ჩემს ბავშვობაში როდესაც რუსეთის რუკას დავხედავდი, თვალი ყოველთვის ზემოთ, ჩრდილოეთისაკენ გამირბოდა. იქ ხომ თვალუწვდენელი ტყეები და თოვლით დაფარული ჰორიზონტები მეგულებოდა. მაგრამ, აბა რას ვიფიქრებდი მთელს რუსეთში ყველაზე ლამაზი და თვალწარმტაცი მხარე სამხრეთში თუ იქნებოდა. ერთი კვირის წინ მე ვნახე ქალაქი სოჭი თავისი კრიალა ზღვითა და დიდებული მთებით და მივხვდი, თუ რატომ ეპოტინება რუსეთი კავკასიას ასე ძალუმად და თავგამოდებით...
გლორია, იმედია მომიტევებ ამდენი ხნის მანძილზე წერილის მოწერა რომ ვერ შევძელი, რადგან რუსეთში ხეტიალმა სულ ამომიგდო თავიდან ყველა საფიქრალი და თან ისიც კარგად იცი, რომ წერილების მოწერა მაინცა და მაინც არ მიყვარს. სოჭში ყოფნისას კი, წერილის მოწერის არც სურვილი მქონდა და არც შესაძლებლობა. სოჭში სრულიად შემთხვევით დავესწარი სარაგბო მატჩს, სადაც ერთმანეთს რუსეთისა და საქართველოს ნაკრებები ხვდებოდნენ და ცხოვრებაში პირველად გადავწყვიტე, რომ სპორტის ამ სახეობაზე მომავალში უფრო მეტი გავიგო.
გლორია, ალბათ გაგებული გექნება საქართველოსა და რუსეთს შორის მტრობის ამბავი და 5 წლის წინ რაც ხდებოდა კავკასიაში - ისიც გეცოდინება. სწორედ ამის გამო გამიჩნდა ინტერესი ცხოვრებაში პირველად სარაგბო შეხვედრა მენახა და ასეთი ემოცია მაშინაც კი არ მიმიღია, ჩემმა ძმამ - ფრანჩესკომ, კარტინგების რბოლაში რომ გაიმარჯვა.
ქართველებმა ეს შეხვედრა მოიგეს, მაგრამ აქ მხოლოდ სპორტული მხარე არაა მნიშვნელოვანი. სოჭი იმ რეგიონს ესაზღვრება, რომელიც რუსეთმა საქართველოს ამ ცოტა ხნის წინ წაართვა და არ მეგონა სოჭელი ქართველები ასე უშიშრად და გულით თუ უგულშემატკივრებდნენ თავიანთ ნაკრებს. ქართველების ღრიანცელში რუსი ქომაგების ხმა არც კი ისმოდა და ეს მორაგბეებსაც გადაედოთ. თუკი რამ მინახია ამქვეყნად და დამმახსოვრებია, მათ შორის აუცილებლად დარჩება ქართველი მორაგბეების სახეები, რომლებიც გავეშებული ხარებივით დარბოდნენ და ისე იქცეოდნენ, თითქოს იმ მატჩში წყდებოდა მათი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ბედი.
როგორც ჩანს, ჩვენთან ევროპაში, უკვე მინავლებული გვაქვს პატრიოტიზმის გრძნობა და რაკი ომებიც სადღაც შორს დაგვრჩა, ვეღარ ვხვდებით იმას, რომ შეიძლება ერმა ერთ თამაშში მთელი თავისი სული და მონდომება ჩადოს. მე ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე და განვიცადე! ალბათ გახსოვს როგორი ბედნიერები ვიყავით 2006 წლის ზაფხულში, როდესაც “სკუადრა აძურა” მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. იმ დღეს ჩვენი ლამაზი სიენას ყველა რესტორანი და ლუდხანა მოზეიმე ხალხით იყო სავსე, მაგრამ როდესაც სოჭში მოზეიმე ქართველები ვნახე, სულ სხვანაირად დავინახე და ვიგრძენი სპორტში გამარჯვების ძალა და გემო.
ტრიბუნაზე გაცნობილმა უცნობმა ქართველმა ბიჭებმა ერთ-ერთი იქაური ქართველის სახლში წამიყვანეს. შენ კარგად იცი, როგორ მიჭირს კარგ ქეიფზე უარის თქმა, მაგრამ, ქართველებმა სულ სხვანაირად იქეიფეს. მღეროდნენ ყოვლად უცნაურ მრავალხმოვან სიმღერებს და ამბობდნენ მათთვის ტერიტორიულად ახლომდებარე, მაგრამ ამასთან ძალიან შორეული სამშობლოს სადღეგრძელოებს. მე გავიცანი მოხუცი ქართველი კაცი, სახელად გივი, რომელმაც ქართველი მორაგბეების სადღეგრძელოს დალევის შემდეგ თავი ვერ შეიკავა და ატირდა. მე გავიცანი 18 წლის ლადო, რომელსაც საქართველო არასოდეს უნახავს და თავისი ნახატები მაჩვენა, სადაც საქართველოში მდებარე მთები და ტაძრები იყო გამოსახული. მე გავიცანი მოხუცი ბებო, სახელად ანიჩკა, რომელმაც თავისი ხელით მოქსოვილი ულამაზესი წინდები მაჩუქა. გლორია, ჩემო საყვარელო, როდესაც შვილი გვეყოლება, მინდა რომ ჩვენმა შვილმა ატაროს ეს წინდები მოსაგონრად იმ ხალხისა, რომლებიც არავის არ გვანან დედამიწაზე!
პ.ს. ზეგ უკვე იტალიაში ვიქნები და ამ თვეშივე უნდა დავიწყოთ ფულის გროვება, რათა ზაფხულში საქართველოში ჩავიდეთ. მე უკვე უნახავად მიყვარს ეს უცნაური და საოცარი ქვეყანა!