ფეხბურთი

23:19 | 18.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ხმაურიანი “კლასიკო”

ლამაზი გოლები, უხვად “ყვითლები” და “წითლები”, პენალტი, დამტვრეული სკამები, გულმხურვალე ქომაგობა, ფეხბურთელსა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება _ სწორედ ასეთი აღმოჩნდა მიმდინარე სეზონის პირველი “კლასიკო”. “დინამო” თამაშს ორჯერ აგებდა და მაინც შეძლო სამი ქულის აღება, რაც ესპანური ლეგიონის დამსახურება. ძნელად თუ ვინმე გაიხსენებს, ან საერთოდ გაიხსენებს, თუ როდის გააძევეს ეროვნულ ჩემპიონატში ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი და პლუს, გუნდის ადმინისტრატორი. ოთარ ხეცაძემ საქართველოს რეკორდი დაამყარა “ყვითელ”-“წითლების” დარიგების მხრივ.
ისედაც დაძაბულ და ნერვიულ თამაშს ცუდი დაღი დაასვა თორნიკე ზარქუას კონფლიქტმა “ტორპედოს” ფანებთან, რაც “დინამოს”, კინაღამ, ქულების დაკარგვად დაუჯდა. ცხადია, ძალიან ცუდი ფაქტია ქუთაისელი ქომაგების მიერ სკამების დამტვრევა და სარბენ ბილიკებზე გადმოყრა. არადა, სტადიონის დაცვის სამსახური იქვე იდგა. ეს სკამები ხომ არც “დინამოსია” და არც “ტორპედოსი”, არამედ, ნებისმიერ ფეხბურთის გულშემატკივრის. მითუმეტეს, 7 და 11 სექტემბერს, ეროვნული ნაკრები სწორედ “დინამო არენაზე” ითამაშებს.  
“ტორპედომ” თამაში აქტიურად დაიწყო და მე-8 წუთზე ანგარიში გახსნა. ალერქსანდრე კვახაძემ, დაახლოებით 30 მეტრიდან საჯარიმო დარტმა შეასრულა და მას მერე, რაც ბურთი ერთ-ერთ “დინამოელს” მოხვდა, ზარქუას კარში აღმოჩნდა. გიორგი ლორია თამაშს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ტოვებდა. ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნებულს, ხელი ალერგიამ დარია.
მე-10 წუთზე, კოტო მარჯვენა ფლანგზე ერთ მეტოქეს გასცდა და საჯარიმოში შესული ზაზა ჭელიძისთვის გვერდის ავლას რომ აპირებდა, ქუთაისელმა მცველმა წააქცია. მსაჯმა პენალტი დანიშნა და “ტორპედოს” ფეხბურთელი გააფრთხილა. თერთმეტმეტრიანი გოლად ჩისკომ გარდასახა.
“ტორპედო”, გაშვებული გოლის მიუხედავად, დაცვაში არ ჩამჯდარა და მასპინძელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ნიკა საბანაძის მიერ გაკეთებული გადაცემის მერე, ზარქუამ ბურთი უხერხულად მოიგერია, რითაც იქვე მდგომმა ელგუჯა გრიგალაშვილმა ისარგებლა – 2:1.
ტაიმის შუაწელში, ნიკა ფირცხალავამ, ერთი წუთის განმავლობაში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და “ტორპედო” კაცნაკლული დარჩა. “დინამომ” შეტევებს უმატა და 33-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ირაკლი ძარიას დარტყმის შემდეგ, ომარ მიგინეიშვილმა ბურთი ხელებში მეორე ცდაზე შეიმაგრა. ორ წუთში, გიორგი სეთურიძის პასს ჭელიძის შეცდომა მოჰყვა, მაგრამ ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი ჩისკო ბურთს ვერ მიწვდა. მალევე, მარჯვნიდან ძარიას გადაცემას, “ტორპედოს” კარის წინ მყოფი კოტო გამოეხმაურა, რომელსაც კარი მიგინეიშვილმა არ დაანება. ესპანელს ოდნავ კუთხეში რომ დაერტყა, ალბათ, ანგარიშსაც გაათანაბრებდა. საპასუხო შეტევაში საბანაძემ საშუალო მანძილიდან დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა. 42-ე წუთზე, გიორგი მერებაშვილმა ქუთაისელთა საჯარიმოში გახსნილ ჩისკოს ბურთი არ დაუგვიანა და ესპანელმაც თანაფარდობა აღადგინა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთი იყო გასული, რომ მერებაშვილმა საჯარიმოს მისადომებიდან შორეულ კუთხეში დაარტყა და მიგინეიშვილმა ნახტომში ბურთი კუთხურზე უკუაგდო. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, საბანაძე შევიდა მარცხნიდან “დინამოს” საჯარიმოში ბურთიანად და შორეულ კუთხეში მახვილგონივრულად, თუმცა ოდნავ არაზუსტად დაარტყა. 63-ე წუთზე, “დინამოელთა” კუთხურის მერე, ლევან ხმალაძემ თავით სახიფათოდ კი დაარტყა, მაგრამ კარს ააცილა.
71-ე წუთზე ჩისკოს დარტყმის მერე, მიგინეიშვილმა ბურთი უხეიროდ მოიგერია, მაგრამ შეცდომა გამოასწორა და დამატებაზე მყოფ რობერტინიოს არ გაატანინა. 73-ე წუთზე, მერებაშვილმა პასი ალვაროს გაუკეთა, რომელმაც დაახლოები 22 მეტრიდან, ძალიან ოსტატურად, ბურთი თავს ზემოთ მიგინეიშვილს გადაუგდო – 3:2.
76-ე წუთზე, გიორგი რეხვიაშვილმა, ყოვლად გაუმართლებლად, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რაც მოედნის დატოვებად დაუჯდა. ერთ წუთში, გიორგი გურულმა სოლო რეიდი განახორციელა და დამამთავრებელ ფაზაში ზუსტი რომ ყოფილიყო, ეგებ, თანაფარდობაც აღედგინა. 81-ე წუთზე, “ტორპედოს” მოწოდებული კუთხურის შემდეგ, თავით ჭელიძემ დაარტყა და სეთურიძემ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. 86-ე წუთზე ქუთაისელთა მორიგი კუთხური და საბანაძე ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად გაისარჯა.
ამის შემდეგ, მოვლენები ისე განვითარდა, რომ უჰრინი ძნელად წარმოიდგენდა. ჯერ იყო და ოთარ ხიზანეიშვილმა ძალიან უხეშად ითამაშა გიორგი კუხიანიძის წინააღმდეგ და ხეცაძემ თბილისელი ფეხბურთელი უყოყმანოდ გააძევა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში კი, ზარქუა მსაჯმა ჯერ დროის გაყვანისთვის გააფრთხილა, შემდეგ “ტორპედოს” ქომაგების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის და “დინამო” მოედანზე 8 ფეხბურთელით დარჩა. კარში ადგილი ლევან ხმალაძემ დაიკავა.
მატჩის მიწურულს, ჩისკოს პასის მერე, რობერტინიომ ბურთი ვერ დაამუშავა, თორემ მეკარესთან პირისპირ დარჩებოდა. თავის მხრივ, გეგუჩაძის შეგირდებს ორჯერ სტანდარტულების შესრულების შემდეგ, ბურთი ხმალაძის კარისთვის რომ არ აეცილებინათ, შესაძლოა, ქულაც გადაერჩინათ.
მატჩის დასრულების მერე, ზარქუა იმ ტრიბუნისკენ გაეშურა, სადაც “ტორპედოს” ფანები იჯდნენ და გინებით გული მოიოხა, თავის მხრივ, არც ქუთაისელები დარჩენილან ვალში. მათ თამაშის დროსაც არ დააკლეს გინება “დინამოს” მეკარეს. თანაგუნდელი მერებაშვილმა გამოიყვანა და ცდილობდა სტუმართა ქომაგებისთვის რაღაც აეხსნა, მაგრამ ის, თავის მხრივ, დათუნაიშვილმა გაარიდა “ტორპედოს” მხარდამჭერებს.   

