ფეხბურთი

23:26 | 19.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

წინასაშობაო საჩუქარი „ბარსას“ ქომაგებს

კატალონიის „ბარსელონას“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლუბმა მოქმედი კონტრაქტი გაუხანგრძლივა ანდრეს ინიესტას და ნახევარმცველი „კამპ ნოუზე“ 2018 წლის 30 ივნისამდე იბურთავებს.

„მოხარულები ვართ, ანდრესის საკითხი საბოლოოდ რომ გადაიჭრა. ვფიქრობ, წინასაშობაოდ „ბარსას“ ერთგული გულშემატკივრები გავახარეთ“, - ქომაგებზე არანაკლებად კმაყოფილი „ბლაუგრანას“ პრეზიდენტი სანდრო როსელიც იყო.

ანდრეს ინიესტა „ბარსელონაში“ 12 წლისა, 1996-ში მოხვდა. „ბარსას“ ძირითად გუნდში მას დებიუტი 2002 წელს ჰქონდა და მას შემდეგ მოყოლებული როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე მრავალი უპირველესი მნიშვნელობის ტიტული დაისაკუთრა.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ ინიესტასთან თავდაპირველად 2020 წლამდე აპირებდა ხელშეკრულების გაფორმებას. მოარული ხმების თანახმად, ანდრესს ჯამაგირის სახით 10-11 მილიონი ევრო დაუნიშნეს და ინიესტა ლეო მესის შემდეგ გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

0.130285