ფიალა ჩეზარიჩო  და რაიმე გვითხარ ისეთი, გულზე რომ მოგვეფონოს და კატალონიელთაგან მიყენებული ჭრილობა დაგვიამოს. შენ სადა ხარ ჩემო დეიან, “მილანის” ოდინდელო სულო და გულო, ბალკანეთის მადლიანი მიწის შვილო და ომში გაზრდილო ძმაბიჭო... ნამეტანავად გვაკლიხარ ძმაო დეიან და რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად ვიხსენებთ შენს ჯიგარსა და მონდომებას.

შენს თავს რა დაგვავიწყებს ანდრიუშა. ჩვენო გოლეადორო ხახოლო, ახლა ჩვენებური კახისეეფ უკრიანის ბედშავ პოლიტიკას რომ შესჭიდებიხარ. ვინღა გაუქროლებს კატალონიელ მცველებს ცხვირწინ და ვინ ააკივლებს ლომბარდიულ ტიფოზერიას? მერიქიფევ, ხვანჭკარა, ჩამოუსხი ”შევას”, ჩვენზე, აპენინის გამო გულდამწვართა ანგარიშზე ჩასწერე ხარჯი...     

უხ, მასარო, უხ!!! ასე უნდა მიგვაგდო და ჩაგვალპო ამ “სემიჩკა” ბიჭების ხელში, რომლებსაც შავ-წითელი სამოსი მეჯღანე საქულას ნაცოდვილარი ჭინჭები ჰგონიათ და  “მილანის” ფეხბურთელობისას არაფერი უგავთ. გამოჰყავ შენი ბანჯგვლიანი ფეხი მასარო-ჯან და ისეთი დაჰკარ ამ ოხერტიალ ბურთსა, რომა იფრინოს-იფრინოს და ვალდესის კარში შაფრინდეს არღნის ჩიტივით! დაიცა, რა დროს წლებია და სიბერეა. არ გამაგონო ეგეთები! მიდი, ნიფხავი გამაიცვალე, მოედანზე შავტუხა მარიოს მაგივრად უნდა შახვიდე მასარო-ჯან!

ვინაო. ხომ არ მამესმა? გატუზო ახსენეთ თქვე ოხრებო? მაგისი შარის თავი მაქვს ახლა? დალევს ორ ჭიქას და დაიწყებს მუშტებზე ყურებას ისეთი მაზალოა ეგ ოხერი. მარა, ფეხბურთში კი მაგარი იყო მამაძაღლი და გამაიყვათ, გაუვსეთ მაგასაც ყანწი. მაგას თავისი დაფსული თვალები ეყოფა დარდად და ვარამად და ამ მასიმილიანო ალეგრის ღრეჭას მაინც ნუ აყურებინებთ ჯოჯოხეთის ქვაბის თუხთუხივიით რომ გვტანჯავს და გვწამლავს. თუ ღვინო არ უნდა, ჟიპიტაური ჩამოუსხით კაცო. მაგისთვის სულ ერთია ხო იცით...

მომაშორეთ კაცო ეს იბრაჰიმ ბა. რაღაცას მებჟოტიალება, მეც კი უფრო კარგად ვითამაშებდი, ვიდრე ახლანდელი “მილანელებიო”. მტერი ენდო ამას. გუშინ კიდევ მეუბნებოდა, გასულ გაზაფხულზე თბილისში ვიყავიო და წითელი ღვინო დავლიეო. თბილისმა ჯალალ-ედ-დინი და აღა მახმად ხანი რომ აიტანა ეგ ხარფუხელმა ბაყვამაც კი იცის, მაგრამ იბრაჰიმ ბას ატანა არ გინდა კაცო? თან ნახეთ, განსხვავებულისაკენაც რომ მიიწევს. გაუვსეთ ერთი, მაგისი ცრემლი უნდა დავინახო ემ საათში.

მოკლედ, თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო თქვენს ჯიგარსა და ჯიგარს გამოყოლებულ გულსა და ფილტვებს ვენაცვალე. თქვენს მონდომებასა და კლასს ვენაცვალე, თქვენს გამო “სან სიროზე” დაკრული ტაშისგან გადატყავებულ ხელებსა და ამ ხელების პატრონებს ვენაცვალე, რამე უნდა გვიშველოთ, თორემ გასკდება ეს ოხერი გული და ის იქნება. მეც ვიცი კაცო, რომ ნიახურები არა ხართ მეორედ რომ მოხვიდეთ, მაგრამ მიდით და მასიმიალინო ალეგრი და მაგისი ჩურჩუტი ბიჭები ან დალოცეთ, ან დაწყევლეთ, ან აგინეთ, ან ბოლოს და ბოლოს სცემეთ და იქნებ ამან მაინც გამოიღოს შედეგი. თქვენი იმედიღა გვაქვს! აბა ეს ფიალაც ჩავცალოთ სანამ გათენდებოდეს მაგის ჯიგარიც დაიწოს!

 

0.117527