“ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა მხოლოდ ერთი მეტოქის დამარცხება მოახერხა. კენჭისყრამ პირდაპირ მეორე წრეში მოახვედრა, სადაც კუბელ მაილი რაულ კონსეგრა პანფეს ორ სეტში გაუსწორდა. ამ გამარჯვებით მერვედფინალში გავიდა. იქ კი მოულოდნელად, ხორვატ ნევენ ზუგაჟთან წაიფორხილა. არადა პირველი სეტის შემდეგ წინ იყო. ფინალში ვერც ზუგაჟმა გააღწია და კვირკველიამ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგა” – ეს ამონარიდი worldsport.ge-ზე 2010 წლის 9 სექტემბერს ატვირთული სტატიიდანაა, რომელშიც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი დღე შევაჯამეთ. ხალიჩაზე ქართული შვიდეულის მეშვიდე წევრი, მანუჩარ კვირკველია ავიდა, მაგრამ ქართულ უმედლობას ვერც მან უშველა.
საკმარისია ამ ტექსტში კუბელი მაილი რაულ კონსეგრა პანფეს ნაცვლად ფინელი ჰენრი ესკო ვალიმაკი ჩაწეროთ, სტამბოლში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მანუჩარ კვირკველიას (74 კგ) გამოსვლის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ.
ზუსტად წელიწადისა და ერთი კვირის შემდეგ, კლასიკოსთა გუნდის ყველაზე ტიტულოვანი წევრი ისევ გავიდა მსოფლიოს ხალიჩაზე. ტურნირში ისევ მეორე წრიდან ჩაერთო და მედლისთვის ბრძოლის შანსი ისევ მერვედფინალში წაგებით დაკარგა. დაუძლეველი ბარიერი ამჯერადაც ხორვატი ნევენ ზუგაჟი აღმოჩნდა, ხოლო პირველ მეტოქეს ისევ ორ სეტში გასცდა. აქვე ერთ განსხვავებაზეც - მოსკოვურ მსოფლიოს პირველობაზე ბეგი დარჩიას გუნდის ვერც ერთმა წევრმა ვერ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. სტამბოლში კი ნაკრები აბსოლუტურ წარუმატებლობას მანუჩარ ცხადაიას (66 კგ) მიერ მოგებულმა ვერცხლის მედალმა გადაარჩინა.
74 კილოგრამის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე რუსი რომან ვლასოვი ავიდა. ფინალში მან უმთავრესი ფავორიტი, მასპინძელთა ჯილა სელჩუკ ჩები დაამარცხა. ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ: ნევენ ზუგაჟი და სომეხი არსენ ჯულფალაკიანი. ამ ოთხეულის გარდა, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია შვედმა რობერტ პატრიკ როსენგრინმა და ყაზახმა ასხატ დილმუხამედოვმა მოიპოვეს.
16 სექტემბერს ჩემპიონატში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან და შვიდივე წონითი კატეგორიის ჩემპიონ-პრიზიორებს 18 სექტემბრის ჩათვლით გამოავლენენ.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
მსოფლიოს ჩემპიონატი
სტამბოლი
14 სექტემბერი
74 კგ
1 რომან ვლასოვი (რუსეთი)
2 სელჩუკ ჩები (თურქეთი)
3 ნევენ ზუგაჟი (ხორვატია)
3 არსენ ჯულფალაკიანი (სომხეთი)
ოთარ მაღლაკელიძე







