საქართველოში საფეხბურთო წელი სუპერთასის მატჩით დასრულდება.
22 დეკემბერს, კვირას, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს თბილისის “დინამო” და საჩხერის “ჩიხურა” დაუპირისპირდებიან.
2013 წელს “დინამომ” დუბლი შეასრულა – ჩემპიონი გახდა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი მოიგო, ხოლო “ჩიხურა” სუპერთასისთვის როგორც თასის ფინალისტი იბრძოლებს.
მომავალი შეხვედრა 17 საათზე დაიწყება და დასწრება უფასოა. სუპერთასის მატჩს პირდაპირი ეთერით საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი” გადასცემს.
სხვათა შორის, წელს სუპერთასის მატჩი ერთხელ უკვე ჩატარდა და 22 თებერვალს 2012 წლის საქართველოს ჩემპიონმა “ზესტაფონმა” ამავე წლის თასის მფლობელი გორის “დილა” დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, ხოლო ზესტაფონელებმა პენალტების სერიაში 4:2 გაიმარჯვეს.