კალათბურთი

22:09 | 26.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

წინასაარჩევნო ტური დასავლეთ საქართველოში

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ გაბრიჩიძემ წინასაარჩევნო კამპანია დასავლეთი საქართველოს მუნიციპალიტეტების მონახულებით დაიწყო. პირველმა დღემ ქუთაისში, იმერეთის ფედერაციის წარმომადგენლობასთან, ქუთაისის მე-11 კომპლექსურ სპორტ-სკოლაში წარმატებით ჩაიარა. გაბრიჩიძე შეხვდა და პირადად გააცნო თავისი სამოქმედო გეგმა ადგილობრივი ფედერაციის პრეზიდენტ , მამუკა ჩიხლაძეს.

ტური დასავლეთ საქართველოში ქუთაისიდან დაიწყო, რასაც პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ გაბრიჩიძემ არგუმენტიც დაურთო: „სწორედ ქუთაისში და სწორედ ამ სპორტ-სკოლებში გაიზარდნენ ისეთი ლეგენდარული კალათბურთელები, როგორებიც არიან: ქორქიები, ზურაბ საკანდელიძე, ნიკოლოზ დერიუგინი, გელა დარსაძე. ამიტომ, ამ ქალაქს დიდი დატვირთვა აქვს კალათბურთის ისტორიაში და სპეციალურად იქნა შერჩეული დასავლეთ საქართველოს ტურის საწყისად.“

ქუთაისის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატი ასევე მოინახულებს ფოთსა და ბათუმს და გაესაუბრება აჭარის ფედერაციის წარმომადგენლებს. გაბრიჩიძის ვიზიტების პირველადი მიზანია გააცნოს ადგილობრივ ფედერაციებს მისი წინასაარჩევნო გეგმა, მოისმინოს ადგილობრივი პრობლემები და გაუზიაროს საკუთარი გეგმები პრობლემების აღმოფხვრის შესახებ. მისი სამოქმედო გეგმა საკმაოდ ვრცელი და კონკრეტულია, ძირითადი მიმართულებები ახალგაზრდების მეტი ჩართულობა, ვეტერანებისადმი მეტი ყურადღება და დასაქმება, ქალთა ჩართვა კალათბურთში, რეგიონალური ცენტრების განვითარება, სპეციალისტების დახმარებით კვლევების ჩატარება, რომლებიც არსებული პრობლემების გამომწვევი მიზეზების ფუნდამენტალურ ახსნას ემსახურებიან და სხვა.

მიხეილ გაბრიჩიძის ვრცელ გეგმას ყურადღებით მოუსმინეს ქუთაისის მე-11 სპორტ-სკოლის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილმა წარმომადგენლებმა, დაისვა კითხვებიც თუმცა არ ყოფილა დავა და ახალი შემოთავაზებები. როგორც აღმოჩნდა, გეგმა სავსებით მისაღები და დამაკმაყოფილებელია იმერეთის წარმომადგენლობისთვის. ეს შემდგომში ადგილობრივი ფედერაციის პრეზიდენტის, მამუკა ჩიხლაძის, სიტყვებმაც დაადასტურა: „წარმოდგენილი გეგმა სავსებით დამაკმაყოფილებელი და ამომწურავია. წარმოდგენილია ყველა ის პრობლემა, რაც დღევანდელ რეალობაში გაგვაჩნია. კითხვები აღარ გვაქვს, რადგან ყველა კითხვას თავად გაეცით პასუხი.“

მიხეილ გაბრიჩიძე: „ეს ვიზიტი ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია. უკვე გავუსვი ხაზი ქუთაისის წონას ქართულ კალათბურთში. ჩვენ ვუფრთხილდებით ტრადიციებს და გვინდა, რომ მომავალში ამ საკალათბურთო რეგიონისთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ. ამას მხოლოდ ჩვენი დიდი საკალათბურთო ოჯახის ერთობლივი ძალით შევძლებთ.“

0.472047