ძიუდოს ეროვნულ ფედერაციაში დღეს გაიმართა აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი საგანგებო სხდომა, სადაც განიხილეს ფედერაციის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის, დილარ ხაბულიანის განცხადება გადადგომის თაობაზე, რაც აღმასკომმა დააკმაყოფილა.
აღმასკომის წინა სხდომისგან განსხვავებით, დღევანდელ სხდომას თავად დილარ ხაბულიანიც ესწრებოდა, რომელმაც მხოლოდ მადლობა გადაიხადა და ძალიან მშვიდად დატოვა ფედერაციის შენობა და ის თანამდებობა, რომელზეც 19 წელი მუშაობდა.
დილარ ხაბულიანმა მოკლე კომენტარი გააკეთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის სოსო ლიპარტელიანის შესახებ. მან თქვა, რომ ლიპარტელიანი პროფესიონალი ადამიანია და თავდაპირველად, სწორედ მისი ინიციატივით დანიშნეს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ხაბულიანმა აღნიშნა, რომ დიდი იმედი ჰქონდა, ლიპარტელიანი მის მოლოდინს გაამართლებდა და ასეც მოხდა, რადგან ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერიოზულ შედეგს მიაღწია.
მეორე საკითხად განიხილეს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სოსო ლიპარტელიანის კანდიდატურა, რომელსაც აღმასკომის უმრავლესობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი და ოფიციალურად დაამტკიცა თანამდებობაზე. თავად სოსო ლიპარტელიანი გამოვიდა ინიციატივით, რომ ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს გიორგი გუგავა, რაზეც აღმასკომმა ასევე თანხმობა განაცხადა და შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ნაკრებს ახალი თავკაცი ჰყავს - გიორგი გუგავას სახით. ლიპარტელიანმა ასევე თხოვნით მიმართა აღმასკომს, რომ მის კონსულტანტად იმუშაოს წარსულში ცნობილმა სპორტსმენმა და მწვრთნელმა თემურ ხუბულურმა, რაზეც უარი არ მიუღია.
როგორც “მსოფლიო სპორტთან” საუბრისას ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ განაცხადა, აღმასკომს ამ ეტაპზე არ გადაუწყვეტია თუ როდის გაიმართება რიგგარეშე ყრილობა, სადაც უნდა წარადგიონ ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები. თუმცა, აღმასკომს დაევალა საფუძვლიანად მოამზადოს ეს საკითხი და ამის შემდეგ მოიწვიოს ყრილობა.
ეკა ელოშვილი







