სხვა

22:35 | 22.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართული წყალბურთის დიდი გეგმები

 

“დაუჭირე მხარი წყალბურთს” – ესაა საქართველოში წყალბურთის განვითარების ფონდის სლოგანი, რომლის პრეზენტაციაც დღეს თბილისის "ივენთ ჰოლში" გაიმართა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. მათ შორის საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრების წევრები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, სხვა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ჟურნალისტები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

საპატიო სტუმართა შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტის თითქმის სრული შემადგენლობა იყო.

საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ სცენაზე ვეტერან წყალბურთელებსა და სპეციალისტებს უხმო და საქართველოში წყალბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ქართული წყალბურთის საპატიო ელჩებად გამოაცხადა. რურუამ დამსწრეთ საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატებები შეახსენა. შემდეგ კი წყალბურთის განვითარების ფონდის შექმნის შესახებაც აუწყა.

ფონდს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი სანდრო ბითაძე ხელმძღვანელობს, რომელმაც სტუმრებს საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარების გრძელვადიანი პროექტი გააცნო. სანდრო ბითაძის განცხადებით, მთელ რიგ საკითხებთან ერთად ერთ-ერთი აქტუალური ახალი აუზების აშენებაა. გეგმის მიხედვით, უახლოეს 3-5 წელიწადში საქართველოს უმაღლესი დონის რვა აუზი უნდა შეემატოს.

დღესვე გაიმართა რეჟისორ ბასა ფოცხიშვილის კლიპის პრეზენტაცია, რომელიც სპეციალურად საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მხარდასაჭერად გადაიღეს. შეგახსენებთ, ევროპირველობა 14-27 ივლისს უნგრეთში გაიმართება. ქართველ წყალბურთელებს სიტყვით საქართველოში უნგრეთის სრულუფლებიანმა ელჩმაც მიმართა და მომავალ ევროპირველობაზე წარმატება უსურვა.

შემდეგ სცენაზე ლევან ყიფიანი ავიდა და განაცხადა, რომ ქართველი წყალბურთელების ბოლოდროინდელი მიღწევები გმირობის ტოლფასია. სპორტის მინისტრმა ფონდის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და იდეის ავტორებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. ბოლოს კი ყიფიანმა დასძინა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო წყალბურთს მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს, დიდი სახელის დასაბრუნებლად.

აქვე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარიც:

“უღრმესი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს. ყველას გილოცავთ ამ დიდ წარმატებას – საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა პირველად მოახერხა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა. ტურნირზე ევროპის 12 საუკეთესო ნაკრები ითამაშებს. საქართველოში წყალბურთი ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და ბოლოდროინდელი გამარჯვებები მომავლის იმედს გვაძლევს. ყველამ კარგად ვიცით, რომ განვითარებას ფინანსური დახმარება სჭირდება. სახელმწიფო შესაძლებლობების ფარგლებში გვერდით უდგას, მაგრამ მარტო ეს მხარდაჭერა არაა საკმარისი. საქმეში კერძო სექტორიც უნდა ჩაერთოს. მინდა მოვუწოდო ბიზნესმენებს და ყველას, ვისაც გული შეტკივა, გახდეს რეალური მხარდამჭერი. მათი გვერდში დგომა ქართული წყალბურთის და მთლიანად ქართული სპორტის დიდი მომავლის საწინდარი გახდება”.

ღონისძიების მიწურულს სცენაზე საქართველოს ნაკრების წევრებსა და კანდიდატებს უხმეს.

0.497535