ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ), ლევან ჟორჟოლიანმა (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) ბუენოს აირესის “მსოფლიოს თასი” წაუგებლად ჩაიჭიდავეს და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტურნირი 100-პროცენტიანი მაჩვენებლით დაასრულა. პიტერ ზაიზენბახერის გუნდი არგენტინულ ტატამზე ხუთი სპორტსმენით გავიდა და ხუთივე ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, 16 ივნისს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ბეთქილ შუკვანი (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) ავიდნენ.
შეჯიბრებაზე ძალიან სუსტი შემადგენლობა შეიკრიბა და საქართველოს ნაკრების ხუთივე წევრს ეყო პირადი რეიტინგი პირველ ნომრად განსათესად. ვერც რაოდენობრივი მხარე იყო მასპინძელთათვის საამაყო. შეხვედრები ძირითადად მეოთხედფინალებით იწყებოდა.
ადამ ოქრუაშვილს სულაც, გასაჩემპიონებლად ორი შეხვედრის მოგება ეყო. ქართველმა მძიმეწონოსანმა ნახევარფინალში კოლუმბიელი ლუის სალაზარი დააიპონა, ფინალში კი ბრაზილიელ დავიდ მოურასაც წმინდადვე სძლია.
ჭრიკიშვილმა საჩემპიონო გზაზე ჩილელი როდრიგო იდრო და ბრაზილიელი ფრედერიკო ბერნარდო არაუჟო იპონ-იპონ ჩამოიცილა, ბრიტანელ ტომას დევისსა და ბრაზილიელ ნასიფ ელიასს კი თითო იუკოთი სძლია. ჟორჟოლიანს ფინალში გასასვლელად, ბრაზილიელი მეტოქეებისთვის ილეთის გაკეთებაც კი არ დასჭირვებია. ვიქტორ კონსერვა მსაჯებმა ოთხი შიდოს მიღების გამო მოუხსნეს, მეთიუს და სილვას სამი შიდოთი აგროვებული ვაზარით გასცდა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი კიდევ ერთ მასპინძელს, რენან ნუნეშს აჯობა.
მამაკაცთა საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა. მეორე-მესამე პოზიციები კი ბრაზილიასა და არგენტინას ერგოთ.
ძიუდო
“მსოფლიოს თასი”
ბუენოს აირესი
16-17 ივნისი
60 კგ
1 ბეთქილ შუკვანი (საქართველო)
2 ბრენო ალვეში (ბრაზილია)
3 დიეგო სანტოსი (ბრაზილია)
3 ჰერმან ბარბიერი (არგენტინა)
66 კგ
1 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
2 ლუიზ რევიტე (ბრაზილია)
3 ლუის კიბლი (ბრიტანეთი)
3 დენის ლავრენტიევი (რუსეთი)
73 კგ
1 იგორ პერეირა (ბრაზილია)
2 მეთიუს მაჩადო (ბრაზილია)
3 ალეხანდრო კლარა (არგენტინა)
3 ფრანცისკო კუენო (არგენტინა)
81 კგ
1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)
2 ნასიფ ელიასი (ბრაზილია)
3 ტომას დევისი (ბრიტანეთი)
3 ალექსანდრ გრიგორევი (რუსეთი)
90 კგ
1 როდრიგო ლუნა (ბრაზილია)
2 დიეგო როსატი (არგენტინა)
3 ალექსის დუარტე (არგენტინა)
3 ოსვალდო პერეირა (ბრაზილია)
100 კგ
1 ლევან ჟორჟოლიანი (საქართველო)
2 რენან ნუნეში (ბრაზილია)
3 მეთიუს დე სილვა (ბრაზილია)
3 ჰორაციო ანტუნეში (ბრაზილია)
+100 კგ
1 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
2 დავიდ მოურა (ბრაზილია)
3 ლუის სალაზარი (კოლუმბია)
3 კარლოს ზეგარა პრესერი (პერუ)
გუნდური ჩათვლა
კაცები
ო ვ ბ V VII
1 საქართველო 5 0 0 0 0
2 ბრაზილია 2 6 4 4 1
3 არგენტინა 0 1 4 3 6
4 ბრიტანეთი 0 0 2 0 1
5 რუსეთი 0 0 2 0 0
ოთარ მაღლაკელიძე







