ფეხბურთი

20:07 | 23.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხიზანიშვილის გუნდი ბოლო ადგილს ასცდა, ხუბუტიამ ლიდერობა გაიმყარა

თურქულ სუპერლიგაში ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორმა" გასვლაზე 2:0 სძლია "რიზესფორს" და ბოლო ადგილიდან ბოლოდან მესამეზე გადაინაცვლა. რობერტ პროსინეჩკის გაწვრთნილ გუნდს 12 მატჩში 9 ქულა აქვს. ხიზანიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილება მიიღო.

რუსეთის პირველ დივიზიონში აკაკი ხუბუტიას "მორდოვიამ" შინ 4:2 აჯობა "შინიკს" და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. "მორდოვია" 15 ქულით უსწრებს მესამეადგილოსანს, პრემიერლიგაში კი პირდაპირ 2 გუნდი გადადის. ხუბუტიამ შეუცვლელად ითამაშა "შინიკთან".

"სკა-ენერგიამ" სტუმრად 1:0 მოუგო "სიბირს" და მერვე პოზიციაზეა. ქართველთაგან მხოლოდ გოგიტა გოგუამ ითამაშა და 61-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე, გოგიტამ გაფრთხილება მიიღო.

დავით სირაძის ნალჩიკის "სპარტაკმა" შინ 1:0 სძლია "ენისეის" და მე-11 საფეხურზეა. სირაძემ ბოლო ნახევარი საათი გაატარა მინდორზე. ზურაბ არზიანის "გაზოვიკმა" გასვლაზე 1:0 მოუგო სანკტ-პეტერბურგის "დინამოს" და მეცხრე საფეხურზეა. არზიანი სასტარტოში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.

რუსულ პრემიერლიგაში "რუბინმა" სტუმრად "ტომს" აჯობა (1:0), საბა კვირკველიამ კი ბოლო 2 წუთი დაჰყო მინდორზე. "რუბინი" მეათე ადგილზეა.

უკრაინაში "შახტარი"-"სევასტოპოლი" 4:0 დასრულდა. სტუმართაგან შეუცვლელად გაისარჯა მათე ღვინიანიძე, რომლის გუნდი მე-11 პოზიციაზეა.

იტალიის სერია B-ში "ემპოლიმ" გასვლაზე 3:1 იმარჯვა "სპეციასთან" და ცხრილს ლიდერობს. ლევან მჭედლიძე 82-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე, ირაკლი შეყილაძე კი სათადარიგო გახლდათ.

ამ საღამოსვე, კიდევ რამდენიმე მატჩი გაიმართება ქართველი ლეგიონერების მონაწილეობით.

0.115282