ულმობელია წუთისოფელი. ქართულ საფეხბურთო თემს კიდევ ერთი ღირსეული წარმომადგენელი გამოაკლდა. 53 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ენუქი თევზაძე. ხვალ მას მშობლიურ ხობში დაკრძალავენ.
ენუქი თევზაძემ ფეხბურთის თამაში მწვრთნელ მ. ხურციას ხელმძღვანელობით დაიწყო. 17 წლის ასაკში საქართველოს პირველობაზე მოთამაშე ხობის “კოლხეთში” ჩაირიცხა. საიმედოდ, სტაბილურად მოთამაშე ახალგაზრდა მცველმა მალევე მიიქცია სპეციალისტთა ყურადღება.
1978 წელს ენუქი თევზაძემ საკავშირო ჩემპიონატის პირველ ლიგაში ქუთაისის “ტორპედოს” შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა. 1979 წელს იგი მეორე ლიგის ბინადარ ფოთის “კოლხეთში” გადავიდა და ოთხი წლის განმავლობაში იცავდა მის ღირსებას. მცირე ხანს თბილისის ასკ-ის რიგებშიც იყო.
1983 წლის სეზონში ენუქი თევზაძე უკვე უმაღლეს ლიგაში აღზევებული ქუთაისის “ტორპედოშია” და 27 მატჩში 2 გოლი გააქვს. 1984-1985 წლებში ქართული ფეხბურთის ფლაგმანის, თბილისის “დინამოს” რიგებშია და 14 მატჩში მონაწილეობს. “დინამოდან”ლანჩხუთის “გურიაში” გადადის და გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასვლაში ეხმარება - 39 მატჩში 3 ბურთი გააქვს. მომდევნო წელს კი უმაღლეს ლიგაში - 29 მატჩში 2 გოლი. 1988 წლის ჩემპიონატში ენუქი ისევ “დინამოშია” და 7 მატჩს ატარებს ძირითადში. მომდევნო სეზონს იგი პირველლიგელ “ტორპედოში” იწყებს და 3 თამაშში ეხმარება ქუთაისელებს, მაგრამ მალე მეორე ლიგაში მოთამაშე ხობის “კოლხეთში” ბრუნდება და თავდამსხმელის ამპლუაში 26 მატჩში 15 ბურთი გააქვს და... სათამაშო კარიერასაც იქ ამთავრებს, საიდანაც დაიწყო.
ბოლო დროს ენუქი თევზაძეს ხობის ცენტრალური სტადიონის უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობა ეკავა. ამასთან, როგორც სფფ-ის დელეგატი, კონტროლს უწევდა უმაღლესი ლიგის გუნდების შეხვედრებს.
ძნელია, ძალიან ძნელია ენუქი თევზაძეზე წარსულ დროში საუბარი. კეთილშობილ, მუდამ ხალისიან, გულისხმიერ კაცს გულმა უმტყუნა. ხვალ მას უკანასკნელ გზაზე გააცილებენ...
იუზა კაციტაძე