კალათბურთი

22:23 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიის შემჩერებელი ვერც უკრაინა აღმოჩნდა

საკალათბურთო ევროპირველობაზე რიგით მესამე მეოთხედფინალური დაპირისპირება გაიმართა. უკრაინის ნაკრები მრისხანე გუნდად ჩამოყალიბებულ ხორვატიას დაუპირისპირდა. რეპეშას გუნდს ზედიზედ 7 მატჩი ჰქონდა მოგებული და ხუთშაბათს რიგით მერვე მატჩშიც გაიმარჯვა. ფრატელოს შეგირდებმა შეხვედრის ფავორიტად შერაცხულ გუნდს ვერაფერი მოუხერხეს. 

მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და პირველ მეოთხედი 22:22 დამთავრდა. მოედანზე ორი გუნდური სტილის მოთამაშე ნაკრები ვიხილეთ. მეორე მეოთხედი ხორვატებმა უფრო აქტიურად დაიწყეს. მე-12 წუთზე რეპეშას შეგირდები ქულით აგებდნენ (27:28), როდესაც სარიჩის, რუდეზის და დრაპერის კარგი თამაშის წყალობით ხორვატები 11-ქულით დაწინაურდნენ. როგორც შემდგომში გაირკვა, ეს ეპიზოდი მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა. ხორვატებმა უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს, პირიქით, მეთოდურად აგრძელებდნენ სხვაობის ზრდას და შესვენებაზე 16 ქულიანი სხვაობით გავიდნენ. 

მესამე მეოთხედის სტარტზე უკრაინელების გამოფხიზლებას იეტერი შეეცადა, თუმცა სამქულიანი ტყორცნა ვერ გამოუვიდა. სამაგიეროდ, საპასუხო შეტევისას სიმონმა მეტოქე კიდევ უფრო დაამწუხრა და ხორვატებმა 19 ქულიანი უპირატესობა იგდეს ხელთ. მართალია რამდენიმე წუთში შავიზღვისპირელებმა 7-ქულიანი გაქცევა მოაწყეს და ანგარიში 12 ქულამდე შეამცირეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მეტის გაკეთება ფრატელოს შეგირდებმა ვერ შეძლეს. ხორვატებმა ბოლომდე შეინარჩუნეს 12-ქულიანი უპირატესობა და საბოლოოდ მატჩი 84:72 დამთავრდა.

 

წინა ჩაგდებული ევროპირველობისგან განსხვავებით (ხორვატია პირველი ჯგუფიდან ვერ გავიდა!) ხორვატიის ნაკრებს ევრობასკეტზე შესაშური შედეგი აქვს. პირველ ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთთან წაგებული მატჩის შემდეგ ხორვატმა კალათბურთელებმა ზედიზედ მე-8! შეხვედრა მოიგეს. უკრაინის ნაკრებს კი ისღა დარჩენია მეხუთე ადგილისთვის იბრძოლოს. 

გვიან საღამოს ხორვატთა მეტოქის ვინაობას, ლიტვისა და იტალიის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება გამოარკვევს.  

 

ლუბლიანა. "სტოჟიცე-არენა". 7 700 მაყურებელი

 

ხორვატია _ უკრაინა 84:72 (22:22. 29:13, 19:26, 14:11)

 

ხორვატია: ტომიჩი (6ქ. 4მ. 2პ), დრაპერი (6ქ. 2მ. 6პ), ბოგდანოვიჩი (14ქ. 4მ. 3პ), სარიჩი (7ქ. 3მ. 2პ), რუდეზი 7ქ), უკიჩი (9ქ. 5მ. 4პ), სიმონი (23ქ. 2მ. 3პ), მარკოტა (12ქ. 3მ. 1პ), ზორიჩი (3მ. 1პ). 

მწვრთნელი: იასმინ რეპეშა

 

უკრაინა: პუსტოზვონოვი (1მ. 1პ), იეტერი (19ქ. 6მ. 6პ), მიშულა (2ქ. 2პ), გლადირი (13ქ. 9მ. 1პ), ლიპოვი (7ქ. 3მ. 1პ), ნატიაჟკო (10ქ. 3მ), კორნიენკო (4ქ. 4მ. 1პ), ზაიცევი (2მ), კრავცოვი (15ქ. 4მ). 

მწვრთნელი: მიკ ფრატელო

 

 გიორგი ბალახაძე

 

 

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma

0.138322