პარასკევ საღამოს გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა “მიხეილ მესხის” სტადიონიდან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები აეროპორტში გააცილეს. მოგეხსენებათ, გია ცეცაძის გუნდი ლიტვაში გასამართ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. ბიჭები სტადიონზე კოსტიუმებში გამოწყობილნი მოვიდნენ და საკმაოდ თბილ ატმოსფეროში იურთიერთეს მედიასთან და ქომაგებთან. მართლაც შთამბეჭდავი შეხვედრა იყო, მათ მსურველებთან ფოტოებიც გადაიღეს, ინტერვიუები მისცეს და ავტოგრაფები დაარიგეს. ქართულ სინამდვილეში ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ასეთ ახლო ურთიერთობას იშვიათად ნახავთ. ბიჭები საბრძოლოდ მზად არიან და მინიმუმ ნახევარფინალში გასვლას გეგმავენ.
ნიკა ჩხეიძე (სფფ-ის ტექნიკური დირექტორი): “ღამე მივფრინავთ ლატვიის დედაქალაქ რიგაში, სადაც ბიჭები 10-დღიან შეკრებას გაივლიან და ადგილობრივ თანატოლებთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ. 16-ში წავალთ ლიტვაში. ჩვენ, საფრანგეთი, სერბეთი და პორტუგალია ერთ სასტუმროში ვიცხოვრებთ. ჩვენ და ესპანეთს გამოგვიყვეს ცალკე სავარჯიშო მინდვრები, დრო უკვე შევათანხმეთ. პარასკევს კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი მოხდა, არჩილ არველაძე სფფ-ის სპორტული დირექტორი გახდა და ჩვენს დეპარტამენტთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.”
არჩილ არველაძე (სფფ-ის სპორტული დირექტორი): “ერთი ეტაპი უკვე წარმატებით გავიარეთ. უკვე დიდი მიღწევაა, რომ უეფას წევრი 55 ქვეყნიდან საუკეთესო შვიდეულში მოვხვდით. მასპინძელ ლიტვას არ ვგულისხმობ. წარმატება მინდა ბიჭებს ვუსურვო და ვთხოვო, ძალიან სერიოზულად მოეკიდონ საქმეს. სამწუხაროდ, ყველას არ უწევს ასეთი დონის ტურნირზე მონაწილეობა. მე, მაგალითად, პირველ ნაკრებში კარგა ხანს ვთამაშობდი, მაგრამ ახალგაზრდულ ტურნირებში მონაწილეობა ვერ მივიღე, რადგან მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობა ახალი მოპოვებული ჰქონდა და ფიფა-უეფას წევრები არ ვიყავით. ამიტომ ვთხოვ ბიჭებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. ლიტვაში წარმატებით გამოსვლა მათი მომავლი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.”
ეკა ელოშვილი (ასაკობრივი ნაკრებების მედიაოფიცერი): “უკვე 18 ივლისიდან დაგეგმილია მსაჯებთან და დელეგატთან შეხვედრა, რომელიც ფეხბურთელებს სემინარს ჩაუტარებს და სხვადასხვა ნიუანსებს აუხსნის. 19-ში ჩვენს სასტუმროში გაიმართება მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელების მატჩისწინა პრესკონფერენციები. უეფას ოფიციალური ვებგვერდისთვის ჩატარდება ფოტოსესია, როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური.”
გია ცეცაძე (19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “განწყობა საბრძოლოა. ისეთი, როგორიც ქათველ კაცს ეკადრება. პროგრამა-მინიმუმი ნახევარფინალში გასვლაა, ამის თქმის საბაბს მეტოქეების შესწავლის შემდეგ მიღებული შთაბეჭდილება მაძლევს. ვეცდებით, ჩვენი წარმატებული თამაშით გულშემატკივარი გავახაროთ.”
ბუდუ ზივზივაძე (“დინამო” თბილისი): განწყობა, რა თქმა უნდა, საბრძოლო გვაქვს, მთელი ქვეყანა გვნახავს ტელევიზიით და გულშემატკივრები არ უნდა გავაწბილოთ. იოლი ჯგუფი არ არის, მაგრამ შევეცდებით დავძლიოთ ეს ეტაპი და მერე ფინალამდეც მივიდეთ.”
ნიკა ჭანტურია (“ტორპედო” ქუთაისი): უპირველესად, გულშემატკივარს ბრძოლას, ქართული ხასიათის გამოვლენას ვპირდებით. ვიტყვი, რომ უბრალოდ მონაწილეობის მისაღებად არ მივდივართ. საფეხბურთო თვალსაზრისით, ბოლო დროს გამარჯვებებით განებივრებული არ ვართ დაYყველაფერს გავაკეთებთ ქართველი გულშემატკივრის გასახარად”.
შეგახსენებთ, რომ “ბ” ჯგუფში ქართველების მეტოქეები საფრანგეთი, სერბეთი და თურქეთი არიან. ახალგაზრდა “ჯვაროსნებს” ლიტვის ორ ქალაქში - ალიტუსსა და მარიამპოლში მოუწევთ თამაში. პირველ მატჩს კი 20 ივლისს ფრანგების წინააღმდეგ გამართავენ.