ძიუდო

11:01 | 23.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ხაბულიანი გააცილეს, ლიპარტელიანი კი, რთულ გზას შეუდგა

როგორც მოსალოდნელი იყო, ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გუშინდელმა სხდომამ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მღელვარე საკითხების უკან მოტოვების შემდეგ, 22 სექტემბრის დღის წესრიგის მთავარი თემა, ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სოსო ლიპარტელიანის დამტკიცება იყო.
ეს გადაწყვეტილება აღმასკომმა ერთსულოვნად მიიღო. ასევე, ერთსულოვნად დააკმაყოფილეს დილარ ხაბულიანის განცხადება ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით. აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი, წინა აღმასკომისგან განსხვავებით, სხდომაზე მოვიდა და კომენტარზეც არ უთქვამს უარი.
დილარ ხაბულიანი:
“დღევანდელ აღმასკომს ოფიციალურად წარვუდგინე ჩემი განცხადება გადადგომის შესახებ. აღმასკომმა შემომთავაზა ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად დარჩენა, მაგრამ მე უარი ვთქვი. რაც შეეხება სოსო ლიპარტელიანს, ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და ჩვენ მის შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვიყავით, როცა ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დავნიშნეთ. მან იმედები გაამართლა და მინდა, დიდი წარმატება ვუსურვო.”
სოსო ლიპარტელიანის კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ, ახალმა მთავარმა მწვრთნელმა აღმასკომს შესთავაზა, ნაკრები გუნდის ექსპერტ-კონსულტანტად თემურ ხუბულური დანიშნულიყო. ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი კი, გიორგი გუგავამ დაიკავა. მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში, ხუბულურმა აღნიშნა, რომ შედეგების მისაღწევად დროა საჭირო და კარგი მწვრთნელები ბავშვობის ასაკიდან. “თუ ჩვენი საქმიანობა წარმატებული არ იქნება, როგორც მოვედით, ისე წავალთ. თუმცაღა, არ შეიძლება მწვრთნელები წამდაუწუმ ცვალო”, - განაცხადა მან.
რაც შეეხება ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობას, მისი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. ამ ეტაპზე, აღმასკომს დაევალა ჩაატაროს მოსამზადებელი სამუშაოები და მხოლოდ შემდეგ გაირკვევა ყრილობის მოწვევის დრო და ადგილი. როგორც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ალექსიძემ განაცხადა, ახალი პრეზიდენტის არჩევა წლის ბოლომდე მოხდება.
რა თქმა უნდა, საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების ახალი და ახალგაზრდა მწვრთნელი. სოსო ლიპარტელიანმა მადლობა გადაუხადა აღმასკომს ერთსულოვნებისთვის: “ასეთი ერთსულოვანი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად მესმის, რომ საკმაოდ რთულ დროს მომიწია ნაკრებში მოსვლა, მაგრამ იმედი მაქვს, ყველას თანადგომით და ერთობლივი მუშაობით, შევძლებთ დავუბრუნოთ ქართულ ძიუდოს ტრადიციული წარმატებები. განხეთქილებები და უსიამოვნებები უნდა დამთავრდეს და ამაში დარწმუნებული ვარ.”
უახლოეს მომავალში, ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა მოუწევს. სოსო ლიპარტელიანის თქმით, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდები წლევანდელ ტურნირებს მოილევენ, ეროვნულ ნაკრებში მათი ინტეგრირების პროცესი დაიწყება და შანსი ახალგაზრდებსაც მიეცემათ.

ეკა ელოშვილი


      
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093368