კალათბურთი

1:45 | 17.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატია კვლავ დაუმარცხებელია, მასპინძელი ისევ აგებს

საკალათბურთო ევროპირველობაზე F ჯგუფის უკანასკნელი ტურის მატჩები ჩატარდა და ბოლო ორი მეოთხედფინალისტის ვინაობაც გაირკვა. ხორვატიის ნაკრების მომგები გუნდი ვერც საბერძნეთის ნაკრები აღმოჩნდა და ტრინკიერის შეგირდები 2001 წლის შემდეგ პირველად ევრობასკეტს მეოთხედფინალამდე გამოემშვიდობნენ. მორიგი მატჩი წააგო ევროპის ჩემპიონმა, ამჯერად მათი მძლეველი იტალიის ნაკრები აღმოჩნდა. ფინეთის ნაკრებმა კი ევროპირველობის ისტორიაში სლოვენიას პირველად მოუგო. 

 

F ჯგუფი 

ლუბლიანა. "სტოჟიცე-არენა". 3 090 მაყურებელი 

ხორვატია - საბერძნეთი 92:88 (16:17, 20:17, 15:16, 19:20, 7:7, 15:11)

ხორვატიის ეროვნული ნაკრები ჩინებულ ფორმაშია და წაუგებელ სერიას აგრძელებს. რეპეშას გუნდმა ზედიზედ 7 მატჩი მოიგო და საბერძნეთს გული დაწყვიტა. საქმე იმაში გახლდათ, რომ ტრინკიერის შეგირდებს დღევანდელ შეხვედრაში მეოთხედფინალში გასასვლელად თეორიული შანსი ჰქონდათ და მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ. მატჩი თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა. დიდი გაქცევა ვერც ერთმა ნაკრებმა ვერ მოაწყო. ყველაზე დრამატული მომენტი მატჩის ბოლო მეათე წამზე განვითარდა, როდესაც საბერძნეთი 3 ქულის სხვაობით აგებდა: ზისისმა სამქულიანი ტყორცნა განახორციელა და ბერძენ გულშემატკივარს იმედის ნაპერწკალი გაუღვივა.

გადამწყვეტ ხუთწუთეულში გამარჯვებული კიდევ ვერ გამოვლინდა, საბერძნეთი ახლოს იყო სანუკვარ მოგებასთან: 25 წამით ადრე ისინი სამი ქულით იგებდნენ, თუმცა ამჯერად ბოგდანოვიჩმა ბერძნები სამქულიანით დაამწუხრა.

მეორე ოვერტაიმში ხორვატებმა მატჩის სადავეები ხელთ იგდეს. ორწუთ-ნახევრის შემდეგ 7 ქულითაც კი იგებდნენ, საბოლოოდ, მატჩი 92:88 დამთავრდა.

საბერძნეთი ევრობასკეტს დაემშვიდობა და როგორც მომდევნო მატჩებში აღმოჩნდა, ბერძნებს სახლში გამგზავრება მაინც მოუწევდათ. ხორვატიამ კი ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. 

ხორვატია: ბოგდანოვიჩი (22ქ, 4მ), ტომიჩი (15ქ. 12. 2პ), უკიჩი (14ქ. 5მ. 5პ), დრაპერი (13ქ. 3მ. 2პ). 

მწვრთნელი: იასმინ რეპეშა 

საბერძნეთი: ბოუროუსისი (21ქ. 9მ), სპანულისი (18ქ. 4მ. 3პ), ზისისი (14ქ. 2მ. 5პ), კაიმაკოღლუ (14ქ. 4მ. 2პ) 

მწვრთნელი: ანდრეა ტრინკიერი 

 

ლუბლიანა. "სტოჟიცე-არენა". 4 310 მაყურებელი 

იტალია - ესპანეთი 86:81 (24:12, 13:25, 8:19, 25:14, 16:11)

