საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა პრაღაში მიმდინარე ევროპის თასის გათამაშების პირველ დღეს 4 მედალი მოიპოვა. გუშინ ჩემპიონ-პრიზიორები საწყის ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და ოთხივე წონის ფინალში ქართველებმა იჭიდავეს. სოსო ლიპარტელიანის შეგირდებმა ორ წონაში იმარჯვეს, 2-ში კი ვერცხლის მედალს დაეუფლნენ.
ევროპის თასის მიმომხილველი ოფიციალური ვებ-გვერდის არცთუ სახარბიელოდ მუშაობის გამო, საქართველოს ნაკრების წევრთა საბოლოო შედეგიანობის შესახებ მთავარი მწვრთნელის, სოსო ლიპარტელიანის სატელეფონო კომენტარითღა შევიტყვეთ. ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) და ბეთქილ აფრასიძე (73 კგ) ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ოთარ კაიდარაშვილი (55 კგ) და შმაგი ლაგაზაური (60 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.
პრაღის ევროპის თასს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის დამატებითი დატვირთვაც ჰქონდა. ლიპარტელიანმა ჩეხეთში გუნდის უმთავრესი კანდიდატები წაიყვანა და გამორჩეულებით, სოფიაში 17-19 სექტემბერს ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი შემადგენლობა უნდა დააკომპლექტოს.
მთავარმა მწვრთნელმა ბულგარეთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტებით დაკომპლექტებული ნაკრები იახლა. თუმც რამდენიმე გამონაკლისიც დაუშვა. ერთ-ერთი გამონაკლისი შავდათუაშვილი იყო, რომელმაც საქართველოს პირველობა მე-3 ადგილით ჩაამთავრა და პრაღაში კერძო დაფინანსებით გაემგზავრა. ჩემპიონობით კი, მან შიდა კონკურენციაში გალიდერებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა.
წინასწარი განაცხადის თანახმად, 55 კილოგრამში, კაიდარაშვილის გარდა, ლაშა გიუნაშვილმა იჭიდავა, 60-ში, ლაგაზაურთან ერთად, კიმონო საქართველოს ჩემპიონმა გიორგი ბროლაშვილმა მოირგო, 66-ში - ლაშა ლომიძემ და ფრიდონ გიგანმა, 73-ში კი, ზებედა რეხვიაშვილმა და ლაშა ზურაბიანმა.
პირველ აგვისტოს მედლები დარჩენილ ოთხ წონაში გათამაშდება. საქართველოს სახელით ავთო ჭრიკიშვილი, გიორგი მერმანიშვილი, არჩილ უსტარაშვილი (ყველა 81 კგ), არჩილ შინჯიკაშვილი, გიორგი ნოზაძე (90 კგ), მიხეილ ნარიმანიძე (100 კგ), უშანგი კოკაური და სლავა რეზესიძე (+100 კგ) იჭიდავებენ.
ოთარ მაღლაკელიძე







