მოგესალმები ჰერ იურგენ კლოპ. ალბათ ეს წერილი რომ მიიღეთ და საფოსტო კონვერტზე გამომგზავნელის მისამართად ქალაქი ნეაპოლი ეწერა, წერილის დახევა რამდენჯერმე დააპირეთ, რადგან ჩემგან გინებას და კრულვას მოელით. თუმცა რაკი გამბედაობა გეყოთ და ახლა ამ წერილს კითხულობთ, უკვე იმსახურებთ ჩემს სიმპათიას და პატივისცემას, რადგან გაბედული და უშიშარი ადამიანები ყველაზე მეტად მიყვარს ამქვეყნად.
მე გახლავართ თქვენთვის სრულიად უცნობი ადამიანი. სახელად კობოლი სანდინო მქვია და ალბათ ვერასოდეს წარმოვიდგენდით, თუკი თქვენთან ამ წერილის გამოგზავნა მომიხდებოდა. არასოდეს მიყვარდა პროვოკატორი და მუდამჟამს საპროტესტო წერილების დამწერი ხალხი, მაგრამ როგორც ხედავთ, შევიცვალე შეხედულება და ამ წერილით მინდა სულ რამდენიმე კითხვა დაგისვათ. ვიცი ამ კითხვებზე პასუხის გაცემით თავს არ შეიწუხებთ, მაგრამ თუკი წერილი ჯერ კიდევ არ გადაგიხევიათ, მაქვს იმის იმედი, რომ ჩემს დასმულ კითხვებს მინიმუმ ბოლომდე ჩაიკითხავთ.
პირველ ყოვლისა, მინდა გკითხოთ, როგორი გრძნობაა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლა? რასაკვირველია შარშანდელი ფინალისტობის შემდეგ თქვენთვის მერვედფინალში თამაში განსაკუთრებულად დიდ მიღწევად უბრალოდ არ და ვერ ჩაითვლება, მაგრამ როდესაც თვით განგების ძალაც კი ზურგის ქარივით უკნიდან გაწვებათ, მაშინ მერვედფინალს ალბათ სულ სხვა სურნელი აქვს არა?!
მე არ მინახავს ”მარსელი”-”ბორუსიას” შეხვედრა. ან რატომ უნდა მენახა, როდესაც მეც სხვა ნეაპოლელების მსგავსად “სან პაულოს” ტრიბუნაზე ვიჯექი და ”ნაპოლის” წარმატებას შევთხოვდი უფალს. მაგრამ, რატომღაც მჯეროდა, რომ სულ ცუდადაც რომ გეთამაშათ, ”ზურგის ქარი” მაინც თქვენსკენ იქნებოდა და ვაი რომ მართალი აღმოვჩნდი.
როგორც უკვე გითხარით, თქვენი გუნდისა და ფრანგების შეხვედრა არ მინახავს (ტელევიზორში საფეხბურთო მიმოხილვები საერთოდ მძულს) და არც ის ვიცი, მარსელელებს ფეხბურთელი დამსახურებულად გაუძევეს თუ არა, მაგრამ როდესაც ”ნაპოლის” მუდმივ უიღბლობასა და თქვენი გუნდის ჩემთვის გაუგებარი იღბლიანობის სერიას წარმოვიდგენ, კარგზე არასოდეს მეფიქრება. მინდა, ერთხელ მაინც ჩამოვიდე თქვენს ქალაქში და ვნახო ის ჯადო-თილისმა, რამაც მიუხედავად იმისა, რომ წელს ”ბორუსია” დიდი ვერაფერიშვილი გუნდია (შარშან უდავოდ უკეთესი გუნდი გყავდათ), მაინც მერვედფინალში გადაისროლა.
თქვენ ძალიან ნიჭიერი კაცი ხართ ჰერ კლოპ და ვიცი, მრავალი ტაქტიკა და სტრატეგია გიტრიალებთ თავში. ამასწინათ გაზეთში ისიც ამოვიკითხე, რომ ამ ზაფხულს რამდენიმე დღე თქვენს ოთახში ჩაკეტილხართ და შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩანაწერი სულ წუთ-წუთობით გაგიშიფრავთ და მერე სათანადო დასკვნებზეც გისაუბრიათ ფეხბურთელებთან. ჰოდა, როგორც ნიჭიერ (და ალბათ მეტ-ნაკლებად ობიექტურ) კაცს მინდა გითხრათ, რომ წელს ჩვენი გუნდი თქვენსას აშკარად ჯობდა და მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდში ”ნაპოლის” მართლაც დამსახურებულად მოუგეთ, ეგებ აღიაროთ, რომ ამ დროისათვის თქვენზე კარგი გუნდი გვყავს!
ახლა წუწუნს არანაირი აზრი არა აქვს და თქვენი წარმატების ფონზე ერთი რიგითი ნეაპოლიტანელი კაცის სიტყვები ალბათ სასაცილოდაც კი გამოჩნდება, მაგრამ ვინც ყველაზე მეტად გიყვართ იმას გაფიცებთ – ცოტათი, სულ ცოტათი მაინც არ გრძნობთ თავს უხერხულად?...