ამასწინათ, ერთმა ჩემმა ნაცნობმა თქვა: ”ლეო მესი ”ათასერთი ღამის” ტომებივით კაცია – კითხულობ, კითხულობ და ბოლო არ უჩანსო” – ეს ისე კარგად ნათქვამი გამოუვიდა, რომ მერე მეც დავფიქრდი, გვანან თუ არა ფეხბურთელები წიგნებს და ფეხბურთელები, როგორც ზოგადად ადამიანები, შეიძლება თუ არა კონკრეტულ წიგნებთან გავაიგივოთ.
მე თუ მკითხავთ, ჩვენი თემურ ქეცბაია ძველი ფრანგული ბულვარული რომანისავით კაცია. კითხულობ გულმოდგინედ, ცდილობ ჩასწვდე იმ ლინგვისტურ აბდაუბდას – რისი თქმაც მწერალს უნდა, მაგრამ რაც უფრო მეტ ფურცელს ფურცლავ, უფრო რწმუნდები, რომ შენთვის შემდეგი თავები უფრო უინტერესო ხდება და ბოლოს წიგნის საბოლოოდ წაკითხვაც გეზარება.
სამაგიეროდ, კრიშტიანუ რონალდუ სხვა არაფერია, თუ არა შუა საუკუნეების ევროპული ზღაპრების წიგნი, სადაც მრავალი სარაინდო ამბავი წერია. წიგნის ფურცლებიდან გამუდმებით ხმლების ჭახა-ჭუხი მოისმის და ბოლოს ყველაფერი თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდის ციხე-კოშკში შესვლითა და მეფის ასულთან ქორწინებით მთავრდება. რონალდუს ირინა შეიკი ჯერ ცოლად არ მოუყვანია (და საქმეს ისეთი პირი უჩანს, შეიძლება არც მოიყვანოს) თორემ დანარჩენი სწორედ იმ ძველი ზღაპრებივით მიდის ყველაფერი.
რაკი ლეო მესიზე დასაწყისში კარგი შედარება უკვე ვთქვით, მაშინ მოდით არგენტინის ნაკრებში მესის თანაგუნდელი – კარლოს ტევესი გავიხსენოთ და ვიფიქროთ, რომელ წიგნებს მოერგება ეს უხიაგი და გიჟმაჟი კაცი... ტევესი ალბათ ყველაზე მეტად, დავით კლდიაშვილის მოთხრობებივით ვინმეა, რომელიც მუდმივად ბავშვობაში გამოვლილ გაჭირვებაზე საუბრობს, კლუბიდან-კლუბში დაწანწალებს და ვერა და ვერ მოიგო გულშემატკივრების გული.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი არის, ტოლკინის “ბეჭდების მბრძანებლის” სამწიგნეული თავისი ორკებით, გობლინებით, ნაზგულებით, დრაკონებითა და სხვა ეშმაკ-ქაჯებით. ზლატანი, ისევე როგორც ტოლკინის ნაწერები, გითრევს და გაშინებს, მაგრამ ყოველთვის იცი, რომ ბოლოს არაგორნი მაინც მეფე გახდება და ყველა აღიარებს ელფთა და გნომთა ძმობის განსაკუთრებულობას!
ანდრეს ინიესტა ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურებია. ყველაფერი თავის ადგილზე აქვს, აფეთქებებიც ახასაითებს, მაგრამ ძალიან პატარაა და ამის გამო ყოველთვის გიტოვებს ნაკლოვანების შეგრძნებას. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც მოცულობას უბრალოდ არ აქცევენ ყურადღებას.
ანდრეა პირლო ართურ კონან დოილის მოთხრობებივით კაცია. სულ რაღაცას ფუთფუთებს, თამაშის დროს სულ რაღაც ფარულ ხვეულებსა და კვანძებს ხლართავს და კაცი ვერ გაიგებს რა უდევს გულში. როდესაც მავანნი ყველაზე ნაკლად ელიან, სწორედ მაშინ იხსნება კვანძი და ანდრეა პირლო უკვდავი შელოკ ჰოლმსივით თავისი სიდიადით წარმოგვიდგება.
უეინ რუნი ჩეხოვის მოთხრობებივით ვინმეა. სხარტი, მოქნილი და აზრიანი, თუმცა მაინც გემოვნების საქმეა რუნის ფეხბურთის შეყვარება. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩეხოვის მოთხრობებსაცა და რუნის თამაშსაც ზედაპირულობის ელფერი დაჰკრავს, მაგრამ ყველა მაინც აღიარებს დიდ ნიჭსა და ენერგიას, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად ჩანს.
ფრენკ რიბერი თეოდორ დოსტოევსკის რომანებია. დინჯი, ღრმა, სულში ჩამწვდომი და ყოვლისმომცველი. რიბერიმ, ისევე როგორც დოსტოევსკიმ, დანდობა არ იცის და რაც გასაკეთებელია, აუცილებლად გააკეთებს. რიბერი მოწინააღმდეგეს არ უტოვებს იოტისოდენა შანსსააც კი, რომ მის სიდიადეში ეჭვი შეიტანოს. და რაც მთავარია, დოსტოევსკისა არ იყოს რობერიმაც კარგად იცის, რომ რიბერია!
ბოლოს, ჟოზე მოურინიოზეც მინდოდა დამწერა რამე, მაგრამ ნაგიჟარ ჟოზეს კიდევ წიგნთან შედარება უნდა?...