არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხულიო გრონდონამ, ეროვნული გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდის კარლოს ტევესის ვერმოხვედრის მიზეზი განმარტა.
“ეს გადაწყვეტილება მთავარმა მწვრთნელმა ნაკრების ინტერესიდან გამომდინარე მიიღო. გუნდში ბევრი მოთამაშეა, რომლებსაც სასტარტო შემადგენლობაში ერთ პოზიციაზე მოხვედრის პრეტენზია აქვთ. მათ შორის კონკურენციაა. თუმცა, ამას ყველა სათანადოდ ვერ აღიქვამს. ამიტომ, პრობლემები იწყება. ჩვენ ასეთი გამოცდილება უკვე გვქონდა, რის გამო, გადაწყდა, რომ ნაკრებში რამდენიმე მოთამაშე არ მიეწვიათ” – იუწყება არგენტინული პრესა გრონდონას სიტყვებს.
მიუხედავად იმისა, რომ ტევესმა “იუვენტუსში” 45 მატჩში 21 გოლი გაიტანა, არგენტინელთა თავკაცმა ალეხანდრო საბელიამ ფორვარდი მსოფლიო პირველობისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე არ გამოიძახა.