გულშემატკივრის სვეტი

12:38 | 7.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხულიო ვისასი

ხულიოს დილიდანვე ცუდი განწობა აჰყვა. თითქოს გრძნობდა იმ დღეს რაღაც ცუდი რომ უნდა მომხდარიყო. 31 წლის კაცს ლამის მთელი ცხოვრება “ხიმნასიას” სტადიონზე გაეტარებინა და პირველად ჰქონდა ისეთი განცდა, რომ სტადიონზე წასვლა არ სურდა. ხულიო ვისასის საყვარელი გუნდი, “ხიმნასია ლა პლატა” არგენტინის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ყურყუტებდა, მაგრამ ჯერ ისე ცუდადაც არ წასვლოდა საქმეები, რომ არაფრით გამორჩეული “ნუევა ჩიკაგოსათვის” ვერ მოეგო. მაგრამ, ხულიოს გულში მაინც ისეთი უცნაური გრძნობა ჰქონდა ჩასახლებული, რომელიც სულ ცუდ ამბებზე ფიქრსა და თამაშზე წაუსვლელობას აიძულებდა.
სახლიდან გამოსვლის შემდეგ, ხულიო ვისასმა პირველი რაც გააკეთა ის იყო, რომ ლა პლატას გარეუბანში მცხოვრებ სატრფოს გაუარა და დაარწმუნა, რომ საღამოს მასთან მიუსვლელობა მორალურადაც და პრაქტიკულადაც გამართლებული იყო. ხულიო ვისასის შეყვარებულმა თავიდანვე იცოდა ხულიოს ფეხბურთისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება და ცდილობდა მისი ცხოვრების წესიც გაეთვალისწინებინა. მაგრამ, წყენა მაინც ვერ დამალა, როდესაც მიხვდა, რომ შეყვარებულს მასთან ყოფნას “ხიმნასია ლა პლატასა” და “ნუევა ჩიკაგოს” თამაშზე წასვლა ერჩია. “ან ეს “ნუევა ჩიკაგო” რაღა უბედურებაა. ტვინი სად ჰქონდა იმ ხალხს, როდესაც კლუბს ასეთი სულელური სახელი დაარქვესო” – ფიქრობდა განაწყენებული ქალი.
 შეყვარებულთან ახსნა-განმარტებების შემდეგ, ხულიო ვისასი სამსახურში წავიდა, სადაც ყოვლად უინტერესო საქმე აკეთა და მთელი 8 საათის მანძილზე ლიმონათის ბოთლებს ეტიკეტები დააკრა. ახალგაზრდა კაცს იმდენად ჰქონდა ეს საქმე შეძულებული, რომ მისი ლამის ერთადერთ ოცნებად სამსახურის გამოცვლა იყო ქცეული. მაგრამ არგენტინაში სამსახურიდან საკუთარი ნებით მხოლოდ ის ადამიანები მიდიან, რომელთაც უკეთესი სამსახურის იმედი აქვთ. ხულიოს გარშემო კი უკეთესი კი არა, უარესი სამსახურიც არ ჩანდა. ამიტომ, იმ დღესაც ძველებურად დარდიანი გულით გაააკეთა თავისი საქმე და თან სულ საათზე იხედებოდა და ამოწმებდა, რა დრო იყო საყვარელი გუნდი თამაშამდე დარჩენილი.
 სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, საყვარელ ლუდხანაში შეიარა, სადაც საფეხბურთო მატჩების წინ ხიმნასიელი ქომაგები ტრადიციულად იკრიბებოდნენ და მოახლოვებულ საფეხბურთო მატჩებზე მსჯელობდნენ. ხულიო ვისასს ლუდხანა თითქმის პირთამდე გადაჭედილი დახვდა. მას ქომაგები კარგად იცნობდნენ და “ხიმნასია ლა პლატას” გულშემატკივრებს შორის შინაურ კაცად ითვლებოდა. ამიტომ, მისი შესვლა ბევრს