ოსაკას ფიზკულტურისა და სპორტის სასახლეში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მეექვსე დღე უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ქართველებისთვის წარმატებული გამოდგა. ტოჩინოშინის შიკონათი მოასპარეზე ლევან გორგაძემ და კოკაიდ წოდებულმა ლევან ცაგურიამ მეოთხე გამარჯვებები იზეიმეს და დადებითი ბალანსი ორ ქულამდე გაზარდეს.
დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდების მქონე 22 წლის ტოჩინოშინიმ მე-5 მაეგაშირა ტოიოჰიბიკი მოისროლა დოჰიოდან, ხოლო 29 წლის კოკაიმ, რომელიც მარტის ბაშოზე მე-14 მაეგაშირად იწოდება, მაკუუჩის უმსუბუქეს გოლიათს, 128-კილოგრამიან მონღოლს, მე-9 მაეგაშირა ჰაბუკას სასტარტო შეტევით აჯობა.
უმაღლეს დივიზიონში მოჭიდავე თანამემამულეებს მხარი ვერ აუბა მეორე, ძურიო დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუმ, თეიმურაზ ჯუღელმა. ელიტაში ასვლის ერთ-ერთმა უმთავრესმა კანდიდატმა საგაზაფხულო ტურნირზე მესამე მარცხი იწვნია. 23 წლის ქართველისთვის დაუძლეველი ბარიერი მონღოლი სოკოკურაი აღმოჩნდა.
ჰარუ ბაშოს ექვსი დღის თავზე, იმპერატორის თასისკენ ქულადაუკარგავად ოთხი “დევკაცი” მიიწევს – იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკი ჰარუმაფუჯი, სეკივაკე ბალტი და მე-13 მაეგაშირა ტოკიტენკუ. ხუთი დღის შემდეგ ერთპიროვნულ ლიდერთა მარაქაში მე-3 მაეგაშირა კოტოშოგიკუც იყო, მაგრამ მეექვსე დღეს წაიფორხილა.
მეშვიდე ტური ხვალ ჩაჭიდავდება. ტოჩინოშინის მეტოქე 29 წლის ტაკეკაძე იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ორქულიანი უარყოფითი ბალანსი აქვს. კოკაი კი თავისსავით 4-ქულიან, 167 სანტიმეტრი სიმაღლის საგაცუკასას დაუპირისპირდება.
ოსაკას ტურნირი ტრადიციულად, 15 დღეს მიმდინარეობს და 28 მარტამდე გასტანს.
ოთარ მაღლაკელიძე







