სხვა

15:25 | 22.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

ხურციძემ ინტერკონტინენტალური ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა

ქართველმა მოკრივე ავთანდილ ხურციძემ უზბეკი კუვანიჩ ტოიგონბაევი ტექნიკური ნოკატით დაამარცხა და მსოფლიოს კრივის ასოციაციის (WBA) ვერსიით ინტერკონტინენტალური ჩემპიონის ქამარი დაიცვა, თუმცა, უკრაინის ქალაქ ჩერკასის გადაჭედილ სპორტის სასახლეში, გულშემატკივართა უმეტესობა უკმაყოფილო დარჩა, რადგანაც მათი აზრით რეფერიმ ბრძოლის ნაადრევად შეწყვეტის შესახებ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
შეხვედრა “ტორნადოს” მეტსახელით ცნობილი ქართველი მოკრივის უპირატესობით დაიწყო და მან მეტოქეს არაერთი დარტყმა მიაყენა, მაგრამ მეორე რაუნდში უზბეკიც გამოფხიზლდა და პუბლიკას აჩვენა, რომ იოლად არაფრის დათმობას აპირებდა.
მომდევნო რაუნდებში ხურციძე უფრო მობილურად გამოყურებოდა, თუმცა, ტოიგონბაევი რინგზე ყოჩაღად იდგა და ისე სჩანდა, გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ 12 რაუნდის დასრულების შემდეგ თუ გაირკვეოდა.
კვანძი, მოულოდნელად, მერვე რაუნდში გაიხსნა. კუვანიჩმა ავთანდილს მძიმე დარტყმები მიაყენა და ცოტათი შეაბარბაცა კიდეც, მაგრამ ქართველმა კონტრშეტევა განახორციელა და აზიელის ბაგირთან მომწყვდევა შეძლო.
დაუნდობელი დარტყმების გაცვლის პერიოდში, უზბეკმა ქართველს უნებურად თავიც მიარტყა, რაც სავალალოდ მისთვისვე დასრულდა. ტოიგონბაევს მარცხენა თვალს ზემოთ ჭრილობა გაეხსნა და მძლავრი სისხლდენა დაეწყო.
შეხვედრის ექიმს იმის გასარკვევად, რომ აზიელი მოკრივისთვის ბრძოლის გაგრძელების აღარ შეიძლებოდა, რამდენიმე წამი დასჭირდა და აღნიშნული რეფერისაც აცნობა, მან კი გამარჯვებულად ხურციძე გამოაცხადა.
ტოიგონბაევი და მისი სამწვრთნელო შტაბი მსაჯის გადაწყვეტილებას აქტიურად აპროტესტებდა და პუბლიკაც ბრძოლის გაგრძელებას მოითხოვდა, თუმცა, რეფერი შეუვალი გახლდათ.
უზბეკის მხარე საკუთარ პროტესტს შეხვედრის შემდგომ პრეს-კონფერენციაზეც დაუღალავად გამოთქვამდა. მათი აზრით, თუკი რეფერის ბრძოლის შეჩერება ჰქონდა გადაწყვეტილი, იმ დროისთვის ქულების შეფარდება უნდა დაეთვალა და გამარჯვებულიც ისე გამოეცხადებინა.
აღნიშნულს ბრძოლის მომწყობი კომპანია K2 East Promotions-ის გენერალური დირექტორი ალექსანდრ კრასიუკი გამოეხმაურა. მისი განახცადებით, ბრძოლის შეწყვეტის ჟამს, ორი მსაჯის გამოთვლებით, წინ ხურციძე გახლდათ, ერთს კი ყაიმი დაეფიქსირებინა, ასე რომ, ავთანდილის გამარჯვებულად გამოცხადება, ყველა მხრივ, სამართლიანი გახლდათ.
თავად ქართველმა მოკრივემ გულშემატკივრებს ქომაგობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ტექნიკური გამარჯვებით კმაყოფილი თავადაც არ დარჩენილა და ერჩივნა, ბრძოლა ბოლომდე გაგრძელებულიყო.
და ერთიც. უკვე მესამე წელია, WBA-ს ვერსიით საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს გერმანელი ფელიქს შტურმი ინარჩუნებს, ხურციძეს კი რეიტინგში მე-4 ადგილი უკავია. მიუხედავად იმისა, რომ ავთანდილს საჩემპიონო ბრძოლა ჯერ არ ეკუთვნის, იგი გერმანელთან ბრძოლას მაინც მოუთმენლად ელის.
“კი არ ვგრძნობ, დანამდვილებით ვიცი, რომ შტურმის დამარცხება უკვე შემიძლია. ძალიან მოხარული ვიქნებოდი, ამ უქმეებზე ტოიგონბაევის ნაცვლად, ჩემს პირისპირ ფელიქსი რომ მდგარიყო. ჩემს პრომოუტერს უკვე ვესაუბრე და ამ ბრძოლის ორგანიზება ვთხოვე. თუკი შტურმი ტიტულის დაცვას თავად დასთანხმდება, მას ნებისმიერ დროსა და ადგილას შევხვდები, თუ არადა, რამდენიმე ბრძოლის შემდეგ, მას ჩემთან შერკინება მაინც მოუწევს და მაშინ ყველაფერი გამოჩნდება”, - აღნიშნა ხურციძემ, რომელსაც ამ დროისთვის 20 ბრძოლა აქვს მოგებული (მათ შორის 14 ნოკაუტით), ორში დამარცხებულა, ერთი კი ყაიმით დაუსრულებია.   

დათო მანჯავიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162434