რაგბი

15:58 | 10.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ხარებიდან” “მონ-დე-მარსანში”

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებებისა და რუსთავის “ხარების” მესამეხაზელი ბექა გორგაძე კარიერას საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის კლუბ “მონ-დე-მარსანში” გააგრძელებს.

გორგაძე ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და ბუნებრივია, ის პირველ ეტაპზე ფრანგული კლუბის “ესპუარებში”, ანუ 22-წლამდელთა გუნდში ითამაშებს. ბექა ჯერ რუსთავშია და ფორმის შენარჩუნების მიზნით “ხარებთან” ერთად ვარჯიშობს, საფრანგეთში კი, დაახლოებით ერთ თვეში გაემგზავრება.

ბექა გორგაძე: “რაგბის 2002 წლიდან ვთამაშობ და ის პირველივე დღიდან იქცა ჩემი ცხოვრების აზრად. ვარჯიში ზაზა ხუციშვილთან დავიწყე და მერე ასაკობრივ ნაკრებებშიც დამიძახეს, სადაც ჯერ დავით ჩავლეიშვილთან და მერე დავით ვართანიანთან ვვარჯიშობდი. დიდი ხანია მიზნად საფრანგეთში წასვლა დავისახე და ახლა ოცნება ამიხდა. პოლონეთში, 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში თამაშისას, იქ სხვადასხვა ქვეყნის აგენტებიც იყვნენ და მორაგბეებს აკვირდებოდნენ. შინ რომ დავბრუნდით ერთ-ერთი ფრანგი აგენტი შემეხმიანა და მისი მეშვეობით კარიერას “მონ-დე-მარსანში” გავაგრძელებ.

საფრანგეთში თვის ბოლოს მივდივარ და პირველ ეტაპზე “ესპუარებში” ვითამაშებ. ჩემთვის მისანაძი მაგალითი რა თქმა უნდა მამუკა გორგოძეა. გვარშიც მხოლოდ ერთი ასოა განსხვავება და დიდი იმედი მაქვს, მეც მისი მსგავსი წარმატებული კარიერა მექნება”.

0.111908