შაბათ-კვირას საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატის XVტურის მატჩები გაიმართება და პრაქტიკულად ყველა თამაშის შედეგს, სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ექნება.
ტური 29 მაისს, რუსთავში 14 საათზე გაიხსნება და ერთმანეთის პირისპირ ის გუნდები წარსდგებიან, რომლებიც უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად იბრძვიან. “ხარებისა” და “ბათუმის” შეხვედრაში გამარჯვებული, მიზნისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს და პირდაპირ გასავარდნ ზონას მნიშვნელოვნად დაშორდება. გასულ ტურში ორივე ამ გუნდის მონაწილეობით ჩატარებული თამაში ჩხუბებით გამოირჩა, მაგრამ ზღვისპირელებმა შეხვედრა ჩაამთავრეს და კიდევ ერთი კონკურენტი “აკადემია” დაამარცხეს, “ხარებმა” კი, მოედანი დატოვა და წაგება ჩაეთვალა.
მთლიანობაში, “ბათუმმა” ზედიზედ ორი თამაში რომ მოიგო, უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა. “ხარებმა” “აკადემიას” თვის დასაწყისში სძლია და შეიძლება ითქვას, რომ მომავალ ჯახში უფრო ის გუნდი უნდა გამოიკვეთოს, რომელიც პირველლიგელთან გადათამაშებას აირიდებს. პირველ წრეში ბათუმელებმა საკუთარ მოედანზე 12:7 იმარჯვეს და მეტოქეს პრემიალური ქულა გაატანეს.
გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად იბრძვის “აკადემია”, მაგრამ მისი მეტოქე მომავალ ტურში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი “ლოკომოტივი” იქნება და ქულების აღება გაუჭირდება. აკადემიელებმა ერთადერთი გამარჯვება შარშან, 6 ოქტომბერს “ბათუმთან” მოიპოვეს და უმაღლესში დარჩენისთვის ბრძოლას პრემიალური ქულების ხარჯზე ახერხებენ. პირველ წრეში მათ “ლოკომოტივმა” 38:14 აჯობა და რა თქმა უნდა, რკინიგზელები ახლაც ფავორიტები არიან.
გასულ ტურში “ლოკომოტივმა” მოქმედი ჩემპიონის (“ლელო”) 16:13 დამარცხებით, სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გაიუმჯობესა და რეგულარული პირველობის მოგებისთვის იბრძვის, მეორე ადგილს კი, რომელიც პლეი ოფის პირველ ეტაპზე დასვენების საშუალებას იძლევა, სულ რაღაც 2 ქულა აშორებს. ეს თამაში “შევარდენზე” 17 საათზე დაიწყება.
29 მარტს 17 საათზე, ოღონდ “ავჭალაზე” იწყება ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა - “არმია” “არმაზს” ეთამაშება. არმიელებმა წინასასეზონო შეკრება თურქეთში გაიარეს, მაგრამ ამათ მან გასულ ტურში ვერ უშველა და “ჯიქებთან” მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ (11:17), რითაც ლიდერის მარცხით ვერ ისარგებლეს და მასთან მიახლოვების შანსი დაკარგეს. ახლა ისინი დაკარგულის ანაზღაურებას ეცდებიან, თუმცა, მეტოქეც სერიოზული ჰყავთ.
“არმაზი” ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის და ჯერჯერობით მიზანს 4 ქულა აშორებს, თუმცა, უახლოეს გუნდზე ორი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. გასულ ტურში “აიას” დამარცხების შემდეგ, მათი ამბიცია უთუოდ გაიზრდებოდა და ახლაც მაქსიმუმისთვის იბრძოლებს, რათა სასურველ ზონას არ დაშორდეს და მერე შანსი გამოიყენოს. პირველ წრეში ამ გუნდებს შორის დიდი ბრძოლა გაიმართა და “არმაზმა” 26:23 იმარჯვა. რადგან ორივე გუნდი თბილისურია, ამ შემთხვევაში სტუმარ-მასპინძელს მნიშვნელობა არ აქვს და თამაშიც უშეღავათო იქნება.
