საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველის ზურაბ ხიზანიშვილის ახალი კლუბის ვინაობა ჯერჯერობით გაურკვეველია. ამის შესახებ ხიზანიშვილმა “მსოფლიო სპორტს” განუცხადა.
განვლილი სეზონი მან თურქულ “ქაისერისფორში” გაატარა, რომელსაც ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე მუხლის ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა. ხიზანიშვილს თავი შეახსენა რამდენიმე წლის წინ “გლაზგო რეინჯერსში” მიღებულმა დაზიანებამ, რის გამოც, იტალიაში ოპერაცია გაიკეთა. რეაბილიტაციის პერიოდმა გაიარა და ხიზანიშვილი ინდივიდუალურად ვარჯიშობს. მისი თქმით, კარიერის თურქეთში გაგრძელების ვარიანტები აქვს, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია. ამჟამად, 32 წლის ფეხბურთელი თბილისშია და უეფას ევროპის ლიგის მე-3 ეტაპზე, “ჩიხურა” – “ნეფთჩის” (2:3) მატჩსაც დაესწრო.