 
გია გეგუჩაძე: “თამაშის გადარჩენა შეგვეძლო. გამუცდელობამ ცუდი როლი ითამაშა და დავმარცხდით. თუ ვიმსჯელებთ შექმნილი საგოლე მომენტებით, ჩვენ გუნდს საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს. მომავალში თამაშს გავაძლიერებთ”.
დუშან უჰრინი: “ორივე გუნდის მხრიდან კარგი თამაში იყო. ალბათ, 100 წუთი ვითამაშეთ, რადგან მსაჯის მიერ დამატებულ დროზე მეტ ხანს ვიყავით მოედანზე. მეტოქე ფიზიკურად კარგად იყო მომზადებული. პირველ ტაიმში არ გაგვიმართლა. რეხვიაშვილმა სულელური წითელი ბარათი მიირო. არ ვარ კმაყოფილი, რომ სამი მნიშვნელოვანი ფიგურა გამოგვაკლდა. ამ თამაშში ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელები, ჩისკო და კოტო იყვნენ”.
მსაჯობაზე კომენტარის გაკეთება არც ერთმა მწვრთნელმა ისურვა. უჰრინმა ისიც კი თქვა, არ ვიცი, საქართველოში როგორ არის, მაგრამ ჩეხეთში მსაჯებზე საუბრისთვის 2000 ევროთი აჯარიმებენო.


