ჭადრაკი

20:08 | 24.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილი ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება

 

ქართველმა მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილმა (2514) ქალთა გრან-პრის სერიის III ტურნირის მე-6 ტურში მე-4 გამარჯვება იზეიმა, რაც შეჯიბრის მონაწილეთა შორის საუკეთესო შედეგია.

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ტურნირის მორიგ პარტიაში ხოტენაშვილი შავი ფიგურებით რუს ოლგა გირიას (2439) დაუპირისპირდა და მეტოქეს დანებება 33-ე სვლაზე აიძულა.

შედეგად, ბელამ 4.0 ქულა მოაგროვა და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. ახლა, ქართველი მოჭადრაკის წინ მხოლოდ ლიდერთა სამეულია ინდოელების – ჰამპი კონერუს (2607) და ჰარიკა დრონავალის (2475) და უკრაინელი კატერინა ლაჰნოს (2532) შემადგენლობით. ისინი ბელას 0.5 ქულით უსწრებენ.

მე-7 ტურში ხოტენაშვილი თეთრი ფიგურებით ჩინელ ვენჯუნ ჟუს (2535) დაუპირისპირდება, რომელმაც თანამემამულე ქსუე ჟაოს (2579) სძლია და 3.0 ქულით მე-6 პოზიციას უწია. ცენტრალური დრონავალის და ლაჰნოს დაპირისპირება იქნება, ხოლო კონერუ შავებით უზბეკ ნაფისა მუმინოვას (2293) გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ გრან-პრის სერიის გათამაშება 6 ეტაპად ტარდება და მასში მსოფლიოს 18 უძლიერესი მოჭადრაკე ქალი მონაწილეობს. თითოეული მათგანი 4 ეტაპზე გამოვა და ყოველი ადგილი შესაბამისი ფულადი პრიზით და  ქულით აღინიშნება.

გრან-პრის ორი ეტაპის ჯამში პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. ანა მუზიჩუკი (სლოვენია) – 250 ქულა; 2. ნანა ძაგნიძე (საქართველო) – 220; 3. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) – 190; 4. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) – 170; 5. ჰამპი კონერუ (ინდოეთი) – 160;

0.115111