კვირას ორი თამაშია და ორივეს შეიძლება ცენტრალური ვუწოდოთ. 17 საათზე, “ავჭალაზე”, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “ლელო” იმ “ჯიქებს” უმასპინძლებს, რომლის მიზანიც ამ ეტაპზე ექვსეულში დამკვიდრებაა. “ჯიქებისთვის” აპრილის ბოლომდე ეს ბოლო თამაშია და მაქსიმუმი უნდა გაიღოს, რათა ქულათა ისეთი მარაგი შექმნას, რომ “არმაზს” მისი იოლად გადასწრების შანსი არ მიეცეს.
მაგრამ ამის გაკეთება ძნელი იქნება, რადგან მეტოქე “ლელოა”, რომელიც რეგულარული პირველობის მოსაგებად იბრძვის და “ლოკომოტივთან” განცდილი მარცხის შემდეგ, რეაბილიტაციას ეცდება. “ჯიქებმა” კრიზისი გადალახა და ოთხი მარცხის შემდეგ, აგერ ზედიზედ ორი თამაში მოიგო. ეს გუნდი იოლად არაფერს თმობს, მაგრამ პირველ წრეში ამავე “ლელოს” ვერაფერი მოუხერხა და 9:19 დამარცხდა.
შევარდენზე ბოლნისის “ყოჩები” “აიას” მასპინძლობს და რევანშთან ერთად, გამარჯვებით ოთხეულში დამკვიდრების შანსი ეძლევა. ბოლნისელებმა პირველ წრეში ქუთაისში ვერაფერი მოახერხეს და წლეულს ყველაზე დიდი სხვაობით დამარცხდნენ (10:45). თუ რევანში შედგა, მაშინ “ყოჩები” “აიას” ქულებით გაუტოლდება, რომელიმე გუნდის მხრიდან პრემიალური ქულის აღების შემთხვევაში კი, რამდენიმე ვარიანტი შეიძლება მოხდეს.
ბოლნისელებმა ზედიზედ ხუთი თამაში მოიგეს, მაგრამ ექვსეულის საგზური საბოლოოდ დაბევებული არ აქვთ და მათთვის წარმატებული სერიის გაგრძელება ამითაც მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, “აია” “არმაზთან” დამარცხდა და ახლა რეაბილიტაცია სჭირდება, თანაც, უშუალო კონკურენტთან მოგებით, გალიდერების შანსის გარდა, პლეი ოფის პირველ ეტაპზე დასვენების, ან საკუთარი მოედნის უფლებით სარგებლობის საშუალება მიეცემა და ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი
XV ტური
29 მარტი. შაბათი
რუსთავი. “ახალი”. 14 საათი
ხარები (რუსთავი) - ბათუმი (ბათუმი)
თბილისი. “ავჭალა”. 17 საათი
არმია (თბილისი) - არმაზი (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 17 საათი
აკადემია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
30 მარტი
თბილისი. “ავჭალა”. 17 საათი
ლელო (თბილისი) - ჯიქები (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 17 საათი
ყოჩები (ბოლნისი)- აია (ქუთაისი)
1 | ლელო | 14 | 10 | 0 | 4 | 386-169 | 50 |
2 | აია | 14 | 10 | 0 | 4 | 311-187 | 46 |
3 | არმია | 14 | 9 | 1 | 4 | 374-229 | 46 |
4 | ლოკომოტივი | 14 | 10 | 0 | 4 | 314-248 | 44 |
5 | ყოჩები | 14 | 9 | 1 | 4 | 297-246 | 42 |
6 | ჯიქები | 16 | 7 | 2 | 7 | 278-243 | 39 |
7 | არმაზი | 14 | 8 | 0 | 6 | 249-272 | 35 |
8 | ხარები | 15 | 3 | 0 | 12 | 182-357 | 15 |
9 | ბათუმი | 14 | 3 | 0 | 11 | 210-464 | 14 |
10 | აკადემია | 15 | 1 | 0 | 14 | 169-355 | 11 |