დინამო (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 3:2 (2:2)
18 აგვისტო. თბილისი. “დინამო არენა”.
დინამო:
ზარქუა, ხიზანეიშვილი, გივი კვარაცხელია, სეთურიძე, ხმალაძე, მერებაშვილი (გლიშიჩი, 87), კოტო, გიორგი რეხვიაშვილი, ძარია (ალვარო, 67), ვოსკობოინიკოვი, ჩისკო.
მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი (ჩეხეთი)
ტორპედო: მიგინეიშვილი, ალექსანდრე კვახაძე, ზაზა ჭელიძე, რიგვავა, გურული, გიორგი დათუნაიშვილი, მერაბ გიგაური (ტუღუში, 78), ფირცხალავა, ელგუჯა გრიგალაშვილი (ვალერი ბოლქვაძე, 66), ბერიაშვილი (კუხიანიძე, 57), საბანაძე.
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გოლები: 0:1 კვახაძე (8), 1:1 ჩისკო (11, პენ.), 1:2 გრიგალაშვილი (12), 2:2 ჩისკო (42), 3:2 ალვარო (73)
გაფრთხილება: ჭელიძე (10), ფირცხალავა (19, 20), კვახაძე (20), რეხვიაშვილი (29, 76), გრიგალაშვილი (64), ზარქუა (90+1, 90+2)
გაძევება: ფირცხალავა (20), რეხვიაშვილი (76), ხიზანეიშვილი (88), ზარქუა (90+2)
მთავარი მსაჯი: ო.ხეცაძე

 

დღევანდელი მატჩები: “მერანი” – “ვიტ ჯორჯია” 1:0, “სიონი” – “კოლხეთი” 0:0, “ზუგდიდი” – “დინამო” (ბთ) 2:0, “დილა” – “ჩიხურა” 2:3, “”დინამო”(თბ) – “ტორპედო” 3:2, “ზესტაფონი” – “მეტალურგი” 0:1.

 

1 “ჩიხურა” 2 2 0 0 5:2 6
2 “დინამო” (თბ) 2 2 0 0  4:2 6
3 “ზესტაფონი” 2 1 0 1 3:2 3
4 “ზუგდიდი” 2 1 0 1 2:1 3
5 “ტორპედო” 2 1 0 1 3:3 3
6 “ვიტ ჯორჯია” 2 1 0 1  1:1 3
7 “მეტალურგი” 2 1 0 1 1:1 3
8 “მერანი” 2 1 0 1 2:3 3
9 “სიონი” 2 0 2 0 2:2 2
10 “დინამო” (ბთ) 2 0 1 1 2:4 1
11 “კოლხეთი” 2 0 1 1 0:2 1
12 ”დილა” 2 0 0 2 2:4 0

 

ბომბარდირები: 2 – ლევან კუტალია (“ზუგდიდი”, 1 პენალტით), რევაზ გოცირიძე (“ჩიხურა”), მათე ვაწაძე (“დილა”), ჩისკო (1), 1 – ალვარო (“დინამო”), თორნიკე აფციაური, თორნიკე გორგიაშვილი, პატრიკ მილხრაუმი (ყველა “ზესტაფონი”), საბა ლომია (“მერანი” მარტვილი), ლევან ხმალაძე (“დინამო” თბილისი), გელა გოგიტიძე, მიხეილ ჯორბენაძე (ორივე “დინამო” ბათუმი), რეზო ჯიქია, ჯაბა უგულავა (ორივე “სიონი”), ედიკ საჯაია, ნიკოლოზ კვასხვაძე (ორივე “ჩიხურა”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), გიორგი ვასაძე (“ვიტ ჯორჯია”), გიგა ამბროლაძე (“მერანი”), ალექსანდრე კვახაძე (“ტორპედო”), ელგუჯა გრიგალაშვილი (“ტორპედო”), დიმიტრი ტატანაშვილი (“მეტალურგი”), ბესო დეკანოიძე (“ჩიხურა”).

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატრანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

 

მე-3 ტურში, 25 აგვისტოს, ერთმანეთს შეხვდებიან:
“მეტალურგი” – “მერანი”, “დინამო” (ბთ) – “დინამო” (თბ), “კოლხეთი” – “ზუგდიდი”, “ვიტ ჯორჯია” – “ჩიხურა”, “დილა” – “სიონი”, “ტორპედო” – “ზესტაფონი”.

 

ლაშა თაბაგარი

0.095362