საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, 2011 წლის პირველ საერთაშორისო ტურნირზე, ბაქოს მასტერსზე 6-კაციანი შემადგენლობით გამოვა. ოფიციალურ განაცხადს, რომელიც “სპორტულმა ამბებმა” ორიოდე დღის წინ შემოგთავაზათ, გუშინ, მძიმეწონოსანი, ზვიად ხანჯალიაშვილი დაემატა.
ოლიმპიადისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად მიჩნეულ მასტერსზე, მსოფლიო რეიტინგის 16-16 მოწინავეს იწვევენ. მე-17 და მე-18 ადგილოსნები კი, სათადარიგოებად მიიჩნევიან და მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებენ პერსონალურ მიპატიჟებას, თუ ძირითადი სიის რომელიმე წევრი ჭიდაობას ვერ შეძლებს. თუ ორზე მეტი ძიუდოისტი ვერ ახერხებს მასტერსში ჩართვას, მაშინ რეიტინგში მე-18 საფეხურზე დაბლა მყოფს მაინც არ ეძლევა ჭიდაობის ნება, თუმცა, ამჯერად ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გამონაკლისი დაუშვა – ზვიად ხანჯალიაშვილი რეიტინგში 21-ე ადგილზეა.
“საერთაშორისო ფედერაციის სპორტულმა დირექტორმა, დანიელ ლასკაუმ დამირეკა და მასტერსზე ზვიად ხანჯალიაშვილის მონაწილეობა შემომთავაზა. მიზეზი არ უთქვამს, შესაძლოა, თექვსმეტეულის რამდენიმე წევრმა აზერბაიჯანში ჩასვლაზე უარი თქვა. ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სოსო ლიპარტელიანს ვესაუბრე და მას შემდეგ, რაც მისგან თანხმობა მივიღე, ლასკაუს ვაცნობე, რომ ქართულ შემადგენლობას ხანჯალიაშვილიც დაემატებოდა” – უთხრა “სპორტულ ამბებს” საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ალექსიძემ.
ბაქოს მასტერსი 15-16 იანვარს გაიმართება და საქართველოს ნაკრების სახელით, ტატამზე ხანჯალიაშვილის გარდა, ამირან პაპინაშვილი, დავით ასუმბანი (ორივე 60 კგ), ლევან წიკლაური (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) გავლენ. პაპინაშვილი მსოფლიოს რეიტინგთა სიაში მე-11 პოზიციაზეა, ასუმბანი - მე-16, წიკლაური - მე-13, ლიპარტელიანი - მე-9, ხოლო ჟორჟოლიანი - მე-12.
შეჯიბრის საპრიზო ფონდი 200 ათასი დოლარია. ჩემპიონები 6-6 ათასს მიიღებენ. ამასთან, 400-400 სარეიტინგო ქულითაც გამდიდრდებიან.
ოთარ მაღლაკელიძე