დაძაბული შეხვედრა გამოდგა იტალიასა და ესპანეთს შორის. პირველ და მეორე ტაიმებში განსხვავებული მეოთხედები ვიხილეთ. ყველაზე დრამატული მომენტი მატჩის ბოლო წამზე განვითარდა. იტალია 68:70 აგებდა, როდესაც დატომემ ორქულიანი ტყორცნა ზუსტად შეასრულა და წინა შეხვედრის მსგავსად გამარჯვებული ოვერტაიმმა გადაწყვიტა. ხუთწუთეულში საუკეთესო იტალიის ნაკრები აღმოჩნდა. საბოლოოდ აპენინელებმა პირენეელები 86:81 დაამარცხეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს, ესპანელებმა კი - მეოთხე. მატჩის საუკეთესო კალათბურთელად მარკ გასოლი დაასახელეს. ესპანელმა ამ ჩემპიონატზე რეკორდული 32 ქულა ჩააგდო და 10 მოხსნა მიითვალა.

მეოთხედფინალში იტალიელების მეტოქე ლიტვა იქნება, ხუან ორენგას შეგირდები კი სერბებს დაუპირისპირდებიან.   

იტალია: ჯენტილე (25ქ. 7მ. 1პ), არადორი (17ქ. 4მ. 3პ), ბელინელი (16ქ. 8მ), დატომე (11ქ. 4მ. 1). 

მწვრთნელი: სიმონე პიანიგიანი 

ესპანეთი: გასოლი (32ქ. 10მ), როდრიგესი (18ქ. 3მ. 6პ), კლავერი (5ქ. 6მ). 

მწვრთნელი: ხუან ორენგა

 

ლუბლიანა. "სტოჟიცე-არენა". 10 000 მაყურებელი 

ფინეთი - სლოვენია 92:76 (22:26, 20:16, 29:14, 21:20) 

შეიძლება ითქვას ფინეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტის კარი ხმაურიანად მოიჯახუნა - დეტმანის შეგირდებმა ჯგუფში პირველი გამარჯვება იზეიმეს და ისიც მასპინძლებთან. პირველი ტაიმში თანაბარი ორთაბრძოლა მიდიოდა, მესამე მეოთხედში კი ფინელებმა გუნდური თამაშის წყალობით მოედანზე ცეცხლი დაატრიალეს: 6 წუთნახევარში ფინელებმა 20 ქულა ჩააგდეს, ხოლო მასპინძლებმა - 3. ბოლო მეოთხედში სლოვენია მატჩის შემოტრიალებას ეცადა, თუმცა ფინეთი მოწოდების სიმაღლეზე იმყოფებოდა. საბოლოოდ, დეტმანის გუნდმა შეხვედრა 16 ქულის სხვაობით მოიგო და ჯგუფში მე-5 ადგილზე გავიდა, სლოვენიის ნაკრები კი - მეორეზე. მალიკოვიჩის შეგირდები მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდებიან.  

ფინეთი: ლი (17ქ. 6მ. 2პ), სალინი (16ქ. 5მ. 1პ), კოივისტო (16ქ. 2პ), კოპონენი (14ქ. 4მ. 6პ), აჰონენი (11ქ. 1მ. 3პ). 

მწვრთნელი: ჰენრიკ დეტმანი 

სლოვენია: ნაჩბარი (15ქ. 5მ. 2პ), ბალაზიჩი (14ქ. 1მ), ვიდმარი (7ქ. 6მ. 2პ)ლორბეკი (7ქ. 2მ. 2პ). 

მწვრთნელი: ბოჟიდარ მალიკოვიჩი

 

F ჯგუფი     

1. ხორვატია        5   4/1   372/361    9

2. სლოვენია        5   3/2   385/379    8

3. იტალია            5   3/2   375/357    8

4. ესპანეთი         5   2/3   374/339    7

5. ფინეთი            5   2/3    341/385    7

6. საბერძნეთი    5   1/4    381/407    6

 

 

მეოთხედფინალი: 

18. 09. 2013.  17:45

სერბეთი - ესპანეთი

 

18. 09. 2013  21:00

ხორვატია - უკრაინა

 

19. 09. 2013  17:45

საფრანგეთი - სლოვენია

 

19. 09. 2013  21:00

ლიტვა - იტალია


გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.152196