გაუხარდა. მსუქანმა ბანკირმა რიკარდომ კი საიდანღაც ფეხებმორყეული სკამიც გამოაძვრინა და პატივისცემის ნიშნად, ხულიოს შესთავაზა. ბარში ყველა ამბობდა, რომ “ნუევა ჩიკაგოსთან” აუცილებლად უნდა მოეგოთ და მათი ეს რწმენა იმდენად ძლიერი იყო, რომ სანაძლეოების მოყვარულ გონსალო ოჩოასაც კი არაფერი უთქვამს. საუბრის დროს ნება-ნება წრუპავდნენ დაბალხარისხიან სქელ ლუდს და ისე მოახლოვდა თამაშის დაწყების ჟამი - ვერც კი გაიგეს. ბარიდან ყველანი ერთად გამოვიდნენ. მარტინესმა და კორტესმა შუა ქუჩაში დიდი პლაკატი გაშალეს წარწერით: “ლა პლატა აუცილებლად გაიმარჯვებს!” ჩვენმა ხულიო ვისასმა კი ჯიბიდან სახლიდან წამოღებული დაკუჭული არგენტინის დროშა გაშალა და ტანზე შემოიხვია. ასე, დიდი შემართებითა და ღრიანცელით მიუახლოვდნენ სტადიონს და ძალიან გაუკვირდათ, როდესაც დღისით-მზისით, მათი მშობლიური ქალაქის სტადიონის წინ, “ნუევა ჩიკაგოს” დაბღვერილი ქომაგების დიდი ჯგუფი შემოხვდათ. მოწინააღმდეგეები აშკარად პროვოკაციის მოწყობას გეგმავდნენ. ლა პლატელთა მისამართით ყვიროდნენ უხამს სიტყვებს და ხელში ხელკეტებს ატრიალებდნენ. ჩხუბი როგორ დაიწყო, ხულიო ვისასს ნამდვილად არ ახსოვდა. იმას კი ნათლად მიხვდა, რომ ეს ამდენი ხალხი მათ მიბერტყვას აპირებდა და გადაწყვიტა, რადაც კი არ უნდა დასჯდომოდა, მისი მეგობრები გადარეული მოწინააღმდეგებისაგან დაეცვა. ცემა-ტყეპა ნამდვილ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. “ნუევა ჩიკაგოს” ქომაგებს შორის აქა-იქ იარაღიანი ხალხიც გამოჩნდა და როდესაც ხულიო თავის ერთ-ერთი ნაცემი მეგობრის ხალხის მასიდან გამოთრევას ცდილობდა, სწორედ მაშინ იგრძნო მუცელში საშინელი, ყოვლისმომცველი ტკივილი და მიხვდა, ასე ძალიან ჯოხის დარტყმით არ ეტკინებოდა. მუცელზე ხელი მიიდო. ცუდად რომ იყო მისი საქმე. ზურგში მოხვედრილი ტყვია მუცლიდან ჰქონდა გამოსული. ხულიო ნელ-ნალა ჩაიკეცა. ჯერ მუხლებზე დადგა, მერე ძალაც გამოიელია და პირქვე დაეცა გაცვეთილ ბორდიურზე. საიდანღაც პოლიცია და ექიმებიც გამოჩდნენ, მაგრამ ხულიო ვისასს უკვე გონება ებინდებოდა და დარწმუნებული არ იყო, ესენი ექიმები იყვნენ თუ მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფნი. ხულიო სან მარტინის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საავადმყოფოს გარეთ მისი მეგობრები იდგნენ და ახალგაზრდა მეგობრის გადარჩენის იმედი ჯერ კიდევ ჰქონდათ. მსუქანი ბანკირი რიკარდოც იქ იყო და მხოლოდ ის ვერ იკავებდა ცრემლებს.

P.S. ამ სვეტს ვუძღვნი ერთი კვირის წინ, გულშემატკივრებს შორის ატეხილ ჩხუბში გარდაცვლილი 31 წლის არგენტინელი ქომაგის, ხულიო ვისასის ხსოვნას. ფეხბურთში ასეთი საშინელებები არ უნდა ხდებოდეს...

0.113332