კალათბურთი

23:53 | 4.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიამ პლეი-ოფი ბოლო ტურში გაინაღდა

 

საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრებს ირანთან შეხვედრაში მოულოდნელად დიდი ბრძოლა გადახდა და საბოლოოდ, 81:76 მოიგო, რისი წყალობითაც A ჯგუფში მე-3 ადგილი გაინაღდა.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა აზიელებთან მატჩი მძიმედ დაიწყო და პირველივე მეოთხედში 10 ქულით ჩამორჩა. დარჩენილ დროში ფრანგებმა წინ გასვლა მოახერხეს და მართალია, დასკვნითი ათწუთეული 18:27 დათმეს, გამარჯვება მაინც მოახერხეს.

ფრანგებმა 11 სამქულიანი ჩააგდეს და მათი მხრიდან 10-ქულიან ზღვარს 4 კალათბურთელი ასცდა, რომელთაგან ყველაზე შედეგიანი უერტელი (15) იყო. ირანელთაგან ჰადადი (22 ქულა, 15 მოხსნა), ნიხან ბაჰრამი (23) და კამრანი (17) გამოირჩნენ.

პუერტო-რიკოსთან ურთიერთშეხვედრაში გამარჯვების წყალობით, პლეი-ოფში თამაში გაინაღდა ხორვატიის ნაკრებმა. იასმინ რეპეშას გუნდმა მეტოქე 103:82 გაანადგურა და მოგებას სათავე პირველივე მეოთხედში დაუდო, რომელიც 28:16 დასრულდა.

ევროპელთა მაისურით ბოგდანოვიჩმა გაიბრწყინა, რომელმაც 17-დან 14 საჯარიმო გამოიყენა და 23 ქულა ჩააგდო, ტრავმირებული აროიოს არყოფნაში კი, პუერტო-რიკოს 20 ქულით ბარეამ ულიდერა.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, C ჯგუფში წაუგებლად დაასრულა ასპარეზობა აშშ-ს ეროვნულმა გუნდმა. ამერიკელებმა უკრაინასთან პირველი მეოთხედი 14:19 წააგეს, შემდეგ კი ყველაფერი თავის ადგილას დადგა და ფავორიტმა 95:71 იმარჯვა.

მაიკ კრჟიჟევსკის გუნდში ჰარდენმა 17 ქულა ჩააგდო, კარიმ 14 ქულა მიითვალა, დევისმა კი – 12. უკრაინელთა ნატურალიზებულმა ამერიკელმა მცველმა პუჰ ჯეტერმა თამაშიდან 16-დან 5 ტყორცნა გამოიყენა და 13 ქულას დასჯერდა, კრავცოვმა კი 15 ქულა მიითვალა. ცხადია, ამერიკელებმა მერვედფინალში გააღწიეს, უკრაინელთა ბედი კი თურქეთ-დომინიკის თამაშზეა დამოკიდებული.

საწადელს მიაღწია მექსიკის ნაკრებმა, რომელმაც D ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს აგრძელებს. მექსიკელებმა აუტსაიდერ სამხრეთ კორეას 87:71 სძლიეს, რაშიც ლომის წვლილი ერნანდესმა დაიდო. მან ორმაგი დუბლი (16 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა. რამოსმა 14 ქულა ჩააგდო, კრუზმა კი – 13.

 

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. A ჯგუფი. გრანადა

ირანი – საფრანგეთი 76:81 (23:13, 10:24, 16:26, 27:18)

 

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. B ჯგუფი. სევილია

ხორვატია – პუერტო რიკო 103:82 (28:16, 25:20, 31:21, 19:25)

 

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. C ჯგუფი. ბილბაო

უკრაინა – აშშ 71:95 (19:14, 13:30, 22:25, 17:26)

 

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. D ჯგუფი. გრან კანარია

სამხრეთ კორეა – მექსიკა 71:87 (11:18, 19:22, 17:21, 24:26)

0.164475