2013 წლის სეზონი ქართველ სპორტსმენთაგან ყველაზე წარმატებული ძიუდოისტებისთვის რომ აღმოჩნდა, ბოლო კვირებში ჩატარებულმა ყველა გამოკითხვამ და დაჯილდოვებამ დაადასტურა. ეროვნულმა ნაკრებმა ინდივიდუალური პირველობის ოქროს მედლის გარდა ყველა ტიტული მოიგო, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა. ასაკობრივმა ნაკრებებმა კი მსოფლიოს კვარცხლბეკი ინდივიდუალურ ჩემპიონატზეც დაიპყრეს. ამასთან, ორი ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვეს. ამ შემაჯამებელ წერილშიც ყურადღებას მხოლოდ ახალგაზრდა და ჭაბუკი ძიუდოისტების წლის მონაგარზე გავამახვილებთ.
გია გუგავას გაწვრთნილი ახალგაზრდული ნაკრები 22-24 სექტემბერს სარაევოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 10 სპორტსმენით გამოვიდა და 5-მა მათგანმა მედლის მოპოვება შეძლო. ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (100 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ლევან გუგავასა (73 კგ) და ლევან მატიაშვილს (+100 კგ) უმაღლეს ტიტულამდე თითო გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდათ და შესაბამისად, ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. გიორგი ზაქარიაძე (+100 კგ) კი ბრინჯაოს დასჯერდა.
ცნობისთვის, ზაქარიაძემ და მატიაშვილმა უფრო მაღალი სინჯის მედალის აღების შანსი ერთსა და იმავე მეტოქესთან - რუს ანტონ კრივობოკოვთან მარცხის გამო დაკარგეს.
ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და თორნიკე ოთინაშვილმა (100 კგ) რეპეშაჟის ფინალში წააგეს და მე-5 ადგილები დაიკავეს. ვაჟა მარგველაშვილი (60 კგ), უშანგი მარგიანი (81 კგ) და ლაშა ტაველური (90 კგ) კი შეჯიბრებას მერვედფინალიდან გამოეთიშნენ. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა.
ევროპირველობიდან ერთ თვეში ლუბლიანაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა და გუგავამ 10-კაციანი ქვოტა კვლავ ბოლომდე შეავსო, ოღონდ რვა წონიდან ერთი (60 კილოგრამი) კვლავ თავისუფალი დატოვა. ევროპის ჩემპიონატზე დასვენებულ 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ადგილი ლერი ჭელიძემ დაიკავა. ჩხვიმიანი გელა კელიხაშვილმა ჩაანაცვლა, მარგიანი – ბექა დონღვანმა, ოთინაშვილი კი ფრიდონ გიგანმა (73 კგ). გია გუგავამ უშანგი მარგიანი სლოვენიაში მაინც იახლა, ოღონდ მხოლოდ გუნდურ პირველობაზე საჭიდაოდ.
ინდივიდუალურ ჩემპიონატში კვლავ შეუდარებლად იჭიდავა ბექა ღვინიაშვილმა და სეზონის ოქროს დუბლი შეასრულა. ლერი ჭელიძემ და ლევან მატიაშვილმა ბრინჯაოები ირგუნეს. ამ უკანასკნელმა, უკეთესი სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი ისევ ანტონ კრივობოკოვთან წაგებით დაკარგა. ამ ნახევარფინალურ დაპირისპირებამდე კი ქართული მეოთხედფინალი შედგა, რომელშიც მატიაშვილმა ზაქარიაძეს აჯობა. საბოლოოდ ზაქარიაძემ მე-5 ადგილი დაიკავა. გუნდის დანარჩენი წევრები კი შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ. მათ შორის 100 კილოგრამის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი გურამ თუშიშვილი, რომელიც მსაჯმა მეტოქისთვის სახიფათო ილეთის შესრულების გამო შეხვედრიდან მოხსნა.
მას შემდეგ, რაც ვაჟთა და გოგონათა შორის მედლების ყველა კომპლექტი გათამაშდა, ახალგაზრდული ძიუდოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი გაიმართა. ვაჟთა შორის საქმეში 16 ქვეყნის ნაკრები ჩაერთო.
თუკი აქამდე ძიუდოს გუნდური შეჯიბრებები ძირითადად ქართულ-რუსული ფინალით მთავრდებოდა ხოლმე, ახალგაზრდებში სწორედ ამ დაპირისპირებით დაიწყო. გუგავას ხუთეულმა კელიხაშვილის, მარგიანისა და ღვინიაშვილის მიერ აღებული ქულების წყალობით 3:2 იმარჯვა. ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტის ძლევის შემდეგ საქართველო ახალგაზრდული ნაკრები მონღოლეთსა და სლოვენიას მშრალი ანგარიშით გასცდა. თავიანთი შეხვედრები მოიგეს კელიხაშვილმა, გუგავამ, მარგიანმა, ღვინიაშვილმა და მატიაშვილმა.
