პორტუგალიის ქალაქ პორტუში გამართულ სენიორთა ევროპის ჩემპიონატზე 5 ქართველი მოჭადრაკე თამაშობდა, რომელთაგან სამმა მედლის მოპოვება მოახერხა.
ვერცხლის მედალი დაისაკუთრა მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა (2304), რომელმაც 65 წელს გადაცილებულ ქალბატონთა ტურნირში 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და ჩემპიონ ვალენტინა კოზლოვსკაიას (რუსეთი, 2169) 0.5 ქულით ჩამორჩა. ამავე შეჯიბრში თამარ ხმიადაშვილმა (2083) 5.0 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა.
50+ ქალთა ტურნირში ვერცხლის მედალი ერგო ციალა ქასოშვილს (2112), რომელიც პირველ პოზიციაზე გასულ ესტონელ ტატიანა ფომინას (2188) მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა. რაც შეეხება ნინო გურიელს (2329), მან 3.5 ქულით მე-8 საფეხური დაიკავა.
ევროპის ჩემპიონატის ერთადერთმა მამაკაცმა ქართველმა მონაწილე ზურაბ სტურუამ (2524), რომელიც 50+ შეჯიბრში ირჯებოდა, ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. მან 6.5 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილზე გასულ რუს ევგენი კალეგინს (2453) დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა, ჩემპიონმა ინგლისელმა კეიტ არკელმა (ინგლისი, 2448) კი 7.0 ქულა მოაგროვა.