ჭადრაკი

0:35 | 16.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყაიმების დღე ვარშავაში

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ჭადრაკში მე-7 ტურის პარტიები მიილია და როგორც ქალებში, ასევე კაცებში საქართველოს ნაკრებებმა ფრედ ითამაშეს.

ქალები პოლონეთს დაუპირისპირდნენ და მართალია ბელა ხოტენაშვილმა (2524) ივეტა რაილიჩს (2404) სძლია, მისი გამარჯვება ნინო ხურციძის (2462) იოლანტა ზავადსკასთან (2383) მარცხით გაიქვითა, ნანა ძაგნიძე (2556) და ლელა ჯავახიშვილი (2423) კი, შესაბამისად, მონიკა სოცკოს (2431) და კარინა შჩეპკოვსკა-ჰოროვსკას (2382) დაუზავდნენ.

საქართველოს ნაკრებმა 10 ქულა მოაგროვა და უკრაინის (13) და სომხეთის (11) კვალად, მე-3 ადგილზე იმყოფება. ბოლოსწინა მე-8 ტურში ეს უკანასკნელნი სწორედ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ქართველი მოჭადრაკეები კი რუსეთს ეთამაშებიან, რომელიც ასევე 10 ქულით მეოთხეა.

ფავორიტად მიჩნეულ ინგლისთან გამორჩა ყაიმს საქართველოს ვაჟთა ნაკრები. მიხეილ მჭედლიშვილმა (2631) ლუკ მაკშეინს (2696) სძლია, მერაბ გაგუნაშვილი (2556) ნაიჯელ შორტთან (2680) დამარცხდა, ხოლო ბაადურ ჯობავა (2695) და ლევან ფანცულაია (2595) შესაბამისად, მაიკლ ადამსთან (2752) და გევეინ ჯონსთან (2648) დაზავდნენ.

საქართველოს ნაკრებს 9 ქულა მოუგროვდა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-9 ადგილზეა. 12 ქულით ლიდერი საფრანგეთი გახლავთ, რომელსაც 11-11 ქულით აზერბაიჯანი და სომხეთი მიჰყვებიან.

მე-8 ტურში ქართველი მოჭადრაკეები უკრაინას გაეჯიბრებიან, საფრანგეთი სომხეთს ეთამაშება, აზერბაიჯანი – საბერძნეთს, ხოლო ჰოლანდია – რუსეთს.

0.12382