რუსეთის პირველი დივიზიონის III ტურში "მორდოვიას" ქართველმა მცველმა აკაკი ხუბუტიამ გოლი გაიტანა. ხუბუტიამ "სიბირთან" სტუმრად მე-9 წუთზე გახსნა ანგარიში, როცა არეულობაში იმარჯვა. საბოლოოდ კი, ქართველის გუნდმა 2:4 წააგო და პირველი ქულები დაკარგა. აქამდე, "მორდოვიას" 2 ტურში 6 ქულა ჰქონდა.
ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის I მატჩებზე, რომლებშიც ქართველმა ლეგიონერებმა ითამაშეს: ნიკა გელაშვილის "ყარაბაღმა" შინ 2:1 აჯობა პოლონურ "პიასტს". გელაშვილი სასტარტოში იყო და 74-ე წუთზე, 1:1-ზე შეცვალეს.
კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" ნორვეგიაში 0:2 წააგო "ტრომსიოსთან" და შინ ეცდება სიტუაციის გამოსწორებას. "ინტერში" გიორგი ლომაიამ, ალექსანდრე იაშვილმა, ბაჩანა ცხადაძემ და თბილისის "დინამოდან" გადასულმა ესპანელმა მიკელ ალვარომ შეუცვლელად ითამაშეს. ცხადაძესაც და იაშვილსაც ჰქონდათ მომენტი, თუმცა ოდნავ არაზუსტად დაარტყეს.
თამაზ პერტიას "სკონტომ" კი იყოჩაღა: რიგელებმა შინ 2:1 სძლიეს ჩეხეთის "ლიბერეცს". ქართველთაგან მხოლოდ ირაკლი კლიმიაშვილმა ითამაშა, ისიც ბოლო 23 წუთი. ლაშა დვალი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდა ლიტვაში, ლადო დათუნაშვილი სათადარიგო გახლდათ, ხოლო ლევან ჭაჭიაშვილი განაცხადს მიღმა დარჩა.
ლატვიის "ვენტსპილსმა" შინ 1:0 მოუგო ლუქსემბურგის "ჟენესს", თუმცა თორნიკე თარხნიშვილს არ უთამაშია - სათადარიგოებში იყო.
კვიპროსის "ანორთოსისმა" შინ 3:0 სძლია შვედურ "გეფლეს". შოთა გრიგალაშვილს ტრავმა აქვს და ეს მატჩი ამიტომაც გამოტოვა.