ძიუდო

19:11 | 7.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

წიკლაური და ცირეკიძე დიდი სლემის ნახევარფინალში იჭიდავებენ

პარიზის დიდ სლემზე, კვარცხლბეკზე ასვლა კიდევ ორმა ქართველმა ძიუდოისტმა გაინაღდა. საქართველოს ნაკრების წევრებმა - ლევან წიკლაურმა (81 კგ) და ირაკლი ცირეკიძემ (100 კგ) სამ-სამი შეხვედრა მოიგეს და ნახევარფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვეს. წიკლაურმა რუსი არსენ პშმახოვი ვაზარითა და იუკოთი ჩამოიცილა, ბრაზილიელ ნაციფ ელიასსა და სამხრეთ კორეელ დაე-ნამ სონგს კი, იპონებით მოუმთავრა საქმე და ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ტურნირის ერთ-ერთ აღმოჩენას, ამერიკელ ტრავის სტევენსს დაეჭიდება.
ირაკლი ცირეკიძემ უმნიშვნელოვანესი ბრძოლა მე-2 წრეში ჩაატარა. პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ძლეულ რუსს, ივან პერშინს რევანშის შანსი არ დაუტოვა და ორ წუთში იპონით მოუმთავრა საქმე. პირველ და მე-3 წრეებში კი, ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მასპინძლები – ფრედერიკ შტიგელმანი და კირილ მარე გაფრთხილებებით დაამარცხა. ფინალში გასასვლელად, ცირეკიძე ბელგიის სახელით მოჭიდავე ჰოლანდიელს, ელკო ფან დერ ხესტს დაუპირისპირდება.
დღესვე, ტატამზე კიდევ 5 ქართველი ჩაერთო. იოსებ წელაურმა (81 კგ), საბა გავაშელიშვილმა (90 კგ), ნოდარ მეტრეველმა (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) საწყის ეტაპზევე დაკარგეს მედლის მოპოვების შანსი, ხოლო ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) მეოთხედფინალამდე მივიდა და დიდი სლემი მე-5 ადგილით ჩაამთავრა.
ნახევარფინალები 19 საათიდან დაიწყება.

ოთარ მაღლაკელიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089763