რუსულ პრემიერლიგაში აკაკი ხუბუტიას “მორდოვიამ” ვლადიკავკაზში “ალანიასთან” 1:3 წააგო. ხუბუტიამ 90 წუთი ითამაშა და გაფრთხილებაც მიიღო, მასპინძელთა შორის კი არც გიორგი ჭანტურიას უთამაშია და არც მამუკა კობახიძეს. ჭანტურია განაცხადში გახლდათ.
“ალანია” ბოლოსწინა ადგილზეა, “მორდოვია” კი, ბოლოზე, თუმცა მათ თანაბარი ქულები აქვთ. პრემიერლიგიდან 2 გუნდი პირდაპირ ვარდება, ორნი კი გადათამაშებაში მოხვდებიან. “ალანია” და “მორდოვია” 4 ქულით ჩამორჩებიან ბოლოდან მესამეზე მყოფ “კრილიას”. წინ 6 ტურია.
ხუბუტიამ პირველ ტაიმში რენან ბრესანის დარტყმული ცარიელი კარიდან გამოიტანა, ყვითელი კი ბოლო წუთებში მიიღო, როცა გუნდი გუნდზე ჩხუბი ატყდა. ორივე გუნდიდან თითო-თითო ფეხბურთელი გააძევეს.
“ალანიადან” ჰეთ-თრიქი შეასრულა როისტონ დრენტემ. გეხსომებათ, ჰოლანდიელი, რომელიც მადრიდის “რეალში” თამაშობდა.