ფინალში ერთმანეთის პირისპირ ქართველები და ბერძნები დადგნენ. შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის არასასურველი სცენარით დაიწყო – კელიხაშვილი ახალგაზრდებს შორის ევროპის 3-გზის ჩემპიონ გეორგიოს აზოიდისთან გაფრთხილებებით დამარცხდა. ანგარიში ფრიდონ გიგანმა გაათანაბრა რომან მუსტოპულოსის ვაზარ-იუკოთი ძლევით. მუტოპულოსი ვეტერანი ქართველი ძიუდოისტის გიორგი რევაზიშვილის ვაჟია და წლეულს 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. სლოვენიურ მსოფლიოს პირველობაზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 81 კილოგრამში ბერძნებს ხუთეულში კიდევ ერთი საიმედო ძიუდოისტი ჰყავდათ – მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ალექსიოს ნტანაციდისი, მაგრამ ფინალში ვერც მან გაუმართლათ. მარგიანმა ტიტულოვანი მეტოქე წუთნახევარში ვაზარზე დააგდო და უპირატესობა საფინალო სირენამდე მშვიდად შეინარჩუნა.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გამნაღდებელი ქულა საქართველოს ნაკრებს ღვინიაშვილმა მოუტანა. ევროპის და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გეორგიოს მალიაროპულოსი წუთნახევარში ვაზარზე დააგდო და შებოჭა. მატიაშვილმა საბოლოო ანგარიში – 4:1 დავიდ კარაკლიდისთვის შესრულებული ეფექტური სუფთა გდებით დააფიქსირა. აქვე ერთი საინტერესო დეტალიც, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მძიმე წონაში მონაწილე რომ არ ჰყოლოდა, მსოფლიოს ჩემპიონი მაინც გახდებოდა. ლუბლიანური მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა.
ჭაბუკთა ნაკრებმა სეზონის ორ უმთავრეს შეჯიბრებაზე ერთადერთი ოქროს მედალი აიღო. 8-11 აგვისტოს მაიამიში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე კობა მჭედლიშვილმა უმაღლესი ტიტული მოიპოვა. რობიზონ ბეგლარაშვილსა (50 კგ) და თამაზ კირაკოზაშვილს (73 კგ) კი მსოფლიოს ჩემპიონობამდე ფინალის მოგებაღა დააკლდათ.
ამ სამეულმა მსოფლიოს პირველობამდე თვენახევრით ადრე, ევროპის ჩემპიონატზეც (ტალინი. 21-23 ივნისი) მოახერხა საპრიზო ადგილის დაკავება. ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილმა გუნდმა ესტონური ტატამიდან სულ 4 მედალი გამოიტანა და ოთხივე ბრინჯაოსი. ბეგლარაშვილის, მჭედლიშვილისა და კირაკოზაშვილის გარდა კვარცხლბეკზე დავით რამაზაშვილი (90 კგ) ავიდა.
სეზონის ერთ-ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება კი გია თენაძისა და კახა მოცრაძის გაწვრთნილი იუნიორ გოგონათა ნაკრების შედეგიანობა იყო. 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მზია ბებოშვილმა (48 კგ) ტალინურ ევროპირველობაზე დამოუკიდებელი ქართული ძიუდოს ისტორიაში, პირველი მედალი – ბრინჯაო მოიპოვა. ამ წარმატებიდან ერთ დღეში კი მარიამ ჯანაშვილმა (52 კგ) თამასა უმაღლეს წერტილამდე ასწია – ევროპის ჩემპიონი გახდა. ამასთან, ისე უნაკლოდ იჭიდავა, საწყისი ეტაპებიდანვე გამოიკვეთა, რომ მისი მომგები არავინ იყო. 17 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ოქროს გზა ოთხი იპონით გაიარა.
მარიამ ჯანაშვილმა თავისი ძალა მსოფლიოს ჩემპიონატზეც დაამტკიცა, როდესაც სეზონის ოქროს დუბლამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. მზია ბებოშვილმა კი მეხუთე ადგილი დაიკავა.
ძიუდო
2013 წლის მონაგარი
ჭაბუკები
ევროპის ჩემპიონატი
ტალინი. 21-23 ივნისი
რობიზონ ბეგლარაშვილი (50 კგ) ბრინჯაო
კობა მჭედლიშვილი (66 კგ) ბრინჯაო
თამაზ კირაკოზაშვილი (73 კგ) ბრინჯაო
დავით რამაზაშვილი (90 კგ) ბრინჯაო
მსოფლიოს ჩემპიონატი
მაიამი. 8-11 აგვისტო
კობა მჭედლიშვილი (66 კგ) ოქრო
რობიზონ ბეგლარაშვილი (50 კგ) ვერცხლი
თამაზ კირაკოზაშვილი (73 კგ) ვერცხლი
ახალგაზრდები
ევროპის ჩემპიონატი
სარაევო. 22-24 სექტემბერი
ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) ოქრო
გურამ თუშიშვილი (100 კგ) ოქრო
ლევან გუგავა (73 კგ) ვერცხლი
ლევან მატიაშვილი (+100 კგ) ვერცხლი
გიორგი ზაქარიაძე (+100 კგ) ბრინჯაო
მსოფლიოს ჩემპიონატი
ლუბლიანა. 23-26 ოქტომბერი
ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) ოქრო
ლერი ჭელიძე (55 კგ) ბრინჯაო
ლევან მატიაშვილი (+100 კგ) ბრინჯაო
გოგონები
ევროპის ჩემპიონატი
ტალინი. 21-23 ივნისი
მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) ოქრო
მზია ბებოშვილი (48 კგ) ბრინჯაო
მსოფლიოს ჩემპიონატი
მაიამი. 8-11 აგვისტო
მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) ვერცხლი