თურქული “კასიმპაშას” ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ თავის ყოფილ გუნდთან, “ქაისერისპორთან” სეზონის მე-2 თამაშიც წააგო. სტამბულში გამართულ შეხვედრაში, ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა. სტუმრები მეშვიდედან 84-ე წუთამდე 1:0 იგებდნენ, მაგრამ ძირითადი დროის ამოწურვამდე 6 წუთით ადრე, მოედანზე უკვე 10 კაცით დარჩენილმა მასპინძლებმა გათანაბრება მოახერხეს. 89-ე წუთზე, “ქაისერისპორის” ფეხბურთელებმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს და 3 ქულა მოიპოვეს. გუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა ხიზანიშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა.
ამ მოგების წყალობით, “ქაისერისპორმა” “კასიმპაშას” გადაასწრო და 33 ტურში მოპოვებული 49 ქულით, ქაისერიელები მე-5 ადგილს იკავებენ. მე-6 ადგილზეა “კასიმპაშა”, რომელსაც 47 ქულა აქვს.
ზუსტად ორთვიანი შესვენების შემდეგ, ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკის” შემადგენლობაში ითამაშა. ალექსანდრე ამისულაშვილის “კრილია სოვეტოვთან” გამართულ საშინაო შეხვედრაში, რომელშიც მოსკოველებმა ქულები მოულოდნელად დაკარგეს, ანანიძე მოედანზე მე-2 ტაიმის დასაწყისში შევიდა. ამ დროისთვის, შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 1:1 უკვე დაფიქსირებული იყო. რაც შეეხება ამისულაშვილს – მან 90 წუთი ითამაშა.
28 თამაშში მოპოვებული 45 ქულით, “სპარტაკი” მე-6 პოზიციაზეა და ევროპის ლიგაზე გამსვლელ მე-5 ადგილს 1 ქულით ჩამორჩება. “კრილია სოვეტოვი” კი, 25 ქულით, ცხრილის ქვედა ნაწილში, გადათამაშების ზონაშია.
ქართველი ფეხბურთელების გუნდების დაპირისპირება გაიმართა რუსეთის პრემიერლიგის მე-2 მატჩშიც. სოლომონ კვირკველიას “რუბინი” აკაკი ხუბუტიას “მორდოვიას” მასპინძლობდა. თამაში ყაზანელებმა 2:1 მოიგეს. ხუბუტიამ სრულად ითამაშა, ხოლო კვერკველია განაცხადს მიღმა დარჩა.
28 თამაშში 47 ქულის მოპოვებით, “რუბინმა” ევროპის ლიგის ზონაში შეაბიჯა, ხოლო 19 ქულის მქონე “მორდოვია” კვლავ გასავარდნ ზონაშია.