გლდანში მდებარე ჯემალ ცერცვაძის სახელობის დარბაზში მესამე დღეა მიმდინარეობს საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა 21-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩები.
ჩემპიონატში 6 გუნდი მონაწილეობს, გასულ წელს კი, მასში მხოლოდ 4 გუნდი - “სსაუ-თბილისი”, “ქუთაისი”, “ქარიშხალა” და “ბათუმი” ასპარეზობდა. წლეულს მათ რიგებს კვლავ დაუბრუნდა “გორი”, რომელიც ფინანსების უქონლობის გამო, გამოთიშული იყო ასპარეზობას. ამჟამად, გუნდი, გია მამაცაშვილის ხელმძღვანელობით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ვარჯიშობს და ფინანსებითაც აღნიშნული უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.
მე-6 გუნდი – თსუ, ახლახანს შეიქმნა. მას სტუ-ს ყოფილი მოთამაშე გიორგი კობახიძე უდგას სათავეში, გუნდში სტუ-ს ასევე ყოფილი რამდენიმე მოთამაშეც გამოდის.
გუშინ გამართულ მატჩებიდან, “ქარიშხალამ” “ქუთაისი” სულ რაღაც ორბურთიანი სხვაობით 36:34 დაამარცხა, თსუ-მ “სსაუ-თბილისთან” წააგო – 35:38, ხოლო “ბათუმმა” “გორი” დიდი ანგარიშით 44:27 გაანადგურა.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩებს, აქ მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: “სსაუ-თბილისი” – “გორის” “დუელი” 55:25 დასრულდა, დასავლური დუეტის დაპირისპირების ბედი მხოლოდ ერთმა ბურთმა გადაწყვიტა და “ქუთაისმა” 26:25 მოუგო “ბათუმს”, რაც შეეხება “ქარიშხალასა” და თსუ-ს მატჩს, “ქარიშხალამ” 43:38 სძლია მეტოქეს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველი ტური ხუთდღიანია და 29 ოქტომბერს დასრულდება.
გთავაზობთ ხვალინდელი შეხვედრების განრიგს:
ქუთაისი - თსუ 14:00 საათი
ბათუმი - სსაუ-თბილისი 15:30
გორი - ქარიშხალა 17:00
სატურნირო მდგომარეობა
| 1 | სსაუ-თბილისი | 3 | 3 | 0 | 0 | 130-92 | 6 |
| 2 | ქარიშხალა | 3 | 2 | 1 | 0 | 111-109 | 4 |
| 3 | ქუთაისი | 3 | 2 | 1 | 0 | 107-102 | 4 |
| 4 | თსუ | 3 | 1 | 2 | 0 | 111-112 | 2 |
| 5 | ბათუმი | 3 | 1 | 2 | 0 | 100-91 | 2 |
| 6 | გორი | 3 | 0 | 3 | 0 | 93-147 | 0 |
მაკა თოიძე







