საქართველოს წყალბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა (1993-94 წლებში დაბადებულები) ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაძლევა მოახერხა და ფინალურ ეტაპზე გააღწია, რომელსაც 8-15 აგვისტოს გერმანიის ქალაქი შტუტგარტი უმასპინძლებს.
რევაზ ჩომახიძის მიერ დარიგებულმა გუნდმა პოლონეთის ქალაქ გორშაკში გამართულ ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის ნაკრებთან 10:9 იმარჯვა, შემდეგ სლოვაკეთთან 3:20 განადგურდა და გადამწყვეტ მატჩში ბელორუსს დაუზავდა 5:5. შედეგად, ქართველებს 4 ქულა მოუგროვდათ და A1 ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავეს, რისი წყალობითაც ნახევარფინალში A2 ჯგუფში პირველ საფეხურზე გასულ ბულგარეთთან თამაშის უფლება მოიპოვეს.
სლავებთან დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრები ფავორიტად არ მოიაზრებოდა და საბოლოოდ, 4:9 დამარცხდა. შედეგად, გადამწყვეტი მე-3 ადგილისთვის მატჩი გახდა, რომელშიც ჩომახიძის ბიჭები პოლონელებს გადაეყარნენ. პრინციპული მატჩის პირველ მეოთხედში ჩვენი გუნდი 0:2 ჩამორჩა, თუმცა, მდგომარეობის გამოსწორება შეძლო და ძირითადი დრო 4:4 დაასრულა. პირველი ექსტრა-ტაიმი 2:2 მორჩა, ასევე საყაიმო ანგარიში – 1:1 დაფიქსირდა მეორე დამატებულ პერიოდში, პენალტებში კი ქართველმა წყალბურთელებმა 5:3 იმარჯვეს და საბოლოოდ, პოლონელებს 12:10 სძლიეს.
ამგვარად, ევროპის 2010 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში A ჯგუფიდან სლოვაკეთისა და ბულგარეთის გუნდებთან ერთად, საქართველოს ნაკრებმაც გააღწია, რომელთაც B და C ჯგუფებიდან რუსეთი, ჰოლანდია, თურქეთი და სლოვენიაც შეუერთდნენ.







