კიევში, 16-20 დეკემბერს, უკრაიანის ოლიმპიური კომიტეტის და საწყლოსნო ფედერაციის ეგიდით ჩატარდა A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი წყალში მხტომელთა შორის, სადაც ქართველთაგან ჭოლა ჭანტურია და შოთა კორახაშვილი ასპარეზობდნენ.
როგორც “მსოფლიო სპორტს” საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი ბართაიამ განუცხადა, ტურნირში 12 ქვეყანას უნდა მოეღო მონაწილეობა, მაგრამ გრიპის ვირუსის გამო, ოთხმა კიევში ჩასვლაზე უარი განაცხადა, დანარჩენი რვა ქვეყნიდან (უკრაინა, რუსეთი, საქართველო, ბელარუსი, პოლონეთი, შვეიცარია, ხორვატია, აზერბაიჯანი) კი, 200-მდე სპორტსმენმა იასპარეზა.
ქართველი წყალში მხტომელები აღნიშნულ ტურნირზე გართულებული პროგრამით წარსდგნენ. სინქრონულ ხტომაში, 385 ქულით, მე-2 ადგილი დაიკავეს და ხუთი ქულით გააუმჯობესეს პირადი რეკორდი (მანამდე 380 ქულა ჰქონდათ). რაც შეეხება ინდივიდუალურ ხტომებს, 31 მონაწილეს შორის, მე-5 ადგილზე გავიდა ჭოლა ჭანტურია (361 ქულა), ხოლო შოთა კორახაშვილი (268) მე-13-ზე.
“დადებით შეფასებას იმსახურებს ჭანტურიას გამოსვლა, მას მხოლოდ ევროპის ჩემპიონებმა და პრიზიორებმა (სამი უკრაინელი და ერთი რუსი) გაუსწრეს და უნდა ითქვას, რომ საკმაო კონკურენციაც გაუწია მათ. რაც შეეხება კორახაშვილს, იქიდან გამომდინარე, რომ ის მხოლოდ 18 წლისაა, თავის ასაკში ყველაზე რთული პროგრამა ჰქონდა, თან პირველად. ამიტომ, ეს შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა უკეთესადაც შეეძლო გამოსვლა. ისე კი, უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, ორივე ქართველს აქვს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვების შანსი”- განაცხადა ბართაიამ.
მისივე თქმით, კიევში ქართველ სპორტსმენთა ყოფნა უკრაინის ოლიმპიურმა კომიტეტმა დააფინანსა, ხოლო მგზავრობის ხარჯები საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა დაფარა.
ეს, სეზონის ბოლო ტურნირი იყო, ამიტომ ირაკლი ბართაიას წლის შეჯამებაც ვთხოვეთ.
“სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ჩვენ ექვს შეჯიბრზე გახლდით, აქედან სამი (ჩინეთის გრან-პრი, ევროპის ჩემპიონატი, სადაც პირველად იასპარეზეს და მე-9 ადგილზე გავიდნენ, უკრაინის საერთაშორისო ტურნირი) წარმატებული იყო. საშუალო შედეგი გვქონდა ესპანეთის გრან-პრზე, სადაც ჭანტურიას ცოტა დააკლდა ფინალში გასასვლელად, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე და გერმანიის გრან-პრიზე ჩვენი სპორტსმენები, თავის შესაძლებლობებთან შედარებით, ცუდად გამოვიდნენ. ამ ჩავარდნებს მოველოდიც კიდეც რადგან 18-20 წლის სპორტსმენები ექვსივე ტურნირზე ვერ აჩვენებდნენ საუკეთესო შედეგს. მომავალი წლიდან, 1-7 თებერვალს იწყება A კატეგორიის ტურნირი ჰოლანდიაში, რომელიც ასაკობრივ ჯგუფებში გაიმართება და მასში ჭანტურიასა და კორახაშვილთან ერთად, პატარებიც მიიღებენ მონაწილეობას. შემდეგ გრან-პრის სარეიტინგო სერიები დაიწყება, ხოლო წლის მთავარი შეჯიბრი ევროპის ჩემპიონატი იქნება, რომელიც აგვისტოს თვეში ბუდაპეშტში გაიმართება, ხოლო მანამდე, ივლისში, მსოფლიო თასი გველის. ევროპირველობისთვის მზადება სამ ეტაპად გვაქვს დაყოფილი. პირველი ეტაპი უკვე გავიარეთ უკრაინის ტურნირზე და წარმატებითაც, მეორე ეტაპი გრან-პრის სერიები იქნება, ხოლო დასკვნითი მომზადება უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის წინ გაიმართება.”
მაკა თოიძე







