ფეხბურთი

13:59 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხოჯავასა და მარცვალაძის წარმატებული დებიუტი

ვალდიკავკაზის “ალანიაში” გოჩა ხოჯავასა და ოთარ მარცვალაძის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა.

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-8 ტურში, “ალანიამ” სტუმრად ბელგოროდის “სალიუტი” 1:0 დაამარცხა. ხოჯავა ვლადიკავკაზელთა სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ მარცვალაძემ შეცვალა. “ალანიამ” ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ, ვლადიკავკაზელებს 14 ქულა აქვთ და 19 გუნდში მე-3 ადგილზე არიან.

სარანსკის “მორდოვიამ”, სადაც აკაკი ხუბუტია ირჯება, შინ “ხიმკის” 4:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა სარანსკელთა შორის შეუცვლელად ითამაშა. “მორდოვიას” 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორეა.

ნალჩიკის “სპარტაკმა”, სადაც დავით სირაძე და გუჯა რუხაია გამოდიან, შინ კალინინგრადის “ბალტიკას” ვერ მოუგო – 1:1. სირაძე სასტარტო შემადგელობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს. რუხაია 18-კაციან განაცხადში არც ამჯერად ფიგურირებდა. მეკარე გიორგი შელია “ბალტიკაში” თავიდან ბოლომდე გაისარჯა. ნალჩიკელები 7 ქულით მე-15 პოზიციაზე იმყოფებიან. “ბალტიკა” 9 ქულით მეთერთმეტეა.

ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკი” სტუმრად ვოლგოგრადის “როტორს” უგოლოდ გაეყარა. მერაბ ურიდია “ნეფტეხიმიკის” სასტარტოში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს. ნიჟნეკამსკელებს 3 ქულა აქვთ და ბოლოსწინა ადგილზე არიან.

 

 

 

0.11923