ინტერნეტ-გამოცემა TennisTalk-მა 2009 წლის საუკეთესო საჩოგბურთო მატჩად ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალური დაპირისპირება დაასახელა, რომელშიც ესპანელმა რაფაელ ნადალმა თანამემამულე ფერნანდო ვერდასკო 6:7 (4:7), 6:4, 7:6 (7:2), 6:7 (1:7), 6:4 დაამარცხა.
შეხვედრა, რომელიც 5 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა, ავსტრალიური ტურნირის ისტორიაში ყველაზე “გაწელილი” გამოდგა. ჩოგბურთელებმა 59 გეიმში 385 ქულა გაითამაშეს, ბოლო გათამაშების წინ კი მეტოქეთა აქტივში ქულათა ერთნაირი რაოდენობა – 192 გახლდათ.
“ისეთი დაძაბული მატჩი იყო, ბოლო გემში ტირილი მინდოდა. ასეთი შეხვედრები დიდხანს გამახსოვრდება”, - ასე გამოეხმაურა ნადალი აღნიშნულ მატჩს.
ანალოგიური განცხადება გააკეთა ვერდასკომაც. “დაუჯერებელი თამაში იყო და ორივენი ჩინებულად გავისარჯეთ. მართალია, ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ კორტი დამარცხებულმა დავტოვე, თუმცა, იმ თამაშით, რომელიც მაშინ ვაჩვენე, დღემდე ვამაყობ. ეს მატჩი მთელი ცხოვრება მემახსოვრება”.







