ფეხბურთი

6:32 | 15.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

წარსული დიდება აწმყოს წინააღმდეგ

“ჩელსის” და “ბენფიკას” ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორია აქვთ. პორტუგალიური კლუბი ევროთასების ფინალში გასვლას მე-20 საუკუნის მე-2 ნახევარში ახერხებდა, ხოლო “ჩელსი” თავს გასულ ათწლეულში მიღწეული წარმატებებით იწონებს. დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯერ კიდევ მოქმედი გამარჯვებული იმ გუნდს დაუპირისპირდება, რომელსაც ევროტურნირის ფინალში მასზე მეტჯერ უთამაშია. თუმცა, კონტინენტის მასშტაბის ტურნირის გადამწყვეტ მატჩში “ბენფიკა” მონაწილეობას 1990 წლის შემდეგ პირველად მიიღებს.

მატჩს ძალზე ცუდ განწყობაზე ხვდება “ბენფიკა”. პორტუგალიურმა გუნდმა, შიდა ასპარეზზე, პირველი 28 მატჩი წაუგებლად ჩაატარა, მაგრამ 29-ე ტურში კონკურენტ “პორტუსთან” დამარცხდა და გათამაშების დასრულებამდე 1 ტურით ადრე, მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

საპირისპირო სურათი გვაქვს “ჩელსის” შემთხვევაში. პრემიერლიგის გასულ ტურში მოგებით, ლონდონელებმა, შეიძლება ითქვას, ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს.

გუნდების უერთიერთდაპირისპირების ისტორია მხოლოდ 2 მატჩს ითვლის. ორივე შეხვედრა “ჩელსის” გამარჯვებით დასრულდა. გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, ლონდონელებმა სტუმრად 1:0 და შინ 2:1 იმარჯვეს. იმ მატჩებში გოლები კალუმ, ლემპარდმა, მეირელეშმა და ხავი გარსიამ გაიტანეს. დღეს, ძველ გუნდში მხოლოდ ლემპარდი თამაშობს.

ინგლისურ გუნდებთან ჩატარებულ 31 თამაშში “ბენფიკას” 10 მოგება, 5 ფრე და 16 მარცხდი დაუგროვდა. ბურთების შეფარდება – 42:54.

ძალზე კარგი შედეგი აქვს “ჩელსის” პორტუგალიის წარმომადგენლებთან. ჩატარებული 8 თამაშიდან ლონდონელებმა 6 მოიგეს, ხოლო თითო ფრედ დაასრულეს და წააგეს. ბურთების შეფარდება – 12:6.

შეხვედრის განსჯა UEFA-მ ბიორნ კუიპერსს ანდო. ჰოლანდიელი “ჩელსისთვის” იღბლიანი არბიტრია, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით “ბენფიკაზე”. პორტუგალიელებმა კუიპერსის მონაწილეობით გამართული ორივე თამაში წააგეს. პირველად ეს 2008 წელს, უეფას თასის პირველ ეტაზე მოხდა, როდესაც “ბენფიკა” იტალიაში “ნაპოლისთან” 2:3 დამარცხდა. შემდეგი წაგება ინგლისურ გუნდთან იყო. 2010 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, ლისაბონელები “ლივერპულთან” 1:4 განადგურდნენ.

“ჩელსიმ”, კუიპერსის განსჯილი 3 შეხვედრიდან 2 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მადრიდში, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ, ლონდონელებმა 2:2 ითამაშეს. 2010 წელს, კვლავ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “არისტოკრატებმა” “ზილინა” გასვლაზე 4:1 გაანადგურეს. იმავე გათამაშების 1/8-ფინალში, დანიაში, “ჩელსიმ” კოპენჰაგენი 2:0 დაამარცხა.

“ბენფიკა” მატჩს უდანაკარგოდ ხვდება. სამაგიეროდ, პრობლემები აქვს “ჩელსის”. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ედენ აზარი. დიდი ალბათობით, იგივე ბედს გაიზიარებს ჯონ ტერი. რაც შეეხება დემბა ბას, მას “ჩელსის” მაისურით ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს.

  • “ბენფიკა” ევროტურნირის ფინალში მეცხრედ ითამაშებს;
  • “ბენფიკამ” ევროტურნირის ბოლო 6 ფინალი წააგო;
  • ინგლისურ გუნდთან გამართული ერთადერთი ფინალი “ბენფიკამ” 1:4 წააგო;
  • ინგლისურ გუნდებთან ჩატარებულ ბოლო 10 თამაშში ოსკარ კარდოსომ 8 გოლი გაიტანა;
  • “ბენფიკას” ევროტურნირებზე 362 თამაში აქვს ჩატარებული. ეს “ჩელსის” მატჩების რაოდენობაზე ზუსტად 2-ჯერ მეტია;
  • 2 ევროთასიდან ერთი “ბენფიკამ” ამსტერდამში მოიგო. 1962 წელს, “ბენფიკასა” და “რეალს” შორის ჩემპიონთა თასის ფინალში გამართულ მატჩს (5:3) ამსტერდამის ოლიმპიურმა სტადიონმა უმასპინძლა;
  • “ბენფიკამ” ევროტურნირებზე ჩატარებული ბოლო 11 თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო;
  • “ბენფიკას” 22 წლის თავდამსხმელს, ედუარდო სალვიოს ევროპის ლიგაზე ყველაზე მეტი, 32 თამაში აქვს ჩატარებული. მას შანსი აქვს გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელიც ევროპის ლიგას მესამედ მოიგებს. პირველ ორ შემთხვევაში მან წარმატებას მადრიდის “ატლეტიკოსთან” ერთად მიაღწია;
  • “ჩელსის” შანსი აქვს გახდეს პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა თასის მოგების შემდეგ, მომდევნო სეზონშივე, უეფას თასსაც მოიგებს;
  • თუ დღეს “ჩელსი” მოიგო, ეს გუნდი გახდება პირველი, რომელიც 2 ევროპული თასის მფლობელი ერთდროულად იქნება;
  • “ჩელსი” ევროტურნირის ფინალში მეხუთედ ითამაშებს. წინა 4 მცდელობიდან, ლონდონელებმა 3 ფინალი მოიგეს;
  • “ჩელსიმ” ევროპის ლიგის ბოლო 5 თამაშიდან 4 მოიგო;
  • “ჩელსის” ბრაზილიელი ფეხბურთელები დავიდ ლუისი და რამირესი ლონდონურ გუნდში “ბენფიკადან” გადავიდნენ;
  • რაფაელ ბენიტესს შანსი აქვს გახდეს მე-2 მწვრთნელი, რომელსაც უეფას თასი ორ გუნდთან ერთად აქვს მოგებული. 2004 წელს, მან ეს თასი “ვალენსიას” მოაგებინა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბენფიკა (4-2-3-1): არტური, პერეირა, ლუიზაო, გარაი, მელგარეხო, მატიჩი, პერესი, სალვიო, ლიმა, გაიტანი, კარდოსო.

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ასპილიკუეტა, კეჰილი, ივანოვიჩი, კოული, ლუისი, რამირესი, ოსკარი, მატა, მოზესი, ტორესი.

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).